08:39 - 13 Dec, 2018
2018-12-06 17:11:26, 729 ნახვა
საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი დაამტკიცა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ დღეს, მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად, თანმდევ საკითხებთან ერთად მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს“.

სკითხი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა. როგორც მან განმარტა, პროექტში ასახულია როგორც მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული ასევე, რედაქციული ხასიათის შენიშვნები.

ძირითადი ცვლილებები შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას.

პროექტით განმტკიცებულია საკანონმდებლო, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი ფუნქციები. პარლამენტის საქმიანობა ეფუძნება ღიაობისა და გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობის, ანგარიშვალდებულების, შრომის განაწილების, პროპორციულობისა და სამართლიანობის საწყისებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში მოცემულია პარლამენტის რეგლამენტის ზოგადი დებულებები, პარლამენტის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და მის მოადგილების უფლებამოსილებების მარეგულირებელი ნორმები.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმებს.

რეგლამენტის პროექტი აგრეთვე, აწესრიგებს პარლამენტის სათათბირო ორგანოების, პარლამენტის სესიის და სხდომის, საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის მონაწილეობასთან სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში, დარეგულირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების და გაუქმების პროცედურები.

რეგლამენტის პროექტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც უკავშირდება საპარლამენტო ზედამხედველობას, კონტროლსა და ანგარიშვალდებულებას.

სხდომის თავმჯდომარემ, პარლამერტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის სახელით VI და VII მოწვევის პარლამენტის წევრის, ნიკოლოზ რურუას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„მინდა გაუწყოთ, რომ გარდაიცვალა VI და VII მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ რურუა. მსურს პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახსა და ახლობლებს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ საკანონმდებლო საქმიანობა განაგრძო.

დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გამარტივებული წესით განსახილველად წარადგინა.

პროექტის მიხედვით, 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.

„პროექტს გამარტივებული წესით განვიხილავთ, რადგან კანონპროექტი ეხება მხოლოდ ვადის გადაწევას, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე. პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით დაწყებულია და უკვე ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. იმისთვის, რომ ავტორიზაციამ წარმატებით ჩაიაროს და არც ერთი ბაღი არ დაიხუროს, მოხდეს მათი შენარჩუნება ისე, რომ თავსებადი იყოს ახალ სტანდარტებთან, ვაძლევთ მათ მეტ ვადას. ეს ვადა იწურებოდა წლის ბოლოს, გადავწყვიტეთ ავტორიზაციის პროცესი გავუხანგრძლივოთ წელიწადნახევრით, 2020 წლის 31 დეკემბრამდე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრებმა ასევე, მხარი დაუჭირეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს თანმდევ 37 საკითხთან ერთად, რომელიც განსახილველად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.

პროექტის თანახმად, იცვლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყალიბდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის ორგანიზება, ბიუროკრატიის შემცირება.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად საგანგებო სიტუაციების მართვის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის გამოყენება ხდება. იმისთვის, რომ საგანგებო სიტუაციების ეფექტური მართვა განხორციელდეს, ეს სამსახური გადმოდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარლამენტის წევრებმა ასევე, მხარი დაუჭირეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის მიერ მესამე მოსმენით წარმოდგენილ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი I მოსმენით წარადგინა, რომელსაც სხდომაზე მხარი 81ხმით დაუჭირეს.

მომხსენებლის განმარტებით, კანონის პროექტი ითვალისწინებს, ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოებას.

„დღეს საზღვრები შეადგენს 8685 ჰა-ს ხოლო ცვლილების შედეგად ფართობი გაიზრდება 69 518 ჰა-ით და საბოლოო ჯამში იქნება 78404 ჰა. ეს ფართობები არ მოიცავს არც კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს და არც დასახლებულ პუნქტებსა და სოფლებს. ეს არის ძირითადად, სოფლების მიმდებარე ტერიტორიები. ყაზბეგის ეროვნული პარკი არის ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც გამოირჩევა ტურისტების მიზიდულობით. ეს იქნება კარგი ინიციატივა იმისთვის, რომ რეგიონი განვითარდეს. დაცული ტერიტორიების განვითარება არის ერთ-ერთი ის წინაპირობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ტურისტულად უფრო მეტად აქტიური გავხადოთ ესა თუ ის რეგიონი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით ცვლილება ეხება ასევე, კინტრიშის დაცული ლანდშაფტისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის რეკლასიფიკაციის შედეგად კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ჩამოყალიბებას, ალგეთის ეროვნული პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების (კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალისა და კინტრიშის ეროვნული პარკის), ჭაჭუნის აღკვეთილის, ყორუღის აღკვეთილის, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და თეთრობის აღკვეთილის კოორდინატების ასახვას კანონში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ასევე წარმოადგინა თანმდევი, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა დავაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის, ილტოს აღკვეთილის, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების (ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისა და ლაგოდეხის აღკვეთილის), ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის, ვაშლოვანის ეროვნული პარკის, ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის, ტახტი-თეფას ბუნების ძეგლისა და არწივის ხეობის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგად მიღებული ზუსტი კოორდინატების ასახვას კანონში.

კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ მუშაობა დაასრულა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა“​ - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics