19:15 - 08 Dec, 2019
2019-11-19 15:02:39, 342 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის

„მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, თუმცა თვლის,  რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია.

„მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, ჩვენ ვთვლით, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია - პირიქით, სინანულს უნდა განვიცდიდეთ ამ სტრატეგიული შეცდომის გამო. და ჩვენ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ მცდარი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის.

ჩვენ ხომ წესად გვაქვს - ხალხის გარდა ყველას ვკითხოთ, რა ურჩევნია ხალხს. ამიტომ ვეკითხებით პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, არასამთავრობოებს, მედიას, მაგრამ არა საკუთრივ ხალხს.

მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც ცხადია არ არის უნივერსალური, აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ყველა სოციალურ-ეკონომიკური, სტრატეგიული თუ გეოპოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით.

სწორედ მაჟორიტარული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ გამარჯვებული კანდიდატი, რომლსაც ხალხი საკუთარ ნდობასა და მანდატს გადასცემს, იყოს უფრო ანგარიშვალდებული და მეტად დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, პარტიული ამოცანებისა და მიზნებისაგან და, შესაბამისად, გამოხატავდეს და ახორციელებდეს ხალხის ინტერესებს.

ამ და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს.

და ბოლოს, გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების იდეა წარმოადგენს უშუალოდ ჩვენს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას და ის ჯერჯერობით არ არის განხილული და, მითუმეტეს, შეთანხმებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდთან. თუმცა, გვჯერა, რომ სწორედ ჩვენს გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობების პირობებში, შევძლებთ თანაგუნდელების დარწმუნებას ჩვენი ინიციატივის მართებულობაში, მის დროულობასა და აუცილებლობაში“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics