14:59 - 16 Dec, 2018
2018-10-11 16:54:31, 395 ნახვა
ტაბლიაშვილი - დიმიტრი შაშკინი აბსურდული განცხადებებით ურტყამს თავდაცვის უწყებას და უნებურად ამერიკელებსაც

პოლიტიკური მიმომხილველი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებებს ეხმაურება.

ტაბლიაშვილი შეიარაღებულ ძალებში არსებულ ვითარებაზე შაშკინის შეფასებებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ჯარი პოლიტიკისგან თავისუფალია.

„ომი დაიწყო რუსეთმა! რუსეთმა ომი დაიწყო 1801 წელსაც, მანამდეც... გააგრძელა მე-19 საუკუნეში... შემდეგ 1921 წელს. 1992-93 წლებში, ანუ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მოახდინა სუვერენული ქვეყნის ორი ტერიტორიის პირველი ოკუპაცია. ხოლო შემდგომ, 2008 წელს, ისევ თავად დაიწყო ომი და ის მოჩვენებითი მშვიდობაც კი, რომელიც თითქოსდა სუფევდა ამ რეგიონებში, დაარღვია. შესაბამისად, 7 აგვისტოს (და მანამდეც) მომხდარი მთლიანად რუსეთის ბრალია ყოველგვარი მაგრამის, თუმცას და მსგავსების გარეშე.

ახლა მეორე - დამოუკიდებლად იმისა, რას ამბობს რომელიმე ერთი, თუნდაც ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კანდიდატი, სიმართლე არის სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა... შესაბამისად, როცა ის ცდება - მას უნდა მივუთითოთ და როცა სხვა ცდება - სხვას.

ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მოგახსენებთ ჩემს აზრს თავდაცვის ყოფილი მინისტრის - შაშკინის რამდენიმე უაზრო განცხადებაზე, რომელთა თანახმადაც, თურმე:

1. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ხელისუფლებამ სამხედრო ბაზაზე საარჩევნო უბნები გააუქმა და აკეთებს ყველაფერს, რომ სამხედროებს არ ჰქონდეთ საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა-საშუალება... მეტიც, შაშკინის თქმით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ეუბნებიან, თუ მათ არჩევანის გაკეთება სურთ, უნდა გამოცხადდნენ იქ, სადაც არიან ჩაწერილნი, თუმცა, იმავე დღეს უნდა დაბრუნდნენ უკან - ნაწილში.

რეალურად:

რამდენადაც ჯარი პოლიტიკისაგან თავისუფალია, ანუ, დეპოლიტიზებულია, სამხედრო მოსამსახურეები არ უნდა განიცდიდნენ ზეწოლას არავის, მათ შორის, არც მმართველი ძალის მხრიდან. ზეწოლის ბერკეტი, ან, გნებავთ, საშუალება იყო სწორედ ის, რომ სამხედრო ნაწილებში იყო გახსნილი საარჩევნო უბნები. აქედან გამომდინარე, სამხედროები, გაცილებით იოლად ასრულებდნენ უკანონო ბრძანებებს და არჩევანს არა მათი გულისძახილის, არამედ, სხვათა კარნახით აკეთებდნენ.

დღეს (სხვათა შორის, არასამთავრობოების ძალისხმევის შედეგად და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით) ასე აღარაა - ჯარისკაცები არჩევნებში მონაწილეობენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაწილიდან საარჩევნო უბანში სამხედრო მოსამსახურეები გადიან როტაციით (ისე, რომ ნაწილი არ ცარიელდება), შემდგომ კი (უმრავლეს შემთხვევაში სწორედ იმავე დღეს, რაც სწორია) ბრუნდებიან ამავე ნაწილში. თუ ვინმე, როგორც ამომრჩეველი, ცხოვრობს შორს (პირობითად, მარნეულში მოსამსახურე ცხოვრობს მესტიაში), ის, როგორც ამომრჩეველი, გადაწერილია ახლომდებარე (ამ შემთხვევაში, მარნეულის) საარჩევნო რომელიმე ოლქში.

2. ავღანეთიდან ვადამდელი როტაცია დაიწყეს. ხელისუფლების მიზანია, რომ შეიარაღებული ძალების კონტიგენტი იყოს გზაში და ვერ მოახერხოს ხმის მიცემა, როცა ავღანეთის კონტიგენტში ხმის მიცემის კენჭისყრა დადგება.

ესეც ბოდვაა - შეიარაღებული ძალების სამხედრო კონტიგენტის როტაცია არ უკავშირდება და არც შეიძლება უკავშირდებოდეს (საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების გათვალისწინებით), არჩევნებს ან რომელიმე სხვა შიდა პროცესს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ავღანეთში გაემგზავრა სამხედროთა კიდევ ერთი კონტიგენტი, რომელიც სპეციალურ უბნებში დააფიქსირებს არჩევანს, ხოლო დაბრუნებულები, შესაბამისად, საქართველოში გახსნილ უბნებში გამოცხადდებიან, ცხადია, სურვილის მიხედვით.

3. შაშკინის თქმით, თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს იარაღს, რომელიც არ სჭირდება და უარს ამბობს იმ იარაღზე, რომელსაც გვჩუქნიან. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, აბსურდული განცხადებაა.

საქართველოს თავაცვის სამინისტროს, ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) აზრით სჭირდება მეტი იარაღი და მეტი ბიუჯეტი. ადრე, წლების წინ (მაგალითად მაშინ, როცა საზ.მაუწყებელზე მქონდა საავტორო გადაცემა) არაერთხელ გამიკრიტიკებია კონკრეტული უწყება და ზოგადად მთავრობა, აღვნიშნავდი, რომ პერსონალური ხარჯი არის 80 %, ხოლო სხვა ხარჯი (მათ შორის შესყიდვებისა) არაუმეტეს 15 %-სა და ეს იყო ძალიან ცუდი. (ობიექტურობისათვის ვიტყვი, რომ ყველა მინისტრი უარყოფდა ამ შეფარდებას). ახლა, რამდენადაც ვიცი, პერსონალური ხარჯი 53 % ია (და სტანდარტებს აკმაყოფილებს), შეიარაღების შესყიდვაზე იხარჯება მინიმუმ 16 და მაქსიმუმ 21 % (რაც ასევე აკმაყოფილებს სტანდარტებს) და მშპ-ს 2% კი არის ბიუჯეტი (რაც ნატოს სტანდარტია). ეს კარგია.

ამავე დროს, ისიც ფაქტია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს წვდომა იარაღის ბაზაზე და ამ პროცესში დიდი წვლილი შეიტანეს ბ-ნმა ალასანიამ და ქ-ნმა ხიდაშელმა, აგრეთვე, ბ-ნმა იზორიამ (ვერაფრით დავასახელებ ბ-ნ ჯანელიძეს)... და კიდევ ვიტყვი, რომ იარაღის ნებისმიერი შესყიდვა ან საჩუქრად მიღება თანხმდება ჩვენს პარტნიორებთან და დაფუძნებულია ექსპერტიზაზე და საჭიროებებზე... შესაბამისად, ურტყამს რა თავდაცვის უწყებას, ბ-ნი შაშკინი, უნებურად ურტყამს მაგალითად ამერიკელებსაც“, - წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს
პრეზიდენტის ინაუგურაცია გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ფონზე ჩატარდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics