03:18 - 24 Feb, 2019
2019-02-12 11:44:03, 222 ნახვა
პრემიერი: 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა

„2016 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო და დღემდე  600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 600 700-მდე განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა. ჯამურად კი რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს ყველა ის სირთულე აღმოფხვრილია, რომელიც მიწის რეგისტრაციასთან იყო დაკავშირებული.

„დღეს საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგები და მოგახსენოთ, რა ვითარება გვაქვს დღეს ამ მხრივ.

მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში მიწების რეგისტრაცია გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დაიწყო აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის რეგისტრაციის პროცედურები და მოქალაქეებისთვის ეს სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა.

მიწების რეგისტრაცია 2016 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო და დღემდე  600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა. დღეის მდგომარეობით უკვე ფაქტობრივად აღმოფხვრილია ყველას ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან. გამარტივებულია პროცედურები, მოხსნილია ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ წახალისებულია მიწის რეგისტრაციის პროცედურა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, არის ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები. სწორედ ამას ითვალისწინებს რეფორმა და აწესებს ახალ სტანდარტებს, რითაც უფრო მეტად დაცული ხდება მიწის მესაკუთრის უფლებები.

დღეს ჩვენს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლონ საჭირო სერვისებით, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, აქტიურად ისარგებლონ ამ გამარტივებული პროცედურებით.

2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 700 000-ზე მეტი განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა, ჯამურად კი, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300.000 ჰექტარზე მეტს შეადგენს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი კეთდება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. მინდა ყველას შევახსენო, რომ 2017 წელს საქართველო იყო პირველი, ვინც დავიწყეთ რევოლუციური - ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა სახელმწიფო სექტორში და კერძოდ, სახელმწიფო სერვისებში. მიწის რეგისტრაციის რეფორმა კი გახლდათ ის საპილოტე პროექტი, რომელშიც გადავწყვიტეთ ბლოკჩეინის გამოყენება. ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენს რეფორმებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემები, რომელიც შენახულია ამ სისტემაში, მისი წაშლა, შეცვლა, გადაწერა ან ამ მონაცემების უკანონო გამოყენება თითქმის შეუძლებელია და ეს მონაცემების დაცვის სტანდარტს უმაღლეს ნიშნულზე აყენებს.

სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახდინოთ საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია. ჩემი მიდგომა და ჩემი მოწოდება თითოეული სამინისტროს მიმართ გახლავთ ის, რომ რეფორმებში, რომელიც 2019 წელს დაინერგება საქართველოში, გამოყენებული იქნას მსგავსი ტექნოლოგიები.

მინდა აქვე მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობდა და მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებისთვის მართლაც 24 საათიანი დაუღალავი შრომა გასწია, - საჯარო რეესტრის სამსახურების თანამშრომლებს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს, ასევე იუსტიციის სამინისტროს, რომლის ძალისხმევის გარეშეც ეს რეფორმა ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული. აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს ილუზია, ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები, რომელიც გამოსასწორებელია, ჯერ კიდევ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს თავისი ისტორიული საკუთრება არ აქვს რეგისტრირებული, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება უფრო აქტიური კამპანიების წარმოება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ამ რეფორმაში. დღეს ჩვენ გვაქვს მოქალაქეთა მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც  რეფორმის ამოქმედებიდან  5-ჯერ არის გაზრდილი და რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი რეფორმის დინამიკა არის ძალიან მაღალი და იუსტიციის სამინისტრო სხვა სამინისტროებან ერთად ჩაატარებს აქტიურ კამპანიას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩართულობის კოეფიციენტი, რომ ეს რეფორმა წარმატებით დავასრულოთ. მე ხშირად მეკითხებიან, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თუ რომელი რეფორმა წარმოგვიდგენია საექსპორტო რეფორმად. ვინაიდან ძალიან ბევრი ქვეყანა გვთხოვს გამოცდილების გაზიარებას იმ რეფორმებში, რომელიც ჩვენ წარმატებით დავნერგეთ., რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი, რომელზეც მე ვპასუხობ, ეს გახლავთ მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული იქნება შემდეგი წლების განმავლობაში. დიდი მადლობა ველას ყურადღებისთვის და მოვუწოდებ საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს ამ რეფორმაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს
2 გარდაცვლილი, 14 დაშავებული - ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა საზღვარზე მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics