08:20 - 24 Apr, 2019
2019-01-24 17:04:55, 2020 ნახვა
თბილისს ცნობილი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა

თბილისს  ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.

თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს სექტემბრის შუა რიცხვებში ესტუმრება. მსოფლიო რანგის მწერლის ვიზიტის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და ავტორის ქართველმა გამომცემლებმა დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მსოფლიო მნიშვნელობის მწერლების ვიზიტებით ხელი უწყობს საქართველოს, როგორც მსოფლიო ლიტერატურული და ინტელექტუალური დისკუსიების პლატფორმად ჩამოყალიბებას.  ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან. მარიო ვარგას ლიოსა შეხვედრებს გამართავს ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან. ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.  ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში.

მედეა მეტრეველის თქმით, ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი და გამოცემულია ლიოსას ხუთი წიგნი - „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „ხუთი კუთხე“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელები ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი ამირან გაბესკირია). მიმდინარე წელს ქართველი მკითხველი ავტორის კიდევ ორ ნაწარმოებს გაეცნობა ქართულ თარგმანში - „საუბარი კათედრალში“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელი ლანა კალანდია), „ბოლო ჟამის ომი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი) .

1936 წელს პერუში დაბადებული მარიო ვარგას ლიოსა ცნობილია არა მხოლოდ როგორც ლიტერატორი, არამედ როგორც თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე. ერთ-ერთი გამორჩეული სამხრეთამერიკელი ავტორი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1990 წელს ის მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მხარდაჭერით, თუმცა ალბერტო ფუხიმორისთან დამარცხდა. მწერალმა 1993 წელს პერუ დატოვა, ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და ესპანეთში გადასახლდა.

მარიო ვარგას ლიოსა 20-მდე რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს კი გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics