03:51 - 08 Dec, 2019
2019-11-08 10:13:48, 633 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ჩემი პოზიცია დღესაც არის იგივე, რომ მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი

„დაახლოებით ერთი თვის წინ დამისვეს კითხვა დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით და  მაშინ ვთქვი, რომ მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი. ჩემი პოზიცია დღესაც იგივეა და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან და იმედით ველოდები, რომ უფრო მეტად ადრე, ის მიიღებს დაზარალებულის სტატუსს",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისის მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაკო გომურის ისტორია მისთვის მძიმე, ადამიანური ისტორიაა. მისივე თქმით, 20 ივნისს დაშავებული მოქალაქეები ხელისუფლებას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„ახალგაზრდა ადამიანმა, ჩემმა თანატოლმა დაკარგა თვალი, მიიღო ძალიან მძიმე დაზიანება. პირდაპირ გეუბნებით, როდესაც ვსაუბრობთ მასზე და იმ ადამიანებზე, ვინც იქ დაზარალდნენ -  ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე, პოლიციელებზე, პირდაპირ გეუბნებით, რომ  თმები მიდგება ყალყზე და  ძალიან განვიცდი.  პირველ რიგში რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო ის, რომ ამ ადამიანებს დავხმარებოდით და მათი სრული რეაბილიტაცია მომხდარიყო. მაკო გომურმა  მიიღო სრული  ყურადღება და დახმარება რაც ჩვენ შეგვეძლო. თუ რამე სჭირდება კიდევ, გვითხარით და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ამ ადამიანებს, მაგრამ უყურადღებოდ ჩვენ არ დაგვიტოვებია. ვერავინ ვერ იტყვის, რომ უყურადღებოდ დავტოვეთ. არ ყოფილა ასე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული სამართალდამცავების პატიმრობიდან გათავისუფლებასაც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფომ, პირველ რიგში, თავის მხარეს გადაამოწმა.

„თუ სამართლიანი უნდა იყოთ და ობიექტურად გინდათ ამის შეფასება, მოდით სიმართლე ვთქვათ. ის ადამიანებიც გაათავისუფლეს, ვინც ძალადობრივ შეტევაში მონაწილეობდა და პოლიციელებს ურტყამდა.  ნაწილი ციხეშია, მასე პოლიციელების ნაწილიც პასუხისგებაშია მიცემული და მაღალჩინოსნები გადაყენებული. პასუხისმგებლობა სახელმწიფომ პირველ რიგში თავის მხარეს გადაამოწმა. პირველ რიგში გამოძიება დაიწყო პოლიციელების წინააღმდეგ. გამოუშვეს ჯერ ის ხალხი, ვინც ძალადობრივ შეტევაში მონაწილეობდა. ჩვენ გავითვალისწინეთ საზოგადოების აზრი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა იგეგმებოდა და ფაქტია ისიც, რომ არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო  არ მოითმენს და მხარს არ დაუჭერს იმას, რომ მის კონსტიტუციურ ინსტიტუტზე ძალადობრივი შეტევა განხორციელდეს.

„რა უნდა ექნა შინაგან საქმეთა მინისტრს. სახელმწიფო უნდა ჩაებარებინა ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის, ვინც გადატრიალებას გეგმავდა, პარლამენტზე შტურმით შეტევას გეგმავდა? ასეთი შინაგან საქმეთა მინისტრი გინდათ თქვენ, რომ გყავდეთ მთავრობაში? თუ არ გინდათ, მაშინ რატომ აკრიტიკებთ? როდესაც თქვენ მეუბნებით დაზარალებულ ახალგაზრდებზე, ეს დაზარალებული ახალგაზრდები არა მხოლოდ ძალის გადამეტების შედეგად დაზარალდნენ, იმიტომაც დაზარალდნენ, რომ ამ კონკრეტულმა რამდენიმე პოლიტიკოსმა უპასუხისმგებლობა გამოიჩინა და გამოიყენეს ახალგაზრდების მშვიდობიანი პროტესტი თავისი პარტიული ინტერესებისთვის. აი ეს იყო რეალობა",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics