08:56 - 09 Dec, 2019
2019-11-06 15:56:48, 8494 ნახვა

სხვადასხვა/
„არ მშურს იმ მოსწავლეების, ვისაც დედაჩემი ასწავლიდა, რადგან მეც საოცარი მასწავლებელი მყავდა“ - ცნობილების გამორჩეული მასწავლებლები

მისი ერთი ფრაზა, ქცევა თუ შეფასება, შესაძლოა, მოზარდის მთელი შემდგომი ცხოვრების განმსაზღვრელი გახდეს. მისი დამოკიდებულება, - ადამიანებთან ურთიერთობის განმაპირობებელი, მისი ცხოვრების წესი, -  მაგალითი თითოეული აღსაზრდელისთვის... მას შეცდომის დაშვების უფლებაც არ აქვს... ის მასწავლებელია და თითოეული ადამიანის გულში თავისი, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

თითოეულ ჩვენგანს ჰყავს მასწავლებელი, რომელმაც თავი დაამახსოვრა და მისი ცხოვრებაც, გარკვეულწილად, შეცვალა.

სხვადასხვა პროფესიის ცნობილი ადამიანები "ექსპრესნიუსთან" თავიანთ მასწავლებლებზე საუბრობენ:  

 ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი თავის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მასწავლებლის ეტალონად მიიჩნევს და თვლის, რომ ქვეყნად ყველაზე უკეთესი მასწავლებელი ჰყავდა. გული წყდება, რომ მისი ნახვა იმ დროს მოინდომა, როცა უკვე ძალიან გვიანი იყო:

„მე მყავდა, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესი მასწავლებელი, ისეთი, როგორის წარმოდგენაც კი, ალბათ, არ შეიძლება. ეს იყო ქალბატონი ნანა ღლონტი, რომელიც მაღალ კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა. ის იყო აბსოლუტურად გამორჩეული ფიგურა, ულამაზესი და რთული ბედის ქალი, რომელიც იმ პერიოდში არ ემორჩილებოდა საბჭოთა კავშირის წესებს. მას შეეძლო, რომ მასალა, რომელიც არ მოსწონდა, საერთოდ არ აეხნა. მაგალითად, ეგნატე ნინოშვილზე შეიძლება არ დაეხარჯა დრო და ის საათები გალაკტიონისთვის ეჩუქებია. ამის გაკეთება ეკრძალებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ებძოდნენ, მაინც ახერხებდა და თავს ინარჩუნებდა. ჰქონდა უმაღლესი ცოდნა, თბილი და ახლო დამოკიდებულება ბავშვებთან და ისეთ ესთეტიკურ გაკვეთილებს ატარებდა, რომლის მსგავსიც მე არავისგან გამიგია. ყოველ შემთხვევაში, ვისთანაც მისაუბრია, მსგავსი ინფორმაცია სხვისგან არ მაქვს. ნანა მასწავლებელიმა უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, ჩემს პროფესიულ არჩევანზე და ჩემს ცხოვრებაზეც... როცა ძალიან მომინდა მისი ნახვა, უკვე გვიანი იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, მე მას, ფაქტობრივად, აღარ შევხვედრივარ, რადგან უკვე სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით. თუმცა ჩემთვის, ნანა ღლონტი მასწავლებლის ეტალონად დარჩა. მე თვითონ, მასწავლებლის ოჯახში გავიზარდე, დედა მასწავლებელი იყო, რასაც მისი მოსწავლეები და მათ შორის, ჩემი მეუღლეც, რომელიც ასევე მისი მოსწავლე იყო,  ხშირად ისხენებენ. მე ვიცი, რომ დედა კარგი მასწავლებელი იყო, მაგრამ არასდროს შემშურებია მისი მოსწავლეების, რადგან თავადაც ძალიან გამორჩეული, საოცარი და განსხვავებული მასწავლებელი მყავდა, რომლის თავისუფლების ხარისხიც, იმ პერიოდში, იყო წარმოუდგენელი. შემდომში, კიდევ შემხვდა ასეთი მასწავლებელი უმაღლეს სასწავლებელში, თინათინ ყაუხჩიშვილის სახით, მაგრამ ეს უკვე სხვა დრო იყო“.

მომღერალ ზუკა ხუციშვილს ბავშვობიდან მხოლოდ პოზიტიური დეტალები დაამახსოვრდა, პირველი დამრიგებელი კი, - განსაკუთრებით. თვლის, რომ პედაგოგი მხოლოდ „მასწავლებლური“ კი არა, მეტად მშობლიურიც უნდა იყოს:  

„ბავშვს მაინც, უფრო მეტად, პოზიტიური დეტალები ამახსოვრდება, ის წვრილმანები, რაც ერთ დროს შეიძლება ცუდად ეჩვენებოდა, მალევე ავიწყდება. უფრო პოზიტიური დღეები რჩება ბავშვის მეხსიერებაში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მოსწავლესა და მასწავლებელს. განსაკუთრებით პოზიტიურად მახსენდება ჩემი პირველი დამრიგებელი 55-ე სკოლიდან, ინეზა ცერცვაძე, რომელსაც შვილებივით ვყავდით და ვთვლი, რომ  დამრიგებლის დამოკიდებულებაც ბავშვების მიმართ, ასეთი უნდა იყოს, არამხოლოდ „მასწავლებლური“, - ცოტა დედობრივიც! სწორედ ასეთი იყო ინეზა მასწავლებელი, რომელიც არამხოლოდ განათლებას გვაძლევდა, ცხოვრებას და ურთიერთობებს გვასწავლიდა. მახსოვს, როდესაც რამეს დავაშავებდით, ძალიან თავისებურად და თბილად წყვეტდა ჩვენს იმ პატარ-პატარა პრობლემებს, რაც, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს აქვს... ახლახანს ბანკეტი გვქონდა, სკოლის დამთავრების 10 წლისთავი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენს გვერდით ის მასწავლებლები ყოფილიყვნენ, რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენს განვითარებაში. ამიტომ ეს დღე მათთან ერთად აღვნიშნეთ. ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა, რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კითხვა და ამიტომაც, ყოველთვის ვირჩევდი ადგილს უკანა მერხზე, სადაც ჩუმად წავიკითხავდი რასაც მინდოდა და ვერავინ დამინახავდა. სკოლაში მხოლოდ სასწავლო წიგნები არ დამქონდა, სხვა უამრავ წიგნსაც ვატარებდი, საკითხავ ლიტერატურას.  სკოლა და მასწავლებელი ჩემთვის განათლებასა და განვითარებასთან, ასევე, უამრავ პოზიტიურ მოგონებასთან იყო ასოცირებული და ყოველთვის ასე იქნება.“

მსახიობი ნინო ლეჟავა უფლის მადლიერია, რადგან ისეთ მასწავლებლებს შეხვედრა, რომლებმაც პროფესიასთან ერთად, ცხოვრება ასწავლეს:

„სკოლის პერიოდიდან მყავდა ისეთი მასწავლებლები, რომლებიც საგნის გარდა ცხოვრებას, ურთიერთობებს, მეგობრობას გვასწავლიდნენ. არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, რომლებიც ისე გვიხსნიდნენ ქართულს, ისტორიას თუ სხვა საგნებს, რომ შემდგომ ცხოვრებაშიც გამოგვდგომოდა. თუმცა, როცა უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი, ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ქალბატონი ლილი იოსელიანი, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი თვალთახედვა, დამოკიდებულებები, მასწავლა როგორ გადამელახა სირთულეები, პროფესიასთან ერთად, უამრავი რამ მასწავლა.... ეს ყველაფერი არის ქალბატონი ლილი იოსელიანის დამსახურება და მე სამყაროსი, განგების, უფლის მადლობელი ვარ, რომ ამ ადამიანს შემახვედრა. მათ შორის, ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი აქვს მისივე ასისტენტს, ქალბატონ გულსუნდა სიხარულიძეს. ეს ორი ადამიანი,  ლილი იოსელიანი და გულსუნდა სიხარულიძე, იყო საოცრება, გურუ და ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში“.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძეს ბევრი გამორჩეული მასწავლებელი ჰყავდა, თუმცა, მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ქართულის მასწავლებლს მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს და თვლის, რომ სკოლაში აქცენტი მოსწავლის პიროვნულ აღზრდაზე უნდა კეთდებოდეს:

„ბევრი ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, მაგრამ მათ შორის, რა თქმა უნდა, იყვნენ გამორჩეულებიც. მყავდა საუკეთესო ქართულის მასწავლებელი ფატი დადიანი, ცნობილი მწერლის, ჭოლა ლომთათიძის დის შვილი, მწერალთა გარემოცვაში აღზრდილი ნიჭიერი და პრინციპული ადამიანი. რაიონში ისეთი სახელი ჰქონდა, ვაგლახად ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა. ისეთი ძლიერი ქალი იყო, რომ როცა „წიგნი ფიცისა“ გავიდა პირველად და მის სანახავად სკოლიდან კინოთეატრში წაგვიყვანეს, ამ ქალმა აგვაყენა და მთელი კლასი დარბაზიდან გაგვიყვანა, ამ ფილმის ყურება არ შეიძლებაო, გვითხრა. ასეთი ადამიანის გავლენის ქვეშ რომ გავიზარდე, ეტყობა, ამან ჩემს პიროვნულად ჩამოყალიბებაში, ძალიან დიდი როლი ითამაშა. ბევრი რამ ვისწავლე მისგან, თუნდაც ის, რომ არ ვერიდები, თავისუფლად გამოვხატო საკუთარი აზრი და შეხედულებები... მყავდა ძალიან კარგი მათემატიკის მასწავლებელი, ქიმიის მასწავლებელი, რომელიც ასევე, ჩვენი დამრიგებელი იყო და საგნის გარდა, ადამიანურ ურთიეთობებსაც გვასწავლიდა. მაშინდელი სკოლა იყო ძალიან კარგი იმ გაგებით, რომ სწავლის გარდა, აქტიურად ვიყავით ჩართული სპექტაკლებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაში. მე ვფიქრობ, რომ პიროვნების ჩამოყალიბებაში სკოლა ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს. ცოდნას მიწოდება აღსაზრდელისთვის, თავისთავად, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ მივაღწიეთ ჩვენს სკოლებში იმას, რომ აქცენტი გვქონდეს პიროვნულ აღზრდაზე, პიროვნულ ჩამოყალიბებაზე. ვფიქრობ, სკოლას, მეტი ადგილი უნდა ეჭიროს ახალგაზრდების ცხოვრებაში, რაც დღევანდელ დღეს, ცოტა ძნელია, რადგან ახალგაზრდას აქვს ძალიან კომფორტული გარემო ინტერნეტის, ინფორმაციაზე წვდომის სახით. ამიტომ სკოლამ მას რაიმე ისეთი უნდა შესთავაზოს, რითაც დააინტერესებს, სხვა რამეზე უნდა გააკეთოს აქცენტი, - ერთად მუშაობაზე, ერთად გართობაზე, თანააქტივობაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე თანატოლებს შორის, რასაც ინტერნეტი ვერ შეუცვლის. ამ შემთხვევაში დაიჭერს სკოლა მოსწავლის ცხოვრებაში გამორჩეულ ადგილს“.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics