09:13 - 13 Dec, 2018
2018-12-07 12:21:56, 210 ნახვა
11 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველის აპარატში 7 350 განცხადება შევიდა

11 თვის მონაცემებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში 7350 განცხადება შევიდა.

როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება, თუმცა გაზრდილია მიმართვიანობა საქართველოს რეგიონებიდან, სხვადასხვა მათ შორის, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.

„2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 3395 მოქალაქე, ამასთან საქალაქო ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა მოქალაქეების 8089 ზარი. სახალხო დამცველის მიერ ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად გაცემულია 90 რეკომენდაცია/წინადადება.  2018 წლის მანძილზე მომზადდა 11 სპეციალური ანგარიში", - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

მათივე თქმით, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საკანონმდებლო სივრცის გაუმჯობესების და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერების მიუხედავად, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს.

სიცოცხლის უფლება და ამ კუთხით გამოვლენილი პრობლემები - უპირველესად უნდა აღინიშნოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა. სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე სახელმწიფოს ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების ჩატარების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. საქმის მასალების შესწავლის შედეგად კი სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ არ ჩატარებულა მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. შედეგად, დღემდე ვერ ხერხდება დანაშაულის ჩამდენი ყველა შესაძლო პირის პასუხისგებაში მიცემა. ამასთანავე, წარმოჩინდა შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობის ჩამდენ საჯარო მოხელეთა პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა, თუმცა, ამ თვალსაზრისით გამოძიება არ მიმდინარეობს, შიდა მოკვლევის შედეგები კი საზოგადოებისა და სახალხო დამცველისთვის ჯერჯერობით უცნობია. ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ გამოავლინა მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები საგამოძიებო სისტემაში, რომელიც საჭიროებს სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას შესაბამისი რეფორმების გატარების გზით.

ზემოაღნიშნული საქმის გარდა, მნიშვნელოვანია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში სპეციალური ოპერაციის დროს გამოყენებული ძალის კანონიერების შესასწავლად მიმდინარე გამოძიების შედეგების გაცნობა საზოგადოებისთვის. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდგომ, საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დასრულება დაავალა. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ძალის პროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება არ არის დასრულებული და სახალხო დამცველის აპარატს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ ეძლევა.  

დადებითი ძვრების მიუხედავად, 2018 წელს კვლავ მძიმეა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები მწირია და პრობლემის მასშტაბებს ვერ პასუხობს. 

2018 წლის 10 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა. მათი უმრავლესობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში  თუ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობას, ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისად ეფექტური და ადეკვატური.

სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ მომხდარა ბავშვის ფიზიკური დასჯის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე. შემაშფოთებელია, ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგი) გავრცელების მაჩვენებელი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებით ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს.

2018 წელს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნისა და ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტის დანერგვით. აღნიშნულის მიუხედავად, კვლავ დაბალია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პრობლემად რჩება ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის მასშტაბები.

გამოწვევას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკების პრევენცია. კვლავ დაბალია საზოგადოების ინფორმირების დონე ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით; ამასთან, პრობლემურია არსებული სერვისების ეფექტური გამოყენება. 

წინა წლების მსგავსად მრავალი გამოწვევა რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელებისთვის; კვლავ არ არის განსაზღვრული ამ პროცესის კოორდინაციაზე პასუხიმგებელი სახელმწიფო უწყება; არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც აბრკოლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლებადარღვევის ფაქტები გაეროს შესაბამის კომიტეტში გაასაჩივრონ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შშმ პირთა საჭიროებებზე მიმართული პროგრამების გარკვეული კომპონენტების დაფინანსება გაიზარდა, თუმცა აღნიშნულმა ვერ უზრუნველყო არსებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. მწვავე პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციისა და სერვისების მისაწვდომობა, ინკლუზიური განათლების ხარისხი, შშმ პირთა დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა ინსტიტუციებში ღირსების შემლახავ გარემოში ცხოვრების მავნე პრაქტიკა, შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის  პროგრამების სიმცირე და არაეფექტურობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში. ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტისა და 2015 – 2020 წლის სამოქმედო გეგმის არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვნადაა დარღვეული სამოქმედო გეგმის შესრულების ვადები. სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია მედიკამენტურ მკურნალობამდე. ასევე,  ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. სახალხო დამცველი ზოგადად მიესალმება სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული არაადამიანური პირობების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ უკიდურესად მძიმე პირობები კვლავ რჩება ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რაზეც მისაღებია დაუყოვნებლივი და მყისიერი ზომები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინსტიტუციებში მინიმალური პირობების შექმნა საბოლოო გამოსავალი არ არის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა, სათემო სერვისების განვითარება.

სახალხო დამცველის განსაკუთრებული ფოკუსის საგანი იყო არასათანადო მოპყრობის პრევენცია და შესაძლო პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემა.

არასათანადო მოპყრობის დასჯის მოთხოვნით 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 8 წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით, სადაც თავისუფლება აღკვეთილ პირთა არასათანადო მოპყრობის დასაბუთებული ვარაუდი არსებობდა. გამოძიებების დაწყების მიუხედავად, სამწუხაროდ, როგორც წინა წლებში, სახალხო დამცველის აპარატისთვის არ არის ცნობილი არასათანადო მოპყრობის საქმეებზე რომელიმე კონკრეტული პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს რომ 2019 წლიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მოახდენს ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფას, რაც გამოიხატება დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემაში. სახალხო დამცველის აპარატი აპირებს ამ პროცესის აქტიურ მონიტორინგს და ინსპექტორის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობას.

პატიმართა უფლებების შესწავლის მიმართულებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის აპარატს ხელი არ მიუწვდება გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე. მაგალითად, პატიმრის გარდაცვალებისას მიუწვდომელია ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, ასევე პატიმართა სახელები, გვარები და სხვა პირადი მონაცემები. ასეთ შეზღუდვას წარმოშობს ის ფაქტი, რომ კანონის გარკვეულ ჩანაწერს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ სიტყვასიტყვით და ფორმალურად განმარტავენ. ვინაიდან, ამგვარი ინფორმაციის მოკვლევა და დამუშავება უმნიშვნელოვანესია სახალხო დამცველის აპარატის ეფექტური ფუნქციონირებისა და მანდატის შეუფერხებელი განხორციელებისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს. ასევე, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა წინადადებით, რათა მოგვეცეს გარკვეული კატეგორიის (რომლებიც შეეხება არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების გამოძიებას) სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლასა და უფლებადარღვევების ეფექტურ გამოვლენას. 

პარალელურად, არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში 2018 წლის მანძილზე აქტიურად ამოწმებდა დახურულ დაწესებულებებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება N7 პენიტენციური დაწესებულების დახურვას. N8 დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემნებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობასა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ რიგ ნაბიჯებს. დადებითად უნდა აღინიშნოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჯანმრთელობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის საკითხი.

მიუხედავად ამ პოზიტიური ცვლილებებისა, სისტემაში კვლავ რჩება არაერთი პრობლემა და გამოწვევა. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა. სამწუხაროდ, კვლავ უცვლელია პოლიტიკა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებთან მიმართებაში. არსებული მიდგომები ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებას, რეაბილიტაციას და შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციას,

ზოგად პრობლემას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო აქტივობების სიმცირე. განსაკუთრებით საყურადღებოა მდგომარეობა იმ დაწესებულებებში, სადაც პატიმრები დღის განმავლობაში 23 საათს საკნებში ატარებენ და მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დაკავდნენ მათთვის საინტერესო, ღირებული აქტივობებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, პენიტენციური სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს. პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის დროული იდენტიფიცირება, შესაბამისი სერვისების მიწოდება და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია.

ჩატარებულმა მონიტორინგმა პრობლემები გამოავლინა პოლიციის მიერ დაკავებულების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით, კერძოდ, გამოწვევას წარმოადგენს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაზიანებების სრულყოფილად, „სტამბოლის პროტოკოლის“ შესაბამისად დოკუმენტირება და ამ კუთხით, დამატებით მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის განგრძობადი სწავლება. სამმართველოებში გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს დაკავებული პირების რეგისტრაციის ჟურნალების წარმოება. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დაკავების ადრეული ეტაპიდანვე პროცესში ადვოკატის ჩართვის უზრუნველყოფა.

დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა წინასაარჩევნო, განსაკუთრებით, კი მეორე ტურის ჩატარებამდე პერიოდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. სამწუხაროდ, უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რის გამოც სახალხო დამცველმა მოუწოდა ხელისუფლებას დაეცვა გაეროს დეკლარაციისა და ეუთოს სახელმძღვანელო დოკუმენტის პრინციპები ადამიანის უფლებების დამცველების თაობაზე სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის დროს. 

საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფზე ზეწოლის და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე. საგანგაშო იყო ინფორმაცია ცალკეული კანდიდატების მხარდამჭერთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, აუცილებელია, მოხდეს დანაშაულის პრევენცია, ასევე დანაშაულის ჩამდენ პირთა დროული იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარება. 

საანგარიშო პერიოდში შეკრების და მანიფესტაციის უფლება ძირითადად დაცული იყო, თუმცა, მშვიდობიანი აქციის ჩატარებას ხშირ შემთხვევაში ხელს უშლიდა პარალელურად მიმდინარე კონტრაქციები, რომლებსაც აქციის მონაწილეთა მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები მართავდნენ. აღნიშნულის გამო მოქალაქეებს აქციის ჩატარება გაძლიერებული საპოლიციო დაცვის ქვეშ უწევდათ, ასევე, დაცვის მიუხედავად მაინც ჰქონდა ადგილი მათზე თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევებს. ასევე, სახალხო დამცველმა გამოავლინა  შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ისეთი შემთხვევები, როდესაც შსს-ს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს სამართლებრივ საფუძველზე მითითების გარეშე უშლიდნენ ხელს კარვების გაშლაში. ამ საკითზე სახალხო დამცველმა სარჩელი წარადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა პასუხისმგებელს სტრუქტურებს, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტით არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს შეკრების თავისუფლების რეალიზებაში.

2018 წელს კვლავ მძიმეა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი. 2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით დადგენილ რიგ ფუნდამენტურ პრინციპებს და ქმნის შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმს. თუმცა, მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, ზედამხედველ ორგანოს არ აქვს დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი. საერთაშორისო სტანდარტებით შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანქცირების მექანიზმით აღჭურვილ შრომის ინსპექტორებს ქონდეთ უფლება თავისუფლად და წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდნენ ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე და მოიკვლიონ.  დადებითად უნდა შეფასდეს, საქართველოს პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც ზემოაღნიშნულ ფუნდამენტურ პრინციპებს ითვალისწინებს. კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულ იქნა 31 ოქტომბერს, თუმცა მეორე მოსმენით მისი განხილვა არ დაწყებულა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული კანონის დროულად მიღებისა და ამოქმედების მნიშვნელობას.

კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებების კუთხით მდგომარეობა მიმდინარე წელსაც სტაბილურად მძიმეა. გამყოფ ხაზზე გადაადგილება და უკანონო დაკავებები, სოციალური პრობლემები, საკუთრების უფლების დარღვევა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის როგორც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, ისე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა. 

2018 წელს დაფიქსირდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების უკანონო დაკავებაში მყოფი პირის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი, რამაც დაამძიმა კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებების პროცესში. საქართველოს სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს გენდერული ნიშნით უფლებების დარღვევების ფაქტების ზრდას. 2018 წელი გამოირჩეოდა ქალ აქტივისტებზე ზეწოლით. 

მიმდინარე წელი დევნილთა ფართომასშტაბიანი განსახლების პროცესით გამოირჩეოდა. მისასალმებელია, რომ საქართველოს მასშტაბით გრძელდება დევნილთათვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. თუმცა, დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის ზოგადი ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ძირითადი პრობლემები წლების განმავლობაში უცვლელია. გადაუჭრელია ავარიულ შენობებში დევნილთა ცხოვრების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ განსახლების პროცესში პრიორიტეტი ენიჭება ასეთი ობიექტებიდან დევნილების განსახლებას, კვლავ არაერთი შენობა რჩება მთელი საქართველოს მასშტაბით, საიდანაც უმოკლეს დროში უნდა მოხდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო საცხოვრებელში გადაყვანა. დანგრევის პირას მყოფი ობიექტების პრობლემის გადაჭრის გადავადებამ შეიძლება უმძიმეს შედეგებამდე მიგვიყვანოს.

დევნილთა განსახლების გარდა, აქტიური მუშაობა უნდა გაგრძელდეს საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასასვლელად. მნიშვნელოვანია, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და შესაბამის საჭიროებებზე მორგებული დახმარება. 

საქართველოში თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ამ ეტაპზე არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლიდან ითხოვს და რაც სახალხო დამცველის მანდატს უფრო ეფექტურს გახდის. აღნიშნული ცვლილებები მათ შორის, გულისხმობს კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახალხო დამცველისთვის გამოთხოვილი ინფორმაციის და მიღებული რეკომენდაციის განხილვის შედეგების მიწოდების ვალდებულებას, ასევე, სასამართლოსთვის მიმართვის სამთვიანი ვადის ერთ წლამდე გაზრდას.

დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები. 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა. აღნიშნულის მიზეზად საზოგადოების ნაწილის მიერ ამ პრობლემის შესახებ დისკუსიის დაწყება შეიძლება მივიჩნიოთ. სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები ყველაზე ხშირად წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში გვხვდება. შესაძლო დისკრიმინაციის შემთხვევები იკვეთება ასევე სოციალური სარგებლის მიღებისას.

მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე რეაგირების მაჩვენებელი, მათი პრევენცია კვლავ პრობლემად რჩება. ნეონაცისტური და რადიკალური ჯგუფების გაძლიერების და გაზრდილი სიძულვილის ენის გამოვლენის ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ 2018 წელს 1 მოქალაქის მკვლელობის საქმე სავარაუდოდ ეთნიკური ნიშნით სიძულვილის მოტივით იქნა ჩადენილი. ამასთან, ხშირია ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის მაჩვენებელი.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების დიდი ნაწილი გასული წლების მსგავსად გამოწვევების წინაშე დგას. უმთავრეს პრობლემად რჩება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი. როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასა და დედაქალაქის მმართველობაში, ასევე ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ზოგიერთ რეგიონში ეროვნული უმცირესობები  ნომინალურად მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარკვეული პროგრესის მიუხედავად სახელმწიფო ენის ეფექტური სწავლება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამასთან, პრობლემურია ხარისხიანი სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამებისა  და პედაგოგიური კადრების მომზადებისა და მთლიანობაში განათლების მიღების საკითხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელებული პროგრამების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია ეროვნული უმცირესობების დროული ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ეროვნული უმცირესობები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ძირითადად კვლავ უცხოური საინფორმაციო წყაროებიდან იღებენ. დადებითი და ძალზე მნიშვნელოვანია თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრის მშენებლობისათვის მიმდინარე სამუშაოები, მაგრამ ამავე დროს კვლავ ვერ ხერხდება ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების რეაბილიტაციის საკითხი, რაც ყურადღებას მოითხოვს.

გაუმჯობესებულია რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი. (წლების განმავლობაში არ ხდებოდა რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური შეფასება), თუმცა ეფექტური და დროული რეაგირება კვლავ პრობლემურია.

რელიგიური გაერთიანებები ისევ აწყდებიან საკუთრების გამოყენებასა და რელიგიური ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს; არ გადადგმულა ნაბიჯები რელიგიური უმცირესობებთან მიმართებით რესტიტუციის პროცესის დასაწყებად. რელიგიური უმცირესობები წლებია უშედეგოდ მოითხოვენ ისტორიული რელიგიური საკუთრების დაბრუნებას, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვათ.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წელს მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყევტილება ორ საქმეზე და რელიგიურ სივრცეში უთანასწორო საგადასახადო პრივილეგიებისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის მიწის გადაცემის შეზღუდვის მარეგულირებელი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილების თანახმად, საკანონმდებლო ორგანომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა გზებით უნდა უზრუნველყოს რელიგიური ნიშნით თანასწორუფლებიანობა.

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს წამლებზე არსებული მაღალი ფასები, ასევე, რაიონებში ამბულატორიების მოწყობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევები. კვლავ აქტუალურია  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მუშაობაში წინა საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი პრობლემები, საჩივრების განხილვის გაჭიანურებასთან, ასევე, მოწვეული ექსპერტების მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის პასუხისმგებლობის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით.

ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზების მიმართულებით აქტუალურია ქვეყანაში ეკოლოგიის, ჰაერის დაბინძურებისა და მწვავე საფარის შენარჩუნების კუთხით არსებული გამოწვევები. ასევე, ხარვეზიანია გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც პრაქტიკაში გარემოსათვის ზიანის მიყენების პრევენციასა და დამდგარი შედეგების გამოსწორებას ვერ უზრუნველყოფს. კვლავ გამოწვევად რჩება ენერგოპოლიტიკის დაგეგმვისა და ენერგეტიკის სფეროში განსახორციელებელი პროექტების მიზანშეწონილობისა და ეკონომიკური სარგებლიანობის საკითხის შესწავლის აუცილებლობა.

გამოწვევად რჩება ხანდაზმულ პირთა მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია და 2017–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა, მასში გაწერილი ვალდებულებების უმრავლესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. საქართველოს სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ასაკოვანი ადამიანების დიდი ნაწილისთვის კვლავ არ არის ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები და ადეკვატური საცხოვრებელი. არასაკმარისია მათთვის საჭირო მიზნობრივი პროგრამები. ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებები ვერ ფარავს არსებულ საჭიროებებს. საჭიროების მიუხედავად, შინ მოვლის მომსახურების პროგრამა მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, პრობლემად რჩება როგორც მისი მისაწვდომობა, ასევე ხარისხი.   

მოუგვარებელია უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზების საკითხი. მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის და თავშესაფრით დაკმაყოფილების წესი და მეთოდოლოგია. ასევე, გამოვლენდა, რომ არც  თბილისში მოქმედებს ფიზიკური ან/და ფსიქიკური მდგომარეობის გამო თვითმოვლის უნარის არმქონე უსახლკარო პირებისთვის თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამები.

ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა ომებმა და კონფლიქტურმა სიტუაციებმა მილიონობით ადამიანი აქცია ლტოლვილად, რაც გარკვეულწილად საქართველოზეც აისახა. უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

მიუხედავად აღნიშნულ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვის შესახებ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებისა, კანონმდებლობის დახვეწის, ლტოლვილის სტატუსის დადგენისა და საზღვარზე თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა, საგრძნობლად გაუარესებულია სტატუსის მინიჭების საერთო მაჩვენებელი (2015 წელს 75% იყო, ხოლო 2017 წელს 20%-მდე). საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვა  გარანტირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან", - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა“​ - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics