10:33 - 16 Sep, 2019
2019-09-10 12:57:37, 848 ნახვა
​კრამერი: თუ ხელისუფლება არ გამოფხიზლდება, შესაძლოა, რუსული ძალების ტერიტორიული დაწინაურების მოწმენი გავხდეთ

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსი მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს „ბორდერიზაციის“ განახლებულ პროცესზე და მისი მოქალაქეების გატაცებაზე.

ამის შესახებ კრამერმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, თუკი ხელისუფლება დროულად არ გამოფხიზლდება, ქვეყანაში შესაძლოა რუსული ძალების უფრო სერიოზული ტერიტორიული დაწინაურების მოწმენი გავხდეთ. 

"ეს აჩვენებს, რომ რუსეთის ლიდერებს სჯერათ, მათ შეუძლიათ არეულობა შეიტანონ მეზობელ ქვეყნებში და გადასწიონ საზღვრები ისე, რომ ამისთვის არანაირი საფასური არ გადაიხადონ. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, მართლებიც არიან. პუტინი არ სცემს პატივს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს, მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მას სურს იხილოს, როგორ მარცხდებიან ეს ქვეყნები დემოკრატიის გზაზე, როგორ მარცხდებიან მაშინ, როდესაც იმ ძირგამომპალი ავტორიტარული სისტემების ალტერნატივებს ეძებენ, რომელთაც ის 20 წლის განმავლობაში მართავდა. კრემლი ცდილობს აჩვენოს, რომ მას შეუძლია ძალით გაიკვალოს გზა საქართველოსკენ, შეიჭრას იქ, როცა კი მოინდომებს. ეს ასევე აჩვენებს, რომ საქართველოში საკამათო საკითხია ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოსკოვს. მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის [საქართველოს მთავრობა] კრემლისთვის ზედმეტად კომფორტულად მოქმედებს და არ უპირისპირდება რუსეთის წნეხსა და აგრესიას.  

ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერზე გაცილებით მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს. ამავე დროს, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არაა მზად, მოვიდეს საქართველოს დასაცავად - რაც ნაკლებ სავარაუდოა - მაშინ, თბილისმა „საუკეთესოდ“ უნდა გამოიყენოს ეს ცუდი და რთული სიტუაცია. თუკი ხელისუფლება ძალიან მალე რამეს არ მოიმოქმედებს, მათ შეიძლება ერთხელაც გაიღვიძონ, გამოფხიზლდნენ და რუსული ძალების კიდევ უფრო მეტი ტერიტორიული დაწინაურება იხილონ, რაც იმაზე სერიოზული საფრთხეა, რაც უკვე არსებობს. აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ფართოდ უნდა იყოს დაგმობილი და არ იყოს აღიარებული. საქართველოს ხელისუფლება კი უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდეს მისი მოქალაქეების გატაცების თაობაზე, ქართული საკუთრებისა და მიწის კონფისკაციის ინციდეტებზე, იმაზე, რაც მოსკოვის ‘ბორდერიზაციის“ პოლიტიკითაა გამოწვეული", - განაცხადა მკვლევარმა. 

მან 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში საერთაშორისო საზოგადოებას არაფერი გაუკეთებია რუსული აგრესიისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის პასუხად. 

"მოქმედი ხელისუფლების კრიტიკოსები მას მოსკოვის მიმართ ზედმეტად რბილი პოლიტიკის ქონაში ადანაშაულებენ. ამ პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითად კი ივნისში, საქართველოს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი [გავრილოვის სიტყვით გამოსვლა] სახელდება. ვფიქრობ პუტინისთვის ასეთი ხელსაყრელი პოლიტიკის გატარება, სასიკეთოდ არ იმუშავებს. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის და ესეც დამაჯერებელი რომ იყოს, საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი მოკავშირეები უნდა უმაგრებდნენ ზურგს. ეს [პასუხი] არ უნდა იყოს სამხედრო ფორმის, მაგრამ ისეთი სანქციების მოთხოვნას, როგორიც რუსეთს უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის დაუწესდა, შეიძლება ჰქონდეს ეფექტური შედეგი. ასე რომ, მე მოვუწოდებდი თბილისს იმაზე უფრო აქტიური და საჯარო პასუხისკენ, ვიდრე ის, რაც ვიხილეთ. ეჭვგარეშეა, არ დგას კითხვა იმის თაობაზე, რომ 2008 წელს საქართველოში რუსული ჯარები შეიჭრა. ეს არც არასდროს უნდა ყოფილიყო კამათის და განხილვის საგანი. ქართულ ჯარებს არ გადაუკვეთავს რუსეთის საზღვარი და არ შესულა რუსეთში. სიმართლეა ის, რომ სწორედ ამის საპირისპირო რამ მოხდა.  ზოგის აზრით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ ესეც არ ამართლებს მოსკოვს, რომ გადმოკვეთოს საზღვარი, დახოცოს ქართველები და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოხდინოს. როგორი მიუღებელიცაა ეს უკრაინაში, ისეთივე მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც. და კვლავაც, საერთაშორისო საზოგადოებას არაფერი გაუკეთებია 2008 წლის რუსული აგრესიისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის პასუხად. შესაძლოა, ამან შეუქმნა პრეზიდენტ პუტინს შთაბეჭდილება, რომ 2014 წელს უკრაინაშიც იგივეს გაკეთება შეეძლო", - განაცხადა კრამერმა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია






პროკურატურა მელიას ვერ იმორჩილებს
დღეიდან, ჟურნალისტები მთავრობის სხდომის წინ პრემიერს კითხვებს ვეღარ დაუსვამენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics