13:56 - 20 Aug, 2019
2019-03-15 17:58:11, 1846 ნახვა
იზორია სამხედროებს - არავის მივცემთ უფლებას, თქვენი იმიჯი, ინსტიტუციური განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს

„განცხადებები თითქოს ამ დანაშაულმა სისტემური ხასიათი მიიღო, ღიმილის მომგვრელია პირველ რიგში მათთვის, ვინც წლების განმავლობაში აქ მსახურობდა და იციან, რა პრობლემები არსებობდა ჯარში“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ წვევამდელებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს.

„ჩვენი „კეთილმოსურნეები" ხშირად ამბობენ, თითქოს არის ინსტიტუციური პრობლემები. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჯარის იმიჯს, ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს. რა თქმა უნდა, ყველა სოციუმში და მათ შორის, ჯარში, რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, ხდება სამწუხაროდ, სამართალდარღვევები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამას არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი“,-განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისეთი ობიექტური შემფასებლები და დამკვირვებლები, როგორიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან, ხედავენ თუ რა დიდი პროგრესი აქვს თავდაცვის უწყებას, ხოლო განცხადება თითქოს ადგილი აქვს ინსტიტუციურ პრობლემებს, პირველ რიგში, ჯარისკაცის შეურაცხყოფაა.

„მინდა გამოვთქვა არა მარტო მინისტრის, არამედ, მთლიანად ქართული ჯარის პოზიცია, რადგან ისინი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, ასეთ იმიჯის შემლახველ დამოკიდებულებას ძალიან მგრძნობიარედ და სენსიტიურად აღიქვამენ, რადგან მათ წლების განმავლობაში, საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, რათა თავდაცვის ძალები იყოს ინსტიტუციურად ძლიერი და მსოფლიოში აღიარებული. ეს არ არის არც მათი და არც ჩემი სუბიექტური შეფასება, არამედ, ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს აღიარება, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, გაძლიერებისა და ინსტიტუციური აღმშენებლობის საქმეში. ეს დადასტურდა გუშინ ნატოს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული თუ რა დიდ პროგრესს აღწევს ქვეყანა, უკვე პრაქტიკული იმპლემენტაციის კუთხით და როგორ უახლოვდება საქართველო ნატოს. ასე რომ, განცხადებები თითქოს ეს საამაყო ინსტიტუტი 1990-იან წლებს უბრუნდება, თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან ისინი წარმოადგენენ და ქმნიან ინსტიტუტს, ინტიტუტი კი ემყარება კანონის უზენაესობას, დისციპლინას და სწორედ ამით ვართ აღიარებულები“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს გამოძალვის შემთხვევების სტატისტიკაც გააცნო:

„მე დღეს თქვენ სიმბოლურად გადმოგცემთ სტატისტიკას, სადაც ნახავთ, თუ რა ხდებოდა სწორედ ამ ბრალდებების ავტორების ხელმძღვანელობით ჯარში. თქვენ ნახავთ, სტატისტიკურად, თუ რამდენჯერ ჰქონდა გამოძალვის ფაქტებს ადგილი, სულ რაღაც ახლო წარსულში და არა 1990- იან წლებში“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩატარდა, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი.

„ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ერთ ინციდენტთან და ამ ინციდენტის ფარგლებში სხვადასხვა ეპიზოდთან. ერთი ინციდენტის ფარგლებში წვევამდელების ერთგვარ დაპირისპირებაზეა საუბარი, სადაც ორმა წვევამდელმა სხვა წვევამდელებზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა და ასევე, ამ ფიზიკური ზეწოლის შედეგად სურდათ სახელფასო ბარათების მოპოვება. თანაც წვევამდელები, რომლებიც არიან დაკავებულები ამ ინციდენტის შემდეგ, სულ რაღაც ორ დღეში ასრულებდნენ სავალდებულო სამსახურს ჯარში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაზარალებულმა, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები,არც ჩვენი სტრუქტურის ფარგლებში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოსთან, არც სამედიცინო პუნქტში, არც მეთაურთან არ უთქვამს, თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანება, მან ეს ახსნა სხვა გარემოებებით. მეტიც, ითხოვა რა მან გათავისუფლება, გავათავისუფლეთ და შემდეგ ოჯახის წევრებს გაუზიარა სიმართლე. როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ, ერთ დღეში ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები და დავადგინეთ რეალურად რაც მოხდა. შესაბამისად, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი. ამ საკითხზე ბევრი სპეკულაცია იყო, კატეგორიულად გამოვრიცხავ ოფიცრების მონაწილეობას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics