04:58 - 17 Jun, 2019
2019-04-08 12:42:53, 883 ნახვა
„ომეგა ჯგუფი“: სტოკჰოლმის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას „ოჯთ“-ის მთლიანი ქონების აუქციონზე გაყიდვა აუკრძალა

"ომეგა ჯგუფი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება აეკრძალა, რის საფუძველზეც კომპანიის მთლიანი ქონება აუქციონზე გაიყიდებოდა.

შესაბამისი განცხადება "ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა გაავრცელა. 

„სექტემბრიდან ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, თუ რა წნეხისა და მრავალმხრივი უკანონო შეტევების პირობებში უწევს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ომეგა ჯგუფისა და მისი მფლობელი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ მმართველობის ყველა ფორმალური სახელისუფლებო განშტოებისა და არაფორმალური მმართველობის მხრიდან ხორციელდებოდა ფართომასშტაბიანი შეტევა.

ამგვარი უკანონო მოქმედებების მიზანი დასაწყისიდანვე იყო ზაზა ოქუაშვილის ბიზნესისა და მის მფლობელობაში არსებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიას“ დაუფლება სახელისუფლებო ძალადობის გზით. პირადი ანგარიშსწორების რეალური საფრთხის მიუხედავად, ზაზა ოქუაშვილმა კორუფციასა და გამოძალვაში ამხილა საქართველოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. სრული კრახით დასრულდა მმართველი პარტიის მხრიდან ზაზა ოქუაშვილის დეკლარირებული მხარდაჭერის იძულების მცდელობა. „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქცა საქართველოს დამოუკიდებელი მედია საშუალებების, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ევროპრალამენტარებისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის განხილვის თემად. გამოძალვის შესახებ წერდა ცნობილი დიდი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფიც“.

ამის მიუხედავად, კვლავ გრძელდებოდა მიზანმიმართული უკანონო შეტევა ზაზა ოქუაშვილსა და მის ომეგა ჯგუფზე. დღემდე პარალიზებულია საწარმო, მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს ტელეკომპანია „იბერიას“ და უმუშევრადაა დარჩენილი 1500-მდე ადამიანი. კომპანიის ხელოვნურად გაჩერება არ აღმოჩნდა საკმარისი: ა.წ. 22 თებერვალს მივიღეთ შეტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროდან. წერილით გვეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება გაიყიდებოდა აუქციონზე.

ა.წ 22 მარტს, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა მიმართა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შუამდგომლობით, რომ შეჩერებულიყო ქართული სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოს საგანგებო მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალა საქართველოს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე, საქართველოს მხარეს დაეკისრა საერთაშორისო სასამართლოს ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსის მიხედვით დარიცხული 2%-იანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ. სტოკჰოლმის საგანგებო არბიტრაჟის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა საქართველოსათვის”, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics