00:46 - 29 Jan, 2020
2020-01-15 10:24:35, 195 ნახვა

საზოგადოება/
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 5 კანდიდატი წარედგინა

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ხუთი კანდიდატი წარედგინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

„პირველი კანდიდატი −  ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი  გრიგოლ გაგნიძე  წარადგინეს  ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ ,,ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახური",  ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია",  ა(ა)იპ  ,,სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი" და ა(ა)იპ ,,,მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო". 

მეორე კანდიდატი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი  რაულ გამისონია, წარადგინა შპს ,,ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა.

მესამე კანდიდატი − შპს ,კავკასიის უნივერსიტეტის" კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი  სოფიო შენგელია  წარადგინა  შპს ,,კავკასიის უნივერსიტეტმა".  

მეოთხე კანდიდატი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის" ადვოკატი პაატა გაბელია წარადგინა ა(ა)იპ  „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა".

მეხუთე კანდიდატი -  შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის" იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი წარადგინა ა(ა)იპ  „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა". 

საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე   http://pc.gov.ge/   აიტვირთება.

,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად,     გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენლებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მესამედ შეარჩევს. ამ ფორმატით პირველი არჩევნები 2015 წელს გაიმართა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics