23:29 - 21 Jul, 2019
2019-02-05 16:00:05, 798 ნახვა
კობახიძე: 2019 წელი გამორჩეული იქნება პარლამენტის საზედამხედველო კომპეტენციების ახლებურად განხორციელების კუთხით

„ახალ საპარლამენტო წელს ვხვდებით კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და ახალი რეგლამენტით დადგენილი საპარლამენტო კონტროლის გაზრდილი, უფრო ეფექტიანი შესაძლებლობებით",- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ  ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2018 წელს განხორციელებული საზედამხედველო საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი შეფასებით, გასული წელი, ამ კუთხით, დატვირთული იყო.

„შეიქმნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელშიც, პირველად ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, წევრთა უმრავლესობით წარმოდგენილი იყო ოპოზიცია. კომისიას ხელმძღვანელობდა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიიღო დასკვნა, ხოლო ამის შემდგომ საქართველოს პარლამენტმაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის გამოძიების პროცესი გრძელდება და ის დარჩება მკაცრი საპარლამენტო დაკვირვების ქვეშ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2018 წელს საქართველოს პარლამენტს წარედგინა მთავრობისა და  სხვა კონსტიტუციური ორგანოების, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები; პარლამენტის პლენარულ თუ საკომიტეტო მოსმენებზე მოხსენებებით რეგულარულად გამოდიოდნენ მინისტრები, მათი მოადგილეები, სხვა კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.

პარლამენტი ახორციელებდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მუდმივ მონიტორინგს.

პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობაზე საუბრისას,  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის მანძილზე შესაბამის უწყებებს 500-მდე სადეპუტატო კითხვა გაეგზავნა, ხოლო კომიტეტებში, გასული წლის მანძილზე, შემოვიდა და დამუშავდა მოქალაქეთა ათასობით განცხადება, რომლებზეც პარლამენტი რეგულარულად ახდენდა სათანადო რეაგირებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ გასულ წელს, თბილისში,  ჩატარდა საკომიტეტო მოკვლევა ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ და დაიწყო მეორე საკომიტეტო მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის თაობაზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ახალ საპარლამენტო წელს კონტროლის უფრო ეფექტიანი შესაძლებლობებითა და ინსტიტუციურად გაძლიერებული ხვდება.

„ჩვენ ახალ საპარლამენტო წელს ვხვდებით კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და ახალი რეგლამენტით დადგენილი საპარლამენტო კონტროლის გაზრდილი, უფრო ეფექტიანი შესაძლებლობებით. მათ შორის: ინტერპელაციის დახვეწილი პროცედურით; პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებით; დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის გამარტივებული წესით; მინისტრის საათით; კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მიერ მინისტრის დაბარების უფლებით და სხვა ბერკეტებით, რომლებიც ინსტიტუციურად აძლიერებს პარლამენტს, აძლიერებს საპარლამენტო სუბიექტებს, მათ შორის, ოპოზიციას, ხოლო პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობებს ხდის უფრო დახვეწილს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პარლამენტის ფუნქციის გაძლიერება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობის მხრივაც. ამ უწყებების კონტროლის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნდობის ჯგუფის როლი, რომლის მანდატიც დაზუსტდა ახალი რეგლამენტით. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2019 წელი იქნება გამორჩეული პარლამენტის საზედამხედველო კომპეტენციების ახლებურად გააზრებისა და განხორციელების ინტენსივობის კუთხით", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics