07:10 - 24 Mar, 2019
2018-12-06 12:31:11, 1778 ნახვა
„CYBER-EXE საქართველო 2018“ - კიბერსავარჯიშო საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ შედგა, რომლის მიზანია საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობას ამ მიმართულებით.

ღონისძიება გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ.  გახსნის ცერემონიას დაესწრო პირიტ პიკერი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის დირექტორის მოადგილე, რომელმაც წარმატება უსურვა მონაწილე გუნდებს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლებას.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.  შეუძლებელია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების გარეშე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში.  მოხარული ვარ, რომ უკვე მეხუთედ საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის შესაბამისი პროფილის თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევთ, მონაწილეობა მიიღონ რეალურ სავარჯიშოებში და გამოსცადონ საკუთარი თავი იმიტირებული კიბერშეტევების გაუვნებელყოფის პროცესში“, − აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ღონისძიება შეჯიბრის ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში ახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას.  სავარჯიშოს შედეგად ანალიზდება თითოეული გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები და გუნდების გაძლიერების მიზნით მზადდება რეკომენდაციები.

მსგავსი ფორმატი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მას „წითელი და ლურჯი“ ჯგუფების სავარჯიშოებს უწოდებენ.

„როდესაც 2014 წელს „Cyber-Exe საქართველო“ პირველად ჩავატარეთ, მაშინ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება და ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეხმარებოდნენ სავარჯიშოების შედგენის, მთლიანად ღონისძიების ფორმატის ფორმირების საქმეში.  ახლა სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო სამი ღონისძიება მთლიანად „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ რესურსებით არის ორგანიზებული და სავარჯიშოების პროგრამაც ჩვენი სპეციალისტების მიერაა შედგენილი.  დღევანდელ ღონისძიებაში 25-მდე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდი მონაწილეობს.  იმედი მაქვს, რომ მსგავსი სავარჯიშოები ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს კიბერსაფრთხეებთან ბრძოლის საქმეში“, − განაცხადა დავით ქვათაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) მენეჯერმა.

ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, კერძოდ, სხვადასხვა სირთულის კიბერინციდენტის გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა.  თითოეული გუნდი, მინიმუმ, ერთი და, მაქსიმუმ, სამი წევრისგან შედგება. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 60-ს აღემატება. 

სავარჯიშოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პირველი „CYBER-EXE საქართველო“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინიციატივით 2014 წელს გაიმართა.  წელს ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ კომპანია „ჰუავეი“ (Huawei) და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (NATO-GEORGIA PDP).

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics