08:13 - 23 Jun, 2018
2018-06-13 16:31:21, 399 ნახვა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოსაკითხ პირთა სია დაამტკიცა

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია და მუშაობის გრაფიკი დაამტკიცა

„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი" საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია დაამტკიცეს.

კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით საქმეში ბევრი მოწმეა, რომელთა ახსნა-განმარტებები ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ეს არის არასრული სია, რომელსაც შეიძლება დაემატონ სხვადასხვა პირები იმის მიხედვით, თუ როგორ გაგრძელდება კომისიის მუშაობა",- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სიის თანახმად, საქმეზე შემდეგი პირები გამოკითხებიან: ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი და ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე; მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე; საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები; საქმის სხვა მოწმეები, რომელთა ვინაობაც კომისიის მუშაობის დროს დროთა განმავლობაში დაზუსტდება; შს სამინისტროს წარმომადგენლები მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე; გამომძიებლები ანზორ ჟამერაშვილი, ირაკლი ფიფია, გიორგი ტაბატაძე, ლარისა ვიცინა, ირაკლი ცაგურია, გიორგი ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე; საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე, მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი, გიორგი გაბოძე; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; ექსპერტები სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, გულნაზ ტატუნაშვილი და მაია ნიკოლეიშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია; საჯარო სკოლების დირექტორები და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კომისიის წევრი, მამუკა  მდინარაძე მიიჩნევს, რომ  სიის პირველ ნაწილში უშუალო მონაწილეები უნდა იყონ,  შემდეგ  უშუალოდ გამომძიებლები და მათი ხელმძღვანელები, ხოლო ამის შემდეგ ზუსტად უნდა განისაზღვროს იმ პირთა სია, რომელთა გამოკითხვის აუცილებლობაც დადგება. სიის დამტკიცებამდე კომისიის წევრებმა მასში პირთა თანმიმდევრობაზე იმსჯელეს.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით,  ეს არის პირობითი, სავარაუდო სია, რომელიც შეიძლება შეიკვეცოს ან გაფართოვდეს. მან წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა კოლეგებს. „ჩვენ ვიძიებთ კონკრეტულ ფაქტს და კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე სად გადავალთ, ეს არის მსვლელობის საკითხი.  ჩემი თხოვნაა, შეფასებებში ვიყოთ ფრთხილი, ვინაიდან თქვენ ხედავთ, რამხელა პასუხისმგებლობა აიღო მმართველმა გუნდმა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, საქმე უნდა წავიდეს სააპელაციო  სასამართლოში განსახილველად და ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვაწარმოებთ გამოძიებას. ეს არის უპრეცედენტო რამ. ამიტომ ჩვენს შეფასებაში უნდა ვიყოთ ფრთხილი. ჩვენმა შეფასებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საქმის მსვლელობაზე. ამიტომ თითოეულს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს" , - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოთარ კახიძის მოსაზრებით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, კომისიის წევრების ვალდებულებაა, რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს ის, ვისი ბრალეულობაც შეიძლება გამოიკვეთოს, მხილებული უნდა იქნას და  შესაბამისი დასკვნა მომზადდეს.

დღესვე დეპუტატებმა კომისიის მუშაობის გრაფიკი დაამტკიცეს. კომისიის გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირაში 3 შეხვედრა  დაიგეგმა.  შემდეგი, მესამე, მეოთხე და მეხუთო სხდომა,  20, 21 და 22 ივნისს,  10:00-16:00 საათზე გაიმართება.

 

დღესვე კომისიის ფარგლებში 2 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, თითოეული სამკაციანი შემადგენლობით. აღნიშნულ ჯგუფებს სახელობითი შემადგენლობით კომისია ოთხშაბათს, მორიგ სხდომაზე დაამტკიცებს.  სერგი კაპანაძის განმარტებით, ერთი სამუშაო ჯგუფი იქნება პენიტენციალურ სისტემაში შესვლის მანდატით, ხოლო  მეორე -  დაკითხვის საწარმოებლად.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მზად არის ინტენსიური მუშაობა დაიწყოს. „მინდა ყველა დეპუტატს მოვუწოდო, რომ აქტიურად გაეცნონ მასალებს, რადგან ჩვენ რამდენიმე დღეში ახსნა-განმარტებისთვის კონკრეტული ადამიანების დაბარება უნდა დავიწყოთ", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics