16:49 - 21 Apr, 2019
2018-12-27 15:17:08, 1791 ნახვა
ადამიანები რომლებიც საქართველოს და მსოფლიოს 2018 წელს დააკლდნენ

2018 წელი გამონაკლისი არ ყოფილა, ამ წელსაც ისეთი ცნობილი ადამიანები გარდაიცვალენ, რომლებმაც თავიანთ პროფესიებში დიდი კვალი დატოვეს.

ჯონ იანგი



2018 წელის დასაწყისი ბოლო წელი აღმოჩნდა ცნობილი ასტრონავტის ჯონ იანგისთვის 5 იანვარს, NASA-ს ყველაზე გამოცდილი ასტრონავტი ჯონ იანგი, პნევმონიის გართულების შედეგად, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აპოლო 16-ის მისიის ფარგლებში, იანგი იმყოფებოდა მთვარეზე, ასევე ხელმძღვანელობდა „შატლისა“ და „ჯემინის“ პირველ მისიებს.

იყო პირველი ადამიანი, რომელიც ექვსჯერ გაფრინდა კოსმოსში — შვიდჯერ, თუკი ჩავთვლით 1972 წელს მის მეორედ ყოფნას მთვარეზე. ამავე დროს, წარმოადგენდა ერთადერთ ასტრონავტს, რომელიც ხელმძღვანელობდა ოთხი სხვადასხვა ტიპის კოსმოსურ ხომალდს.

შთამბეჭდავი კარიერა იანგმა NASA-ში 1962 წელს დაიწყო, როდესაც ის ასობით ახალგაზრდა პილოტს შორის შეარჩიეს, რათა შეერთებოდა NASA-ს ასტრონავტთა მეორე კლასს.

„დღეს, NASA-მ და მთელმა მსოფლიომ პიონერი დაკარგა. ჯონ იანგის ლეგენდარულმა კარიერამ კოსმოსურ ფრენათა სამ თაობას გასტანა; სწორედ მის მხრებზე ვდგავართ, როდესაც ჩვენ კაცობრიობის ახალ საზღვრებს ვეძებთ“, — აღნიშნა განცხადებაში NASA-ს ადმინისტრატორმა რობერტ ლაითფუტმა.

პოლ ბოკიუზი

2018 წლის 25 იანვარს, კულინარიის მეფე, ლეგენდა ფრანგი მზარეული, პოლ ბოკიუზი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოკიუზი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მზარეულია, რომელიც ახალი ფრანგული სამზარეულოს შემქმნელად ითვლება.

1975 წელს ელისეის სასახლეში პრეზიდენტის ვახშმისთვის მან მსოფლიოში განთქმული ტრუფელის სუპი მოამზადა და ამავე წელს საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცეს.

ახალი ფრანგული სამზარეულო, რომლის შესახებაც კრიტიკოსებმა წერა 1960-იან წლებში დაიწყეს, გამოირჩევა უბრალოებისადმი მიდრეკილებით, საკვების ნატურალურობითა და სერვირებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.

დავიდ ასტორი

2018 წლის 4 მარტს ფიორენტინას ფეხბურთელი და კაპიტანი დავიდ ასტორი მოულოდნელად გარდაიცვალა. დავიდ ასტორი  გარდაცვლილი საკუთარ სასტუმრო ოთახში იპოვეს, სადაც გუნდი უდინეზესთან გასამართი მატჩისთვის ემზადებოდა. ფეხბურთელი 31 წლის იყო.

 

 

იუბერ დე ჟივანში

2018 წლის 12 მარტს ლეგენდარული მოდის სახლის „ჟივანშის“ დამფუძნებელი, ფრანგი მოდის დიზაინერი იუბერ დე ჟივანში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ოდრი ჰეპბერნისა და ჯეკი კენედის ცნობილი სამოსები შექმნა.

იუბერ დე ჟივანში მოდის სახლს 1996 წლამდე  ხელმძღვანელობდა. შემდეგ ის ჯონ გალიანომ ჩაანაცვლა, ერთი წლის შემდეგ კი - ალექსანდერ მაკქუინმა.

„ჟივანშის“ სათავეში გასული წლიდან კლეარ ვეითია. ჟივანში ცნობილია ოდრი ჰეფბერნთან თანამშრომლობით, „საუზმე ტიფანისთან“ - „შავი მოკლე კაბით”

 

სტივენ ჰოკინგი

2018 წლის 14 მარტს ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჰოკინგი სამყაროს დიდი აფეთქების შედეგად შექმნის შესახებ თეორიის ავტორია. ის ასევე შავი ხვრელების წარმოშობას იკვლევდა.

ჰოკინგი არის არაერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი. ის გახლდათ ლონდონის სამეფო საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ასევე იყო აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

სტივენ ჰოუკინგს 1960-იან წლებში ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ის წლების მანძილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავარძლით გადაადგილდებოდა.

ბრიტანელი ფიზიკოსი მეცნიერების პოპულარიზაციას ეწეოდა და ისეთი ცნობილი წიგნების ავტორია, როგირიცაა “დროის მოკლე ისტორია” და “ყველაფრის თეორია”

ავადმყოფობის გამო მან დაკარგა საუბრის უნარიც. 1965 წელს ექიმებმა განაცხადეს, რომ ჰოკინგი მხოლოდ ორი წელი იცოცხლებდა.

ლეილა აბაშიძე 

2018 წლის 8 აპრილს ლეგენდარული, თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა, ლეილა აბაშიძე  88 წლისა იყო. 

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა.  იგი პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, სადაც კატოს როლი შეასრულა. იმ დროს მომავალი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. პირველ როლს მალე მეორე და მესამეც მოჰყვა („ოქროს ბილიკი“, 1945 წ. და „აკაკის აკვანი“, 1947 წ.).

კინოსა და თეატრის ორი გრანდი - თენგიზ არჩვაძე და ლეილა აბაშიძე

1951 წელს ლეილა აბაშიძემ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში „ქეთო და კოტე“ და „გაზაფხული საკენში“. მან განუმეორებელი როლები შექმნა, საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში „ჭრიჭინა“ (მარინე, 1954) და „აბეზარა“ (ლია, 1957). ფილმმა „ჭრიჭინა“  უამრავი ქვეყნის ეკრანები მოიარა და მსახიობს დიდი წარმატება ხვდა წილად.

ნატო ვაჩნაძის შემდეგ ლეილა აბაშიძე ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავი გახდა. მან  კომედიურ როლებთან ერთად სრულიად განსხვავებული სახეები და ტიპაჟები განასახიერა – ლელა („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, 1954), მანანა („ჩვენი ეზო“, 1956), მაია („მაია წყნეთელი“, 1959), მზია („სად არის შენი ბედნიერება, მზია?“, 1959), ძიძია („ხევისბერი გოჩა“, 1964), ნინო („შეხვედრა წარსულთან“, 1966), ლალი-მზევინარი („შეხვედრა მთაში“, 1966), ვარდისახარი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ქეთევანი („მოლოდინი“, 1969).

 

ტიმ ბერგლინგი, Avicii

2018 წლის 20 აპრილს შვედი მუსიკოსი ტიმ ბერგლინგი, იგივე Avicii 28 წლის ასაკში ომანში გარდაიცვალა. მუსიკოსი ლაივ პერფორმანსებს 2016 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეეშვა. მას რამდენიმე წლის განმავლობაში აწუხებდა მწვავე პანკრეატიტი, რაც სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ გამოიწვია. 2014 წელს გაკეთებული ოპერაციების შედეგად, მას ამოჭრილი ჰქონდა ბრმა ნაწლავი და ნაღვლის ბუშტი.

 

"გიჟური თავგადასავალი იყო ეს ყველაფერი. პროდუსინგი 16 წლის ასაკში დავიწყე, გასვლითი ტურები 18 წლის ასაკში. მას შემდეგ 100%-იანი ნახტომი მაქვს. როცა საკუთარ განვლილ ცხოვრებას ვუყურებ, ვფიქრობ: ვა, ეს მე გავაკეთე? ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო იყო. ეს ფასის სანაცვლოდ მოვიდა - დიდი სტრესისას და ნერვიულობის, ჩემს შემთხვევაში - თუმცა, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო თავგადასავალი იყო,"- თქვა Avicii-მ 2016 წელს ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში.

Avicii ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ერთერთი პიონერი იყო. მას მიღებული ჰქონდა MTV-ის 2 მუსიკალური ჯილდო და ერთი Billboard Music Award-ი. ამასთან, ის ორჯერ იყო ნომინირებული გრემიზე.

რეპერი XXXTentacion

2018 წლის 19 ივნისს აშშ-ის ქალაქ მაიამიში რეპერი XXXTentacion-ი მოკლეს.

მუსიკოსი 20 წლის იყო. შემთხვევა მოტოლასონთან მოხდა. რეპერს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თავისი ავტომობილიდან გადავიდა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილიდან ჩანთა გაიტაცეს. XXXTentacion-ის ნამდვილი სახელი ჯასეი ონფროია. მანს სადებიუტო ალბომი „17“ 2017 წლის აგვისტოში გამოუშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მე-2 ადგილი დაიკავა.

გიო ხუციშვილი

2018 წლის 11 ივლისს 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ​მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მომღერლის ახლობლებმა დაუდასტურეს.

გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

არეტა ფრანკლინი

2018 წლის 16 აგვისტოს სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

2010 წელს მომღერალს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

არეტა ფრანკლინმა ბოლო წარმოდგენა გასული წლის ნოემბერში, მომღერალ ელტონ ჯონის ფონდის მხარდაჭერით გამართა. მემფისში დაბადებულმა მომღერალმა განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებით Respect, Natural Woman, Think და I Say a Little Prayer-ით მოიპოვა.

2005 წელს სოულის დედოფლად წოდებული მომღერალი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა „მილიონობით ამერიკელის გულის დაპყრობისთვის” საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

არეტა ფრანკლინმა სიმღერა ბაპტისტურ ეკლესიაში, პროფესიული კარიერა კი 18 წლიდან დაიწყო.

ლეგენდარულ მომღერალს კარიერის განმავლობაში Grammy-ი 18-ჯერ აქვს მიღებული. საერთო ჯამში არეტა ფრანკლინის სიმღერების 75 მილიონი დისკია გაყიდული.

ზაზა ბეჟაშვილი - ზუზუ

2018 წლის 17 აგვისტოს მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი 40 წლის ასაკში თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. ზუზუ ბეჟაშვილი 2012-2013 წლებში თამაშობდა პოპულარულ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კატო კირვალიძის (ნინო გაჩეჩილაძე) პირველი ქმრის როლს ასრულებდა. როლმა მსახიობს პოპულარობა და ქართველი მაყურებლების სიყვარული მოუტანა. 2013 წელს ბეჟაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა უკრაინის, საქართველოს, სომხეთის და საფრანგეთის კინემატოგრაფისტთა ერთობლივი ფილმში „ფარაჯანოვი“.

2016 წელს ითამაშა ეპიზოდური როლი რეზო ესაძის ფილმში — „თვე, როგორც ერთი დღე“.

ზუზუ ბეჟაშვილი პირველად ოფიციალურად დაქორწინდა 2018 წელს, მისი რჩეული თამარ ორაგველიძე იყო, რომელიც ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო.

მსახიობმა უკანასკნელად ითამაშა ერეკლე ბადურაშვილის თურქულ-ქართულ ფილმში „ხიდი“, სადაც მას პარტნიორობას მსახიობები მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ქრისტინე იმედაძე, გიორგი გურგულია და დათო დვალიშვილი უწევენ. ფილმი ორ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულ ძმაზე და საბჭოთა ტერორზე გვიამბობს, ბეჟაშვილმა სურათში „კაკებეშნიკის“ როლი შეასრულა, სურათი ეკრანებზე 2018 წლის ბოლოს გამოვა.

თამაზ ჭილაძიე

2018 წლის 28 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა თამაზ ჭილაძე - მწერალი, პოეტი და დრამატურგი, რუსთაველის დასახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, უკრაინულ, ესპანურ, იტალიურ, ჩეხურ და კიდევ სხვა რამდენიმე ენაზე.

თამაზ ჭილაძე ავტორია რამდენიმე ათეული პროზაული და პოეტური კრებულისა, მათ შორის: “ღია სარკმელი” (1958), “მზის საათი” (1962), “ივლისი” (1966), “მახსოვრობა”(1978), “ლექსები” (1987), “მზე დეკემბერში” (1999); პროზაული კრებულები – “გასეირნება პონის ეტლით”. შუადღე” (1963), “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?” (რომანი, 1965), “თეთრი კვამლი” (1967), “აჰა,მიიწურა ზამთარი” (რომანი, 1967), “მდგმურები” (1971), “აუზი” (1972), ”წერო”, “პოსეიდონის სასახლე”, “კაქტუსის ბაღი”, “ბრეიგელის მთვარე’’.

თამაზ ჭილაძის პიესების მიხედვით, სხვადასხვა დროს, სპექტაკელები აქვთ დადგმული რეჟისორებს: რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძეს, გიზო ჟორდანიას, გიგა ლორთქიფანიძეს.

თამაზ ჭილაძე ასევე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ჯონ მაკკეინი

2018 წლის 30 ნოემბერს გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. ვიეტნამის ომის გმირი, არიზონის შტატის ექვსგზის სენატორი, რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრი და პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ადამიანი, რომელიც ამერიკას 60 წელი ემსახურა, სიმსივნესთან ბრძოლას შეეწირა. ის 81 წლის იყო.

გარდაცვალების მომენტში მის გვერდით მეუღლე სინდი და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ერთი დღით ადრე, მაკკეინის ოჯახმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ სენატორმა აგრესიული მკურნალობის კურსი შეწყვიტა.

ერთი წლის წინ ჯონ მაკკეინი იუწყებოდა, რომ მას გლიობლასტომის, ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ, ის ძირითად დროს არიზონაში, სახლში ატარებდა, ვაშინგტონში კი სენატის სხდომებზე აღარ ჩანდა.

შარლ აზნავური

2018 წლის 1 ოქტომბერს ცნობილი მომღერალი ლეგენდარული შანსონიე და კომპოზიტორი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აზნავურის მუსიკალური კარიერა 80 წელზე დიდხანს გრძელდებოდა. საფრანგეთში მცხოვრებმა და სომეხი წარმოშობის შემსრულებელმა 180 მილიონზე მეტი მუსიკალური ჩანაწერი გაყიდა, მისმა კომპოზიციებმა კი 60-ზე მეტ ფილმში გაიჟღერა.

აზნავურმა პოპულარობა 1974 წლის ჰიტით She მოიპოვა. შარლ აზნავურს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი 2017 წელს გაუხსნეს.

რაც შეეხება მუსიკოსის პირად ცხოვრებას, ის სამჯერ იყო დაქორწინებული და ექვსი შვილი ჰყავდა. 1998 წელს ის CNN-მა საუკუნის ხელოვნად დაასახელა.

მონსერატ კაბალიე

2018 წლის 6 ოქტომბერს ოპერის მომღერალი, ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და გასულ თვეში ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

მონსერატ კაბალიე ცნობილი საოპერო მომღერალი იყო, რომლის კარიერა 50 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ის ლუჩანო პავაროტის და პლაციდო დომინგოს მსგავსად, მოღვაწეობდა მეტროპოლიტენ ოპერას, სან ფრანცისკოს ოპერასა და ვენის ოპერაში.

გარდა ამისა, ის ასევე ცნობილია ჯგუფ Queen-ის ვოკალისტ ფრედი მერკურისთან დუეტით სიმღერაზე Barcelona, რომელიც კაბალიეს მშობლიურ ქალაქ ბარსელონასაში 1992 წელს ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნიც გახდა.

სტენ ლი

2018 წლის 12 ნოემბერს ამერიკელი მწერალი, კომპანია „მარველის“ კომიქსების ავტორი, გამომცემელი, რედაქტორი და პროდიუსერი სტენ ლი 95 წლის ასაკში, ლოს ანჯელესის კლინიკაში გარდაიცვალა.

სტენ ლი, იგივე სტენლი მარტინ ლიბერი 1922 წელს რუმინეთიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში დაიბადა. 1939 წელს გასართობი ჟურნალისა და კომიქსების გამომცემლობაში დაიწყო ასისტენტად მუშაობა, 50-იან წლებში კი კომპანია „მარველში“ გადაინაცვლა, სადაც მრავალი ცნობილი სუპერგმირი შექმნა, მათ შორის: ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები, დოსტორი სტრეინჯი, ფანტასტიკური ოთხეული, რკინის კაცი, თორი, ადამიანი-ჭიანჭველა და სხვა.

იგი კომიქსების კომპანია „მარველის“ პრეზიდენტი იყო და „მარველის“ კომიქსების მიხედვით შექმნილ თითქმის ყველა ფილმში ე.წ. კამეო როლები ჰქონდა.

ჯორჯ ბუშ უფროსი

2018 წლის 1 დეკემბერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიმდინარე წლის აპრილში გარდაიცვალა მისი მეუღლე ბარბარა პირს ბუში, რომელთან ერთადაც ბუშმა 73 წელი იცხოვრა. მათ 5 შვილი, 17 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი ჰყავდათ.

ბუშ უფროსი აშშ-ის პრეზიდენტი ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იყო, 1993 წელს იგი არჩევნებში დემოკრატ ბილ კლინტონთან დამარცხდა.

ჯორჯ ბუშ უფროსი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, იგი მფრინავი იყო და ერთ-ერთი ოპერაციისას ჩამოაგდეს მისი თვითმფრინავი, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა, მთელი ეკიპაჟიდან მხოლოდ ის გადარჩა. ომიდან დაბრუნების ერთი კვირის თავზე კი იგი ბარბარა პირსზე დაქორწინდა და იელის უნივერსიტეტში ჩააბარა.

196 წელს იგი კონგრესში აირჩიეს, 1973 წელს სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კომიტეტს. 1976 წელს, ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობისას იგი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. 1980 წელს კი მან რონალდ რეიგანთან ერთად გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და მისი ვიცეპრეზიდენტი გახდა.

1988 წელს ჯორჯ ბუშ უფროსმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 1989 წელს უკვე ოფიციალურად ჩაანაცვლა რონალდ რეიგანი.

1992 წელს, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, იგი არჩევნებში დემოკრატ ბილ კლინტონთან დამარცხდა. ბევრი ექსპერტის მოსაზრებით, კლინტონის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა მილიარდერმა როს პერომ, რომელიც როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე იყო ჩართული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მან რესპუბლიკელების ელექტორატის გახლეჩა და ამის შედეგად ბუშისთვის ხმების ნახევრის წართმევა მოახერხა.

ნიკა რურუა

2018 წლის 4 დეკემბერს ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. ნიკოლოზ რურუა გარდაიცვალა. იგი იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 2008 წლის 9 დეკემბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე. იყო საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი.

იყო ავტორი იდეისა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების თაობაზე, რისი რეალიზაციაც თანამოაზრეებთან ერთად შეძლო კიდეც 2006 წელს. ამავე წელს თანამოაზრეებთან ერთად უხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სამშობლოში გადმოსვენების და მთაწმინდის პანთეონში მისი დაკრძალვის პროცესს.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics