20:09 - 18 Jan, 2019
2018-12-31 18:03:26, 1236 ნახვა
„კაცის კვლა რელიგიის სახელით“ - 2018 წლის შემზარავი ტერაქტები

ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. რელიგიური, ეთნიკური თუ პირადი იდეოლოგიით მოწყობილი ტერაქტების მსხვერპლნი ხშირ შემთხვევაში არა უშუალოდ კონკრეტული ძალაუფლების წარმომადგენელი პირები, არამედ რიგითი, უდანაშაულო მოქალაქეებიც ხდებიან.

არაჰუმანური ბრძოლის ეს ხერხი მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოყენებადი გახდა და უდიდეს მასშტაბებს აღწევს. დღეს თანამედროვე მსოფლიო გმობს ტერორიზმს და მრავალმა ქვეყანამ მასთან ბრძოლა ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად აქცია.

თანამედროვე ტერორიზმი ძალადობის მრავალ ხერხს იყენებს: აფეთქებება, თვითმკვლელობება, მძევლების აყვანა, სატრანსპორტო საშუალებით ხალხის მასობრივი მკვლელობა და სხვა. მსოფლიოში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების სამწუხარო სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება.

2018 წლის პირველივე დღეს ტერაქტი რამდენიმე ქვეყანაში მათ შორის ავღანეთსა და პაკისტანში განხორციელდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი, დაშავდა. 3 იანვარს ნიგერიაში განხორციელებულ თავდასხმას 15 ადამიანი შეეწირა. ყველაზე მასშტაბური ტერაქტი 27 იანვარს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოხდა, რომმელმაც 103 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაჯგუფება "თალიბანის" წევრმა ინდოეთის საელჩოსთან თავი აიფეთქა. მომხდარის გამო 200-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. წლის პირველ თვეში ყველაზე ხშირი ტერორისტული აქტები სირიაში, ერაყში, ავღანეთსა და პაკისტანში მოხდა. ხშირ შემთხვევაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" და "თალიბანმა" აიღეს. თებერვალში მსოფლიოს მასშტაბით ტერაქტის შედეგად 635 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი, დაშავდა. ყოველთვიურად ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი იზრდებოდა, მხოლოდ მარტში აღმოსავლეთ ქვეყნებში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 900 ადამიანი დაიღუპა. 22 აპრილს ტერორისტების სამიზნე ისევ ავღანეთი გახდა. ქაბულში საარჩევნო ცენტრის შესასვლელთან თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი, დაშავდა. მორიგი თავდასხმა ტერორისტებმა ავღანეთის პროვინცია კანდაგარზე განახორციელეს. ტერაქტს სკოლის 11 მოსწავლე ემსხვერპლა, თუცა ტერორისტების სამიზნე რუმინელი ჯარისკაცების კონვოი იყო, რომლებიც ავღანეთში ნატო-ს მისიის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ინციდენტის დროს 6 სამხედრო მოსამსახურეც დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სულ ტერაქტის შედეგად აპრილის თვეში 848 ადამიანი დაიღუპა.

1-ელ მაისს ნიგერიის ქალაქ მუბიში ტერორისტულმა ორგანიზაცია "ბოკო ჰარამმა" ორმაგი ტერაქტი მოაწყო. ტერორისტები ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრსა და მეჩეთს დაესხნენ თავს. მათ თავი აიფეთქეს, რის შედეგადაც 88 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი, დაშავდა. 2 მაისს ლიბიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისზე განხორციელებულ ტერაქტს 16 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის კომისიის 3 თანამშრომელი და 4 სამართალდამცველი იყო. შენობასთან ჯერ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, შემდეგ კი მისმა თანამაზრახველებმა ცეცხლი გახსნეს. მსხვერპლის გარეშე არც, ივნისს ჩაუვლის. მხოლოდ 1-ელ ივნისს სომალიში ორგანიზებული ტერაქტის დროს 72 ჯარისკაცი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ალ-შაბაბმა" აიღო. ყველაზე ხშირად ტერაქტები ისევ ავღანეთში, სირიასა და ერაყში განხორციელდა. 9 ივნისს დიდი მსხვერპლით დასრულდა ავღანეთის ერთ-ერთ პროვინციაში "თალიბანის" მიერ განხორციელებული თავდასხმა. მაშინ 65 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ტერორისტებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის შეტაკებები ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. 13 ივლისს ისლამისტებმა პაკისტანში ორმაგი ტერაქტი განახორციელეს. ტერორისტები ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან აამოქმედეს, ხოლო მორიგი თავდასხმა ქალაქ ბანუში მიმდინარე აქციის მონაწილეებზე განხორციელდა. ტერაქტების ეს სერია პაკისტანში ყველაზე დიდი მსხვერპლით დასრულდა. ისლამისტებმა 150 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. პაკისტანის თავდასხმას სირიაში 25 ივლისს მომხდარი ტერაქტების სერია იყო, რის შედეგადაც სულ მცირე 318 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისლამისტებმა ქვეყნის მასტაბით რამდენიმე ქალაქსა და სოფელს დაესხნენ თავს. ათობით ადამიანი მძევლად აიყვანეს. თავდასხმის უკან ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" იდგა. ავღანეთზე თავდასხმები არც აგვისტოში შეჩერებულა. 3 აგვისტოს გარდეზში ორი ბურკაში გადაცმული ორი თერორისტი მეშეთში შეიჭრა და იქ მყოფ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ მათ თავი აიფეთეს. თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაირუპა, 70-მდე კი, მძიმედ დაშავდა.

როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 6 სექტემბერს ქაბული კვლავ კვამლში გაეხვა. მომხდარი ორმაგი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 95 დაშავდა. ორივე აფეთქება ქაბულის დასავლეთ ნაწილში, პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტი სპორტდარბაზში შეიჭრა და თავი აიფეთქა, რის შედეგად 6 სპორტსმენი დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა. ტერორისტების სამიზნე ასევე პოლიციელები იყვნენ, რომლებიც პირველი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდნენ. ტერაქტის დროს აგრეთვე Tolo News-ის 2 ჟურნალისტი დაიღუპა, კიდევ 4 კი, დაშავდა.  მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 22 სექტემბერს თავდასხმა ირანში სამხედრო აღლუმის დროს მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ჟურნალისტი. ტერაქტის დროს კიდევ 21 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. უცნობმა პირებმა აღლუმის დროს ადგილზე შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ ტერაქტი ანექსირებული ყირიმში მოხდა. 17 ოქტომბერს, ერთ-ერთ კოლეჯში აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი, დაშავდა. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, კოლეჯში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ თავმდამსხმელი ამავე კოლეჯის სტუდენტი იყო. ე.წ ტერორისტული ომი მსოფლიოში ამით არ შეჩერებულა და "ისლამურმა სახელმწიფომ" მორიგ სამიზნედ ისევ ავღანეთი გახდა. 20 ოქტომბერს ქაბულში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტი ქალაქის ცენტრში, ქორწინების სასახლესთან მოხდა. თავდასხმის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.  მომხდარის გამო კიდევ 80 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 18 ნოემბერს ნიგერიაში მორიგი ტერაქტი განხორციელდა. დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" მებრძოლები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს და 118 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს. 153 პირი, მათ შორის ჯარისკაცები ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. 

წელს ჯიჰადისტებმა უყურადღებოდ არც ევროპა დატოვეს. 20 ივლისს გერმანიის ქალაქ ლუბეკში, მამაკაცმა ავტობუსში დანით 14 ადამიანი დაჭრა. ამასთან, 22 აგვისტოს გერმანელმა სამართალდამცველებმა კიდევ ერთი დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთა შეძლეს. მაშინ ბერლინში, ასაფეფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ტერაქტის მომზადების ბრალდებით, პოლიციამ რუსეთის მოქალაქე დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ სხვადასხვა ნივთიერებები აღმოაჩინა, რომლითაც ბრალდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას გეგმავდა. კიდევ ერთი თავდასხმა გერმანიაში 20 დეკემბერს მოხდა. ქალაქ რეკლიგჰაუზენში ავტობუსის გაჩერებაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად 9 ადამმიანი დაშავდა. 

შემდეგი სამიზნე საფრანგეთი იყო. ქალაქ სტრასბურგში 11 დეკემბერს 29 წლის მამაკაცმა საშობა ბაზრობაზე სროლა დაიწყო, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 პირმა კი, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. თავდამსხმელის შესახებ პოლიციამ დიდი ხნის განმავლობაში იცოდა. ის საფრანგეთში, სტრასბურგშია დაბადებული და კანონდარღვევის გამო, სამართალდამცველების დაკვირვების ქვეშ არაერთხელ ყოფილა. BBC-ი იტყობინებოდა, რომ მომხდარის გამო ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, ხოლო საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა. შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებული დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობაც დაიხურა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო.

ტერორიზმმა არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაურა გვერდით. 21 სექტემბერს ნიუ-იორკში დანით შეიარაღებული ქალი საბავშვო ბაღს დაესხა თავს, რის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაშავდა.  შემთხვევა ქუინსში მოხდა. პოლიციამ 52 წლის თავდამსხმელი ბაღის სარდაფში დააკავა. მანამდე მან თვითდაზიანებები მიიყენა.

ეს 2018 წელს მომხდარი შემზარავი ტერაქტების არასრული ჩამონათვალია. ტერაქტების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოს 10 ქვეყანაში დაფიქსირდა: ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, სირია, პაკისტანი, სომალი, ინდოეთი, იემენი, ეგვიპტე, ფილიპინები. ოცეულში მოხვდნენ აგრეთვე - კონგო, თურქეთი, ლიბია, სამხრეთ სუდანი, აფრიკა, კამერუნი, ტაილანდი, სუდანი, კენია და ამერიკის შეერთებული შტატები. 2018 წელს ტერორისტების მიერ დაუზარალებელ ქვეყნებს შორის მოხვდა ბელარუსი, ლიეტუვა, პორტუგალია, სინგაპური და სლოვაკეთი.  ეს მონაცემები მოცემულია ტერორიზმის გლობალური რეიტინგის (Global Terrorism Index), კვლევაში, რომელიც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა (The Institute for Economics and Peace). საქართველო წელს 12 პუნქტით დაწინაურდა. ის უსაფრთხო ქვეყნების სიაშია, 89-ე ადგილი დაიკავა. (2017 წელს 77-ე ადგილზე იყო) კვლევა მსოფლიოს 138 ქვეყანაში განხორციელდა.

ტერორიზმი საყოველთაო გლობალურ საფრთხედ უკანასკნელ წლებში იქცა, როცა მან საერთაშორისო ტერორიზმის ფორმა მიიღო და მთელ მსოფლიოს დაემუქრა. ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი კაცობრიობის ერთიან ძალისხმევას მოითხოვს

 

 

ბელა არუთინოვი



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics