03:10 - 16 Jun, 2019
2019-05-21 11:13:08, 1927 ნახვა
NDI-ის კვლევა: ქვეყნის კურსის შეფასება ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, რომ ქვეყნის კურსის შეფასება რეკორდულად დაბალია.

მოსახლეობის 46 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25 პროცენტის აზრით კი - სწორი მიმართულებით. ამასთან, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ 48 პროცენტიდან 56 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. მოსახლეობის მხოლოდ 36 პროცენტი აფასებს მთავრობის საქმიანობას კარგად. თბილისისა და დიდი ქალაქების მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას უფრო ნეგატიურად აფასებს: 64 და 66 პროცენტი, შესაბამისად მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქვეყანას და საზოგადოებას სხვადასხვა ძალა ანაწევრებს, მათ შორის: ქვეყნის ლიდერები (68 პროცენტი), ქართული მედია (72 პროცენტი), არსებული ეკონომიკური სისტემა (73 პროცენტი), რუსეთი (73 პროცენტი) და პოლიტიკოსები (73 პროცენტი). მოსახლეობას რელიგია (62 პროცენტი) და საგანმანათლებლო დაწესებულებები (53%) გამაერთიანებელ ძალებად მიაჩნია.

გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის ლიდერების - პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის - შეფასება ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა. მაგალითად, მათ საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 20 პროცენტზე ნაკლები აფასებს. თუმცა თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობა საზოგადოების მხრიდან მოწონებით (43 პროცენტი) სარგებლობს.

მოსახლეობა ინსტიტუტებს განსხვავებულად აფასებს. მაგალითად, მოქალაქეები ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (61 პროცენტი), იუსტიციის სახლების (59 პროცენტი) და ჯარის (55 პროცენტი) საქმიანობას, ხოლო ყველაზე ცუდად მთავარი პროკურატურის (14 პროცენტი), პარლამენტისა (12 პროცენტი) და სასამართლოების საქმიანობას აფასებენ. მოსახლეობის 46 პროცენტი ფიქრობს, რომ ეკლესიას გავლენა უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, ხოლო 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკლესიას ამ პროცესებზე საერთოდ არ უნდა ჰქონდეს გავლენა.

“სამწუხაროდ, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ლიდერები საზოგადოების ერთიანობის საზიანოდ მოქმედებენ. საზოგადოების გახლეჩა და პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს მედეგობასა და განვითარებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ლიდერები სამაგალითოები უნდა იყვნენ და საზოგადოების გაერთიანებისთვის მეტი ძალისხმევა უნდა გასწიონ“, - განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა.

კვლევის თანახმად, საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა კვლავაც დაბალია. მოსახლეობის 37 პროცენტი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. “ქართულ ოცნებას” - 21 პროცენტი, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” - 15 პროცენტი, “ევროპულ საქართველოს” - 4 პროცენტი, “პატრიოტთა ალიანსს” კი 3 პროცენტი უჭერს მხარს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 60 პროცენტი არ არის გადაწყვეტილი თუ ვის მისცემდა ხმას. ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 17 პროცენტი “ქართულ ოცნებას”, 14 პროცენტი კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა ხმას. 3-3 პროცენტი “ევროპულ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს” დაუჭერდა მხარს.

“ქვეყნის ლიდერებისადმი მკაფიო უკმაყოფილება და ქვეყნის განვითარების კურსისადმი ნდობის ნაკლებობა ნათელი მესიჯია, რომელმაც პარტიებსა და არჩეული თანამდებობის პირებს საკუთარი მიდგომებისა და პოლიტიკის გადახედვისკენ უნდა უბიძგოს. 2020 წელს წარმატების მისაღწევად მათ გამჭირვალე, პოზიტიური და ინკლუზიური პოლიტიკა და დაპირებების შესრულება სჭირდებათ“, - განაცხადა თორნტონმა.

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics