21:23 - 28 Feb, 2020
2019-09-11 11:49:00, 668 ნახვა

საზოგადოება/
თეა წულუკიანი აშშ-ის გენერალურ პროკურორს შეხვდა

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.  

როგორც თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის დარგობრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ურთიერთობების კუთხით. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში ოჯახში ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის; იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პენიტენციური და სამართალდამცავი სისტემის მხარდასაჭერად იჩენდა.

 თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში და ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ამჟამად საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ, რომელიც სპეციალური სერვისების შეთავაზებით, პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზეა ორიენტირებული. თეა წულუკიანმა, აგრეთვე, ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ექსტრადიციის სფეროში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რითაც ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი პარტნიორობა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics