07:19 - 18 Aug, 2018
2018-08-10 11:03:45, 938 ნახვა
პოლონეთის საგარეო მინისტრი: საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში

„საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში. გელით და გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, რათა ამ გზაზე დახმარება აღმოგიჩინოთ", - ამის შესახებ  პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან ვარშავის აჯანყების მუზეუმში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღონისძიების მონაწილეებს სპეციალური ვიდეო ჩანაწერით მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ღონისძიების სწორედ ლეხ კაჩინსკის სახელობის ვარშავის აჯანყების მუზეუმში გამართვის სიმბოლურ დატვირთვას - „არ არსებობს უკეთესი ადგილი იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც, მიუხედავად ძალის უპირატესობისა, არ იფიქრა მხოლოდ საკუთარ თავზე და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩაერთო"... მინისტრმა თავის მიმართვაში გაიხსენა 10 წლის წინ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქს, თბილისს უახლოვდებოდნენ. „მაშინ პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ გადაწყვიტა შეეკრიბა რეგიონის 4 ლიდერი და ყოყმანის გარეშე, ორგანიზება გაუკეთა თბილისში ჩაფრენას. პრეზიდენტ კაჩინსკის, ყველაზე უკეთ ესმოდა რუსული აგრესიიდან მომდინარე საფრთხე, მან იცოდა, რომ აუცილებელი იყო დაუყოვნებელი და ცალსახა წინააღმდეგობა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის მიმართ".

მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი აღნიშნავს, რომ „ათი წლის შემდეგ, პრეზიდენტი კაჩინსკის მიერ,  2008 წლის 12 აგვისტოს, თბილისში წარმოთქმული სიტყვები კვლავ აქტუალური რჩება: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ შესაძლოა ჩემი ქვეყანის, პოლონეთის ჯერიც დადგეს".

ვარშავის აჯანყების მუზეუმში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს წერილით მიმართა ასევე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აგრესია საქართველოზე იყო  ევროპის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში შემაშფოთებელი უფსკრული გააჩინა". პრეზიდენტის თქმით იმ ტრაგიკულ მოვლენების მნიშვნელობას სათანადო შეფასება მისცა აწგარდაცვლილმა პოლონეთის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის, ლიტვის, ესტონეთისა პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერთან ერთად და რაც ამავე დროს, გახდა „პოლონურ-ქართული მეგობრობის შესანიშნავი და შთამბეჭდავი ისტორიის ნაწილი".

„საქართველოს ეროვნული პოეტი შოთა რუსთაველი წერდა: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია" - ეს მნიშვნელოვანი შეგონება და ფასდაუდებელი რჩევაა. გამოვხატავ რწმენას, რომ გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესა და  აგვისტოს სამწუხარო მოვლენების წლისთავს, გვექნება არაერთი შესაძლებლობა ერთმანეთის უკეთესად ურთიერთშეცნობისთვის, ჩვენ ხალხებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

 

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics