23:36 - 21 Jul, 2019
2019-02-04 14:48:53, 489 ნახვა
კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე

„გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული იმის თაობაზე, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც იქნება წარმოდგენილი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე საუბრისას განაცხადა.

„ თუ იურიდიული კუთხით, ტექნიკურად დასაზუსტებელი იქნება ის, რომ ამ ათ კანდიდატურას ასეთი სახით არ ეყრება კენჭი,  ამაზე შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებშიც შევიტანოთ ცვლილება. ეს არის წმინდა ტექნიკური მხარე",- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის საბჭო ისევ წარმოადგენს სიას, სადაც კონკრეტული მოსამართლეები იქნებიან, დაუჭერს თუ არა მხარს ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ყველა კანდიდატი შემუშავებული პროცედურებისა და კრიტერიუმების ფილტრს გაივლის და გადაწყვეტილებას პარლამენტი ამის შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ ვართ შეთანხმებული, რომ ჯერ შემუშავდება პროცედურა, კრიტერიუმები. ამ ფილტრს გაივლის ყველა კანდიდატი, მათ შორის ის ათიც შეიძლება, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი, სხვა კანდიდატები. პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია და გახსნილი, გამჭვირვალე. ამის საფუძველზე შეირჩევა 18 კანდიდატი 18  ვაკანტურ პოზიციაზე და მერე უკვე პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვის დაუჭერს მხარს. ჩემი მხრიდან  დღეს არასწორი იქნება ვინმეს მხარდაჭერაზე ან მხარდაჭერაზე უარზე საუბარი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უვადო დანიშვნის გადავადებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხი კომპლექსურად უნდა იქნას განხილული და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.

„მოსამართლეთა რაოდენობა არის ერთ-ერთი პრობლემა. ეს საკითხი დაისვა სამუშაო ჯგუფის ფორმატშიც. საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა ბევრად ჩამორჩება იმ სტანდარტებს, რომელიც არის აპრობირებული დასავლეთის სივრცეში და შესაბამისად, ეს იწვევს კონკრეტულ პრაქტიკულ პრობლემებს. მაგალითად, ჭიანურდება საქმეთა განხილვა სასამართლოში და ამ პრობლემაზე მუდმივად საუბრობენ როგორც მოსამართლეები, ასევე, არამოსამართლეები. ეს არის პრობლემა, რა თქმა უნდა, გარკვეულ დაბრკოლებას შექმნის თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული უვადო დანიშვნის გადავადების თაობაზე, თუმცა, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ყველაფერი და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სამუშაო ფორმატის შესახებაც და აღნიშნა, რომ საუკეთესო ფორმატის შესარჩევად, მსჯელობა გაგრძელდება.

„ვმსჯელობთ, თუ როგორ გაგრძელდება ამ საკითხის განხილვა. სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. პრინციპში, ფორმატი, რომელსაც ითხოვენ კონკრეტული სუბიექტები, არის პოლიტიკური ფორმატი. პოლიტიკური ფორმატი ისედაც არსებობს. ეს არის საპარლამენტო კომიტეტი. კომიტეტის სხდომები არის ღია. იქ არის წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია. დასწრების საშუალება აქვს და მონაწილეობის არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს და ინტერესი არის, რომ პოლიტიკური გახდეს ფორმატი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია კომიტეტის ფორმატს მივმართოთ. ამაზე გაგრძელდება მსჯელობა და ვნახოთ, რა ფორმატიც იქნება ყველაზე უკეთესი იმისათვის, რომ სათანადოდ განვიხილოთ ეს საკითხები, იმ ფორმატს შევარჩევთ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics