19:44 - 19 Nov, 2018
2018-08-14 10:27:01, 568 ნახვა
ტრამპის ხელმოწერით ძალაში შევიდა აქტი რომელშიც საქართველო მიჩნეულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი

დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (FY19NDAA) მოაწერა ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.

უწყების ცნობით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტი განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს.

„კანონის #1248 ქვეთავი, ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE). ქვეთავში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და ის ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმებით ნაკისრი ურყევი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, და რაც თავის მხრივ, რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული ქვეთავი საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გზავნილებსაც შეიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას.

ამასთანავე, კანონი მოუწოდებს ადმინისტრაციას შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების, განსაკუთრებით, რუსული აგრესიისა და საზიანო გავლენის უშუალო სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერას მოიცავს.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატო-ს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

კანონში დაფიქსირებულია ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.

საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობას აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„დედა სიდონიას თავისი საჯარო ქმედებების გამო, არც ერთ ეკლესიასთან კავშირი არ აქვს“ - საპატრიარქოს განცხადება
გვარამია: „რუსთავი 2“ უკიდურეს სივიწროვეში მცხოვრებ ოჯახს სახლს უყიდის

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics