08:29 - 20 Apr, 2019
2018-12-31 14:34:46, 2182 ნახვა
წლის ადამიანი - გმირი არჩილ ტატუნაშვილი

ცხინვალში 23 თებერვალს 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. იგი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.

ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
ოჯახს ჯერ უთხრეს, რომ არჩილი დააკავეს; მერე, რომ ტერორისტად გამოაცხადეს; შემდეგ, რომ ფეხი დაუცურდა, კიბეზე დაგორდა და გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა.
 ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა”.ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცა – თითქმის ერთი თვის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.
“არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, 2018 წლის 20 -21 მარტს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ბატონი ირაკლი თოიძე, პროკურატურის დადგენილების შესაბამისად.

წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე. ცენტრის „ემპათია“  ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ – კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ – შედეგობრივი კავშირი”, – წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არჩილის დედა რუსუდან ტატუნაშვილი იხსენებს.
დედა: „ხმები გაავრცელეს, ბადრაგისთვის იარაღის წართმევა უნდოდა, კიბეზე ფეხი აუცდა და დაეცა, თავი დაარტყა და ასე გარდაიცვალაო. მოგვიანებით ვერსია შეცვალეს, რომ გულის შეტევა დაემართა. სინამდვილეში, როგორც ხმები მოგვივიდა, ბორკილდადებული იქ ათ შეიარაღებულს ებრძოდა, რომ ვერ მოერივნენ, ამიტომ აწამეს და მოკლეს ტყვიით. ცხედარსაც კვალის წაშლის მიზნით არ გვაძლევდნენ. მთელმა საქართველომ ნახა ჩემი შვილის დამტვრეული ხელები“.

არჩილის მამა: „როცა გავიგე, რომ დაიჭირეს, ოჯახის წევრებს გულს ვუმაგრებდი, თუმცა მე ვიცოდი, რომ იქიდან მისი გამოშვება ასე მარტივად არ მოხდებოდა. აჩიკო ოკუპაციის რეჟიმს შეეწირა. ჯარში სამსახურის გამო შეგნებულად დაიჭირეს, თორემ ასე არ გაიმეტებდნენ. ბებომ როცა დარეკა, ჩემი მეუღლე და უფროსი ბიჭი მაშინვე წავიდნენ ახალგორში. ჩემი მეუღლე საზღვარზე არ გადაუშვეს, უკან მოაბრუნეს, ძმა მაინც გადავიდა. სახლში და გზაზე ელოდებოდა, რომ რამე შეეტყო. ბოლოს გურწიევთან მივიდა ვითარების გასარკვევად. სწორედ მისი დაჭერილი ყოფილა აჩიკო.  ვინაობა და ნათესაური კავშირის შესახებ უკითხავს, ბოლოს უთქვამს, არაფერი ვიციო, გავარკვევ ყველაფერს და დაგიკავშირდებითო. სინამდვილეში დაკავებაშიც თვითონ მონაწილეობდა და სახლის ჩხრეკაშიც. მოგვიანებით ჩემს უფროს შვილს, თეიმურაზს მეგობრებმა დაურეკეს და ურჩიეს, მანდ ნუ გაჩერდებიო. მე იმედიანად ვიყავი, რადგან თქვეს, ნარკოლოგიურში გადაიყვანესო. ვიფიქრე, შეამოწმებენ, ჩემი შვილი ნარკომანი არ არის და უკან გამოუშვებენ-თქო, თურმე ამ დროს აჩიკო უკვე მოკლული ჰყავდათ. ადრე ყოფილა შემთხვევა, რომ დაუჭერიათ და ისევ გამოუშვიათ ბიჭები“.

ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის  საერთაშორისო ძებნა  წითელი ცირკულარით დაიწყო. ეს პირები  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებასა და წამებაში არიან ბრალდებული. დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, 25-144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა.

გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის – დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2018 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ. რეზოლუციის დასახელებაში, ტატუნაშვილთან ერთად, ფიგურირებს გიგა ოთხოზორიას გვარი. ოთხოზორია 2016 წლის მაისში მოკლეს სოფელ ხურჩაში, აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იგი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას სტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაედევნა. მან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით, ბოლოს კი საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ აფხაზეთის კონტრილირებად ტერიტორიაზე გადავიდა და მიიმალა.

26 ივნისს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანი შეიყვანეს — ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც, ქართული მხარის თანახმად, მხილებულები არიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულობებში — მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და ამ დანაშაულებების დაფარვაში.
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა “ემპათია” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი “ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ” შეიტანა. სასამართლო სარჩელს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცენტრის დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი  აღნიშნავს, რომ 800 გვერდიან დოკუმენტში წარმოდგენილია სასამართლო დასკვნა და  მტკიცებულებები, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, წამება და მკვლელობა დასტურდება.

“წარმოდგენილი გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა წამების კვალი. თუ სასამართლო მოითხოვს დამატებით მტკიცებულებებს, სავარაუდოდ, განმარტებებს, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მტკიცებულებები გადავუგზავნოთ” - აცხადებს ცენტრის დირექტორი.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების თქმით, მათ მოლოდინი აქვთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას და დამნაშავეები დაისჯებიან.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics