03:05 - 24 Mar, 2019
2019-03-12 12:11:23, 325 ნახვა
კობახიძე: საუბრები, თითქოს იუსტიციის საბჭომ კონსტიტუციასა და კანონპროექტში რაღაც ნორმები დაწერა - სპეკულაციაა

„პოლიტიკური ინტერესი არსებობს, მან აღიარა, რომ კანონპროექტი, რომელიც წარდგენილი ჰქონდა მანამდე, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას. ეს აღიარება არის ცალსახა და თვალსაჩინო",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას ინიციატივას, მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხზე, ახალი კონსტიტუციური ცვლილებების მომზადების შესახებ.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხი დახურულია, რადგან საკონსტიტუციო რეფორმა უკვე განხორციელებულია და მან ვენეციის კომისიის მხრიდან, ყველა ნაწილში, დადებითი შეფასება დაიმსახურა.

„კონსტიტუცია არის დახურული თემა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ყველა ნაწილში, ჩვენ დავიმსახურეთ ძალიან დადებითი შეფასება ვენეციის კომისიის მხრიდან, მათ შორის, ეს ეხება სასამართლო ხელისუფლების მომწესრიგებელ რეგულაციებსაც. ყველა ნორმა, რომელიც არის განსაზღვრული კონსტიტუციაში, შემუშავებული იქნა ვენეციის კომისიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. ერთადერთი, რაც არ გავიზიარეთ ჩვენ ვენეციის კომისიისგან, იყო პარლამენტის ჩართულობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევაში. ეს არ გავიზიარეთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძალიან სწორადაც მოვიქეცით, როცა არ გავიზიარეთ. ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული კონტექსტი და სწორედ ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პარლამენტმა უნდა თქვას საბოლოო სიტყვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების დროს",- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა  განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი იუსტიციის საბჭოს კარნახით მოამზადა. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციაში არცერთი ნორმა არ არის შეტანილი გარდა ერთისა და საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი, ერთხმად იქნა მოწონებული, მათ შორის, ეკა ბესელიას მხრიდანაც. ირაკლი კობახიძის თქმით, იმავე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ, მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტსაც. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებას და პროცედურა არის უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე.

„არ არის არცერთი ნორმა შეტანილი კონსტიტუციაში, თუ კონსტიტუციას ეხება საქმე, რომელიც არის ჩამოყალიბებული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გარდა ერთისა - მათი, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია იყო მდივნის თანამდებობის ასახვა კონსტიტუციაში, ეს იყო რეკომენდაცია და მეტი არაფერი და ჩვენ ეს გავიზიარეთ. მე შემიძლია, დავასახელო რამდენიმე ნორმა, რომელიც არ მოეწონა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და რომელიც ჩვენ ავსახეთ კონსტიტუციაში, აქედან გამომდინარე, ესეც არის სპეკულაციები. თავისი პასუხისმგებლობით ჩამოაყალიბა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ის დოკუმენტი, რომელიც იქნა შემუშავებული და მე შეგახსენებთ, რომ კომისიაში ეს ნაწილი კონსტიტუციის ერთხმად იქნა მოწონებული. ერთხმად - ანუ, ყველამ მოიწონა ეს დოკუმენტი, ქალბატონი ეკა ბესელიას ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით და ყველა ექსპერტის ჩათვლით, ანუ, ერთხმად დავამტკიცეთ ჩვენ ის რეგულაციები, რომელიც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ თითქოს იუსტიციის საბჭომ დაწერა რაღაც ნორმები კონსტიტუციაში, არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია.

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს არის კანონპროექტი, რომელიც დეტალურად აწესრიგებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებას. არის უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ევროპულ ქვეყანასაც კი, ევროკავშირის ქვეყანას, სადაც ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურა არის დადგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებისთვის. უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალეა და აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ იმაზე, თუ ვისი დაწერილია ეს კანონპროექტი",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics