13:56 - 20 Aug, 2019
2019-05-08 15:14:23, 684 ნახვა
„თეგეტა მოტორსმა“ „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით 30 მილიონი ლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა

საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში საქართველოში ლიდერმა კომპანიამ შპს „თეგეტა მოტორსმა“  30,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა.

ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი), ხოლო ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში 2019 წლის მაისში იგეგმება. ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მოახდინა და აღსანიშნავია, რომ ეს არის დალისტულ ლარის ობლიგაციებში EBRD-ის რიგით მესამე ინვესტიცია. 

„ეს „თეგეტა მოტორსის“ განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გახლავთ, ჩვენ  ლარის ობლიგაციების ემისია 30 000 000 ლარის მოცულობით  განვახორციელეთ და  ჩვენი განვითარებისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა უკვე ღია ბაზრიდან დავიწყეთ. სხვათაშორის, „თეგეტა მოტორსი“ როგორც კავკასიაში, ასევე აღსავლეთ ევროპის რეგიონში პირველი კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგები მიიღო და ამჯერად ჩვენ გვაქვს  რეიტინგი, რომლის მსგავსი რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას აქვს, ხოლო ავტოსფეროში ეს უპრეცედენტი შემთხვევაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. ჩვენთვის ობლიგაციების გამოშვება საწყისი ეტაპია და მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი მომავალი პროექტების განვითარების მხარდაჭერისთვის, ჩვენთვის რესურსების მოზიდვისთვის და მომავალი გეგმების წარმატებით განხორციელებისთვის როგორც საქართველოს, ასევე სხვა ბაზრებზე. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თიბისი კაპიტალთან, თიბისი ბანკთან  და კომპანია „ბიელსისტან“ ერთად ჩვენ  ამ პროექტის წარმატებულად განხორციელება შევძელით. ჩვენ ათზე მეტი ინვესტორი გვყავს: ბანკები, სადაზღვევო კომპანიებიც და საფინანსე სფეროში მოღვაწე სხვა ფინანსური ინსტიტუტები.  თანხებს  ჩვენი განვითარების პროექტების დასაფინანსებლად მივმართავთ“, - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

„ჩვენი თანამშრომლობა „თეგეტა მოტორსთან“ 20 წელზე მეტს ითვლის და ეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რაც ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად დავასრულეთ. „თეგეტა მოტორსმა“ 30 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაცია გამოუშვა, რაც „თეგეტა ჯგუფის“ დაფინანსების წყაროებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, უფრო მეტად დივერსიფიცირებულს ხდის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ვალუტაშია, ანუ, სავალუტო რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მეორე, რაც გასათვალისწინებელია, ეს თეგეტას ზრდის ტემპია, ის  ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სწრაფად იზრდება და ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსებისთვის არსებული რესურსი მაქსიმალურრად ძლიერი და სავალუტო რისკებისგან დაზღვეული იყოს , ხოლო ამ პროდუქტით ეს  მიღწეულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელსაც და  მომავალშიც   „თეგეტა მოტორსთან“ ერთად ერთობლივი თანამშრომლობის კუთხით კიდე გვექნება სიახლეები,“ - განაცხადა „თი ბი სი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ  გიორგი თხელიძემ.

ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 30,000,000 (ოცდაათი მილიონი) ლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი - 425 საბაზისო პუნქტი (სპრედი) დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთზე, გამოშვებულ იქნა 2019 წლის 30 აპრილს, 1,000 (ათასი) ლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2022 წლის 30 აპრილს, მათი ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია მიმართავს არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, რის შედეგადაც შეძლებს ვალდებულებების ვადიანობის გახანგრძლივებას, დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებას და წვდომას კაპიტალის ბაზრებზე. 

„თეგეტა მოტორსი“ დღეს ლიდერია საქართველოში საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. „თეგეტა მოტორსი“, მის შვილობილებთან ერთად, წარმოადგენს უნივერსალურ კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკით, სათადარიგო ნაწილებით, საპოხი მასალებით, საბურავებით ვაჭრობისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში. კომპანია კორპორაციულ და საცალო კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ავტო-პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს. 2019 წლის მარტში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა კომპანიას  BB- საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით.  „თეგეტა მოტორსი“ ერთადერთი კომპანიაა საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს.  2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია: ფინანსური  კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. 

„ეს არის თეგეტა მოტორსის საინაგურაციო ფონდი, ლარის საჯარო ემისია, რითიც კომპანია საჯარო  გახდა.  აღნიშნული ოპერაციები  საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაიწყება  და ეს  წელს გამოშვებული ყველაზე მსხვილი საჯარო ლარის ემისიაა. „თი ბი სი კაპიტალი“ და „თეგეტა მოტორსი“ უკვე საკმაოდ დიდი პერიოდია ამ პროექტზე თანამშრომლობენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს  პირველი ემისიაა, რომელიც „თი ბი სი კაპიტალმა“ ეროვნული ბანკის პროსპექტის განახლებული წესით გამოვუშვით, კომპანიას საკუთარ თავზე მეტი ინფორმაციის გამჟღავნება მოუწია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის მაღალ სტანდარტს და გამჭვირვალობას და იმას, რომ კომპანია ერთერთი კორპორატიული ლიდერია როგორც თავის სეგმენტში, ასევე ზოგადად.  „თი ბი სი კაპიტალი“ მოხარულია, რომ ამ პროექტში  მონაწილეობა მივიღეთ“, - განაცხადა „თი ბი სი კაპიტალის“ დირექტორმა ირაკლი ელაშვილმა.

 

(R)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics