12:59 - 22 May, 2019
2019-03-14 19:24:03, 566 ნახვა
გიორგი ქობულიამ იაპონელ კოლეგასთან ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან ჰიროშიგე სეკუსთან. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2018 წელს ექსპორტი 55 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ამავე დროს, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი გაცილებით მეტია, რაც აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდად დინამიკაზე იაპონიაში, კერძოდ, 2018 წელს ზრდამ 28 პროცენტი შეადგინა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ტოკიოში ღვინის გამოფენის მოწყობის ფაქტი, რომელიც მარტში გაიხსნება, 7 მაისამდე იმუშავებს და გამოფენის დამთვალიერებლებს მიაწვდის ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიისა და უწყვეტი ტრადიციების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას იაპონიის ბაზარზე. ასევე დადებითად შეფასდა ტოკიოში საქართველო - იაპონიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზებას იაპონიის ბაზარზე.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე შეთანხმებაზე საქართველოსა და იაპონიის  ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას (NEXI) შორის, რომელსაც ხელი 15 მარტს მოეწერება. აღინიშნა, რომ შეთანხმება სტიმულს მისცემს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდას, აგრეთვე ხელს შეუწყობს საქართველოში იაპონური ინვესტიციების შემოსვლას.

ქართულმა მხარემ ასევე გაამახვილა ყურადღება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხზე და იაპონელ კოლეგას აღნიშნული პროცესის დაწყება შესთავაზა. ასევე აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებაზე, რომლის შედეგადაც შეთანხმების ძირითად ტექსტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. შეხვედრაზე მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რათა დასრულდეს დარჩენილი ფორმალური პროცედურები შეთანხმების გაფორმების მიზნით. იაპონურმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ შემდგომ ნაბიჯად შესაძლოა, საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაწყების შესაძლებლობა განიხილოს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოსა და იაპონიის მინისტრებმა ისაუბრეს, ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება იყო. ქართული მხარე იაპონიის გამოცდილებით დაინტერესდა.

ქართული მხარემ იაპონურ მხარეს  ორი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა შესთავაზა. საუბარია, 230 - 250 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურისა და მზის 50 მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე. ითქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია, თუკი იაპონური კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერებში.

გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და გამოთქვა დაინტერესება, რომ იაპონურმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების ენერგოაუდიტში და როგორც საბითუმო მომხმარებლებს, გაუწიოს ტექნიკური დახმარება და გაუწიოს გამოცდილება მათი ენერგოეფექტურობის გეგმის შემუშავების მიზნით.

ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, პრიორიტეტად განისაზღვრება ჰიდრო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების მეშვეობით. განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების დიდი პოტენციალი, არამარტო წყლის რესურსის, არამედ ქარის, მზის, გეოთერმული და ბიომასის ენერგიის ათვისების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ქართულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, რომ აღნიშნულ პროცესში იაპონურმა კომპანიებმა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონელი კოლეგა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

  

 

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics