10:09 - 24 Apr, 2019
2019-03-30 17:34:54, 2086 ნახვა
მოლარე/კონსულტანტი, როგორც „თანამედროვე მონა“ - რა პირობებში მუშაობენ „სპარის“ თანამშრომლები

საქართველოს შრომის ბაზარზე, განსაკუთრებით კერძო სექტორში, ამ დრომდე უმძიმესი ვითარებაა. თეორიულად ქვეყანაში შრომის კოდექსი არსებობს, თუმცა პრაქტიკაში მისი აღსრულება, ფაქტობრივად, არ ხორციელდება. ყოველივე ამით კერძო კომპანიები სარგებლობენ და თავიანთ დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი სუპერმარკეტების ქსელი „სპარია“.

9/15-საათიანი სამუშაო გრაფიკი შესვენების გარეშე, კონტრაქტით გაუთვალისწინებელი ფუნქციების შესრულება, მიზერული ხელფასები და უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რის შესახებაც „სპარის“ ყოფილმა თუ მოქმედმა თანამშრომლებმა „ექსპრესნიუსთან“ ისაუბრეს.

მარიამ გვალია, რომელიც „სპარში“ 6 კვირის განმავლობაში მუშაობდა, დეტალურად აღწერს იქ არსებულ მძიმე და უსამართლო პირობებს, რის გამოც კომპანიასთან თანამშრომლობა ვეღარ შეძლო.

„დარწმუნებული ვარ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ასე თუ ისე უკმაყოფილოები არიან შრომითი ანაზღაურებით. მე კი მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც მარკეტების ქსელ „სპარში“ 6-კვირიანი მუშაობით შევიძინე. პირველ რიგში, აგიხსნით, რატომ გავძელი 6 კვირა. რეალურად, ერთი თვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სამსახურიდან წამოვსულიყავი, თუმცა, როდესაც მენეჯერთან მივედი, მითხრა, რომ ვალდებული ვიყავი განცხადება დამეწერა და მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შევძლებდი სამსახურიდან წამოსვლას.

ვიდრე გეტყვით რისი მომსწრე გავხდი კონსულტანტის სტატუსით მისული რიგითი მოქალაქე, აგიხსნით სიტყვა „კონსულტანტის“ მნიშვნელობას, რომელიც უცხო სიტყვათა ლექსიკონში მოვიძიე და საერთოდ არ დაემთხვა ჩემს გამოცდილებას. მოკლედ, კონსულტანტი გახლავთ პირი, რომელიც იძლევა რჩევას თავისი სპეციალობის მიხედვით, ანუ ჩემი მოვალეობაა ვიდგე სხვადასხვა პროდუქციასთან და მომხმარებელს მივაწოდო ინფორმაცია ვადებზე, შემადგენლობაზე და ა.შ. 6 კვირის განმავლობაში ვიდექი ხაზში, რომელიც გულისხმობს მზა საკვების განყოფილებას, სადაც აგრეთვე არის ხორცის პროდუქციაც; ზურგით ვათრევდი საწყობიდან ყველა იმ პროდუქტს, რაც დახლებს ყოველწუთიერად აკლდებოდა და არავინ ინტერესდება შენ კაცი ხარ, ქალი თუ „ხარი“. ამ ყველა „ბედნიერებასთან“ ერთად, მაღაზიაში არის სამი სალარო, საიდანაც მუდმივად ორი მუშაობდა და ამ ორის შემთხვევაშიც ხან ვინ ვიდექით სალაროსთან, ხან ვინ ხილ-ბოსტანთან, ხან ვინ თაროებს ვავსებდით, ხან ვინ ვეხმარებოდით ხაზის ქალს. მოკლედ რაც მე 6 კვირის განმავლობაში ვნახე იყო სრული საგიჟეთი. მთელი ტრაგედია საღამოს 9 საათის შემდეგ ორმაგდებოდა, რადგან უზარმაზარ მაღაზიაში მხოლოდ ორი კონსულტანტი ვრჩებოდით. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მსგავსი სტილის მარკეტებში არანაირი დაცვა არ არსებობს, ამ დროს შენ მაღაზიაში ხარ დედა ტერეზაც, ჩეგევარაც, უბრალო კონსულტანტი და ა.შ. თუ შემოვა მკვლელი, უნდა მოერიო, თუ შემოვა ტერორისტი და ბომბი ექნება, ყველგან უნდა აფეთქდეს მარკეტის გარდა, თუნდაც ამას შეეწირო. ამას გარდა, გევალება პროდუქციის შემოწმება, აბსოლუტურად ყველა სექციის შევსება, იქნება ეს ბურღულეული თუ ჰიგიენური საშუალებები. უნდა  გვეკონტროლებინა, არ მოეპარათ რაიმე და იმ შემთხვევაშიც თუ მოიპარავდნენ, მარკეტი არანაირ ყურადღებას არ იჩენდა და რა თქმა უნდა ჩვენ გვაჭრიდნენ ხელფასებიდან. არ ვიცი როგორ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგვესწრო დილით ახალი ხილ-ბოსტნის მიღება, გადარჩევა, ყველანაირი ანგარიშის გასწორება, პურის მიღება, შემდეგ მზა საკვების მიღება, რომელიც უნდა მოგვეთავსებინა შესაბამის კონტეინერებში და ჩაგვედგა მაცივარში, რომელიც მანამდე უნდა ამოგვესუფთავებინა. 6 კვირა მე აბსოლუტურად „დადებილებული“ დავდიოდი და ვერც კი წარმომიდგენია იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც წლების განმავლობაში უწევთ ამ ყველაფრის ატანა“, - აცხადებს მარიამ გვალია.

იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, შრომის კოდექსის აღსრულებას ყურადღება მიაქციონ, რათა ქვეყანაში დამსაქმებლემა დასაქმებულები მსგავს არაადამიანურ პირობებში არ ამყოფონ.

„მივმართავ მთავრობას, ყურადღება მიაქციონ შრომის კოდექსს. ღირსები არიან, ერთი კვირა მაინც უნდა იმუშაონ ამ სფეროში, რათა ის ტკივილი, სტრესი და ფიზიკური ტრავმა გაიგოთ, რაც მე 6 კვირის განმავლობაში განვიცადე. აღარაფერს ვამბობ იმ ხალხზე, რომლებსაც წლობით უწევთ ამ სფეროში მუშაობა. მაშინ, როცა გვინდა ევროპას დავემსგავსოთ, პირველ რიგში შრომის კოდექსი და ხელფასების პრობლემა უნდა მოგვარდეს. გაუგებარია, სახელმწიფოში სიგარეტის და საკვების ფასის მომატება უფრო მნიშვნელოვანი როგორ არის, ვიდრე შრომის კოდექსი“, - აღნიშნა გვალიამ.

„სპარში“ არსებულ მძიმე სამუშაო გარემოზე მხოლოდ მარიამი არ საუბრობს. ჩვენ კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელს ვესაუბრეთ, რომელთა ვინაობასაც მათივე თხოვნით, არ ვასაჯაროვებთ. მათ პირობითად კონსულტანტი #1 და კონსულტანტი #2 დავარქვით.

კონსულტანტი #1 გვიყვება, რომ სამსახურში აყვანის დროს დამსაქმებელმა კომპანიაში მისი მოვალეობები სრულად არ გააცნო. მუშაობის დაწყების შემდეგ, ის სულ სხვა რეალობის წინაშე დადგა, როდესაც დამეტებითი საქმის კეთება მოუწია. "სპარში" დასაქმებული ამბობს, რომ კომპანიაში არაადამიანური პირობების გარდა, ხელფასის პრობლემაც არსებობს, რაც მუდმივ დანაკლისში ისახება.

"კომპანიას მოლარე-კონსულტანტის ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული. გასაუბრებაზე მისულს კომპანიის წარმომადგენელი გამესაუბრა, თუმცა თვითონაც არ იცოდა რა პირობები იყო მითითებული კონტრაქტში, რომ ჩვეენთვის გაეცნო. არავის გავუფრთხილებივართ, რომ მოგვიწევდა დალაგება, ხაზში დგომა, პროდუქციის მიღება-ჩაბარება, მძიმე საქონლის გადატანა. სინამდვილეში ამ ყველაფრის კეთება გვიწევდა. რაც შეეხება გრაფიკს, დღის ცვლაში 10:00-დან 19:00 საათამდე ვმუშაობთ, ხოლო ღამის ცვლაში 19:00-დან დილის 10:00 საათამდე ვართ. ოფიციალური შესვენების უფლება არ გვქონია. კვებისთვის თანხა გამოყოფილი არ არის, რის გამოც 15-საათიან გრაფიკში გვიწევს საკვები ჩვენი სახსრებით შევიძინოთ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ის საშუალოდ 350 ლარია, მაგრამ ამ თვეების განმავლობაში სრული ხელფასი არასდროს ჩამრიცხვია. ბოლო ხელფასზე 250 ლარი ჩამომაჭრეს, რის შემდეგაც ხელმძღვანელებს ოფიციალური წერილით მივმართეთ, სადაც განმარტება ვთხოვეთ, რა მიზეზით ჩამოგვაჭრეს თანხა, თუმცა პასუხიც კი, არ გაგვცეს. გაპროტესტებას არანაირი აზრი არ აქვს, ყურადღებას არავინ აქცევს. ამასთან, ხელშეკრულებაში ფიქსირებული ხელფასი გვეწერა, თუმცა ბოლო პერიოდში, საათობრივ ანაზღაურებაზე გადაგვიყვანეს. რაც შეეხება სხვა პირობებს, მაგალითად ზამთარში მუშაობა იყო ყველაზე რთული, რადგან მაღაზიაში საკმარისი რაოდენობის კონდიციონერი არ არის. გარდა ამისა, თუ ფიქსირდებოდა, რომ გათბობა 23 გრადუსზე მეტია, მონიტორინგი მაშინვე რეკავდა, გვეუბნებოდა, რომ რეგულარული გრადუსი არის 23 და უფრო მეტზე არ უნდა აგვეწია. მთელი ზამთარი ვიყინებოდით. 7 თვეა უკვე აქ ვმუშაობ და მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ პრობლემები გვაქვს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა თანამშრომლებისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება მოგვიწია, მიზეზი კი, მათი გადაღლილობა იყო. მაშინ როცა მონიტორინგი დღეში რამდენჯერმე რეკავს ელემენტარულ საკითხებზე, არასდროს არ დაინტერესებულა თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობით. ყველა თანამშრომელი იძულებულია გაუძლოს ამ სიტუაციას, რადგან სამსახური ყველას გვჭირდება, თუმცა არაადამიანური პირობების გამო, იქ მუშაობა შეუძლებელი და აუტანელია", - აცხადებს კონსულტანტი #1.

"სპარში" 4-თვიან მუშაობას კატასტროფად აფასებს კიდევ ერთი დასაქმებული. კონსულტანტი #2 ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ პერსონალი მონიტორინგის მუდმივი წნეხის ქვეშ იყო, რაც ხშირად სიტყვიერი შეურაცხყოფითაც გამოიხატებოდა. ანაზღაურების პრობლემის შესახებ ეს რესპონდენტიც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფიქსირებული ხელფასი (350 ლარი) სრულად არასდროს აუღია.

"ვიდრე სამსახურში ამიყვანდნენ არავის გავუფრთხილებივარ ამდენი საქმის კეთება თუ მომიწევდა. პირადად მე, როცა ამიყვანეს დამლაგებელი ჰყავდათ, თუმცა მალევე კადრების შემცირება მოხდა, დამლაგებელი გაათავისუფლეს და მისი ფუნქციაც ჩვენ დაგვაკისრეს. ზოგადად „სპარში“ ერთ კონკრეტულ პოზიციაზე არ მუშაობ, აბსოლუტურად ყველაფრის კეთება გიწევს. მარკეტში ყველაფერს ვაკეთებდით - მოლარის, კონსულტანტის, დამლაგებლის პოზიციის შეთავსება გვიწევდა, ვამოწმებდით პროდუქციას, ვალაგებდით და ბევრ სხვა რამეს გვავალებდნენ. ამ ყველაფრის კეთება განსაკუთრებული დატვირთვით ღამის ცვლაში უფრო გვიწევდა. სამსახურიდან წამოსვლა რომ დავაპირე, განცხადება დამაწერინეს და 2 კვირის შემდეგ წამოვედი. წამოსვლის მიზეზი კი იყო ის, რომ 4 თვის განმავლობაში, რაც „სპარში“ ვმუშაობდი, ხელფასი სრულად არასდროს ამიღია. მაღაზიას ყოველთვის ჰქონდა დანაკლისი და ამ დანაკლისს ჩვენი ხელფასებით ავსებდნენ. ბოლოს კი, ჩემი კუთვნილი ფიქსირებული 350 ლარიდან, ხელფასი მხოლოდ 130 ლარი დამერიცხა. ამის გარდა ჩვენი მენეჯერი საშინელი ადამიანი იყო. ჩემი მუშაობის ბოლო თვეში თანამშრომლებს შორის ყველაზე მეტი ხელფასი 135 ლარი იყო. ხელფასის ჩამოჭრის მიზეზი ყოველთვის მოიძებნებოდა, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ პროგრამის ბრალი იყო დანაკლისები, რადგან პროდუქციას ყოველთვის ვითვლიდით. ჩვენს ფილიალში შტატში ვიყავით 9 თანამშრომელი. დღის ცვლაში 3-ნი ვმუშაობდით, ხაზის გოგო და 2 მოლარე-კონსულტანტი, ხოლო ღამის ცვლაში 2. მიუხედავად სამუშაო საათებისა, კვების ხარჯებს ჩვენი ჯიბიდან ვიხდიდით, რადგან კომპანია არ ანაზღაურებდა. იყო შემთხვევა, როდესაც პროგრამაში დანაკლისი აღმოვაჩინეთ, დავითვალეთ პროდუქცია და თანხა, ყველაფერი ემთხვეოდა, თუმცა რადგან პროგრამულად შეცდომა ფიქსირდებოდა, ხელფასიდან თანხა მე ჩამომაჭრეს. მენეჯერი დამპირდა, რომ პრობლემას მოაგვარებდა და თანხას დამიბრუნებდნენ, თუმცა ჟარგონულად ვიტყვი "ფეხებზე დამიკიდა". ამის გარდა, ვადაგასულ პროდუქციას ჩვენ გვაწერდნენ და გვაჭრიდნენ თანხას. არ გვქონდა უფლება თუნდაც „სამენეჯეროში“ ჩამოვჯდარიყავით, უნდა ვმდგარიყავით ფეხზე. ეს მით უმეტეს რთული იყო ღამის ცვლაში, როცა 15 საათის განმავლობაში მუშაობ. მონიტორინგი ყოველთვის იყო მზად დაერეკა და გაველანძღეთ თუ ვინმე ჩამოჯდებოდა, ან შევიდოდა ოთახში და უბრალოდ ტელეფონს დახედავდა, ან ღამის განმავლობაში ფეხზე დამდგარი, მაშინ როცა მაღაზიაში არ იმყოფებოდა მომხმარებელი, თვალს უბრალოდ მოხუჭავდი რამდენიმე წამით. ოფიციალური შესვენება წესით გვქონდა ყველას, მაგრამ იმდენად დაშინებულები არიან ბავშვები ყველაფერზე ხელფასიდან თანხის ჩამოჭრით, რომ არასდროს არავინ იყენებდა კუთვნილ შეხვენებას. ერთი სიტყვით რომ აღვწერო, იქ მუშაობა ყველა თანამშრომლისთვის არის გაუსაძლისი, ეს კატასტროფაა“, - ამბობს კონსულტანტი #2.

კერძო სექტორში არსებული პრობლემების შესახებ „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC)  იურისტს, ლელა გვიშიანს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ვინაიდან, ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც დასაქმების ადგილებზე შრომით პირობებს გააკონტროლებს, დასაქმებულთა უფლებები სისტემატიურად ირღვევა.

„დასაქმებულების მხრიდან არაერთხელ ყოფილა გაჟღერებული სერვისის სექტორში არსებული პრობლემები, რომელიც მძიმე შრომის პირობებს უკავშირდება. ყოველივე ეს ხშირად გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე და მათი ფუნდამენტური უფლების, ანუ შრომის უფლების დარღვევაზე. ხშირ შემთხვევაში ეს არის გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და დამატებითი სამუშაოები, რომელიც მათი ხელშეკრულების საგანს სცდება. ჩვენ ვიცით, რომ მაღაზიებში ხშირად ითავსებენ რამდენიმე პოზიციას ერთად (მოლარის, დაცვის, მტვირთავის და ა.შ) და ეს არ ხდება მათი ხელფასების ზრდის საპირწონედ, ისინი იმაზე ბევრად მეტ სამუშაოს ასრულებენ, რაც ევალებათ. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან დასაქმებულების უფლებები სისტემატიურად ირღვევა. კვლევისას, ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა შრომის ანაზღაურების ოდენობა, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების არ არსებობა, შვებულებების არ არსებობის პრობლემა, დანაკლისების ჩამოჭრის და ზიანის ანაზღაურების ძალიან მახინჯი პრაქტიკა. დასაქმებულებს კანონით ნამდვილად არ ევალებათ მაღაზიის დანაკლისების გადახდა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია კანონიერი თუ დამსაქმებელი დასაბუთებულად გამოავლენს დასაქმებულის ბრალეულობას.

ეს ჩვენი შრომის კანონმდებლობის პრობლემაც არის. არ არსებობს ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც დასაქმების ადგილებზე შრომით პირობებს გააკონტროლებს. ვგულისხმობ შრომის ინსპექციას და მის უფუნქციობას ამ ნაწილში. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი გულგრილი დამოკიდებულება თავს იჩენს დასაქმების ადგილებზე, მათ შორის სერვისის სექტორში. შესაბამისად, ხშირია თვითნებური შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლები ძალიან ბოროტად იყენებენ თავიანთ დომინანტურ მდგომარეობას და პრაქტიკულად კაბალური პირობებით ამუშავებენ დასაქმებულებს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ სერვისის სექტორში ძალიან ბევრი დამსაქმებელი პრაქტიკულად ლეგალურ შრომით ექსპლუატაციას აკანონებს“, - განაცხადა გვიშიანმა.

იურისტი მოქალაქეებს ურჩევს, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დახმარებისთვის პროფკავშირებს ან არასამთავრობო ორაგნიზაციებს მიმართონ. ერთ-ერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია სწორედ EMC-ია.

„დასაქმებულებს მოვუწოდებთ, საკუთარი შრომის უფლებების დარღვევა გააპროტესტონ და სასამართლოს მიმართონ. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ პარალელურად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მოვთხოვოთ სხვადასხვა მექანიზმების გატარება, მათ შორის კანონმდებლობის შეცვლა, ინსპექციის შექმნა, რომელიც დასაქმებულებისთვის ამ ბრძოლას გააადვილებს. ძალიან ცოტაა ისეთი შემთხვევა, როცა დასაქმებულები მიმართავენ თავისი შრომითი უფლებების დაცვისთვის სასამართლოს, ან რომელიმე უწყებას.  როგორც წესი, სტატისტიკურად დასაქმებულები ამას მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ აკეთებენ. თუმცა, საკუთარი ნებით სამსახურიდან წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ მათი შრომითი უფლებები არ დარღვეულა. ჩვენს რეალობაში დასაქმებულებს, რომელთა შრომითი უფლებაც დაირღვა, შეიძლება ჰქონდეთ როგორც პროფესიული კავშირების დახმარების  მოლოდინი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით, მათ შორის ჩვენ შეიძლება მოგვმართონ“, - განაცხადა ლელა გვიშიანმა.

აღსანიშნავია, რომ სტატიაში არსებულ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით, კომპანია „სპარის“ წარმომადგენლებს რამდენჯერმე დავუკავშირდით და თავიანთი პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ, თუმცა მათ განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებ არ სურთ.

 

 

სოფო ხუგოიანი




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics