04:05 - 22 Jun, 2018
2018-05-26 09:42:46, 657 ნახვა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ზეიმობს

100 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან - ეროვნული დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად და განსაკუთრებულად აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოების მეთაურები და მაღალი რანგის სტუმრები სტუმრობენ. მათ შორის არიან პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, სლოვაკეთის, ფინეთის და სომხეთის პრეზიდენტები. ასევე, ესტონეთის, მოლდოვას, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ბელარუსისა და რუმინეთის ვიცე-პრემიერები, ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტი და სხვები.

სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები  ეწვევიან. მათ შორის: ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ნოე რამიშვილის, ნოე ხომერიკის, გენერალ გიორგი კვინიტაძის, მამია ბერიშვილის შთამომავლები. ასევე, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.

მათი ინიციატივით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა.

ასევე, 26 მაისს, რუსთაველის თეატრის ფოიეში,  საზოგადოებას პირველად წარედგინება გენერალ გიორგი კვინიტაძის აღდგენილი შესამოსელი, მისი  ხელნაწერები და ხმოვანი ჩანაწერები.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საგანგებოდ ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

მთელი დღის განმავლობაში როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში გასართობი, კულტურულ-შემეცნებითი და სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო სივრცეები. რეგიონებში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება.

რუსთაველის გამზირზე განთავსდება სოლიდარობის ფონდის კუთხე, სადაც გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი - 100-ზე მეტი სტარტაპერი, ქართული და საერთაშორისო კომპანიები.

წელს, ერთდროულად გაიმართება წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია 6 ადგილას - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში.

ფიცის დადების ცერემონიალზე, ერთი საჯარისო ნაწილი, მკვლევარების დახმარებით აღდგენილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებით იქნება წარმოდგენილი. ჯარისკაცები, ასევე აღჭურვილნი იქნებიან იმ დროისთვის შესაფერისი იარაღით.

ფიცის დადების ცერემონიალს ლიტვიდან მოწვეული ორკესტრი გააფორმებს. საქართველოს ჰიმნს საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ოპერის გუნდთან ერთად შეასრულებს. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდება ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. ცერემონიალს გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრებიან.

26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება  17:10 საათი, ზუსტად ის დრო,  როდესაც  1918 წელს,  ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისში,  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში  100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება მოეწყობა. დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები და ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მასშტაბური საიუბილეო ღონისძიებები რეგიონებში კონცერტებით დასრულდება.  თბილისში კი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მაღალი რანგის სტუმრებისათვის და ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებისთვის საზეიმო კონცერტი გაიმართება.

21:00 საათზე, ,,ვარდების მოედანზე“ გაიმართება გალა კონცერტი ,,დიდებიდან თავისუფლებამდე“. სპეციალურად კონცერტისათვის ხუთმა ქართველმა კომპოზიტორმა   განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შექმნეს. დასწრება გალა-კონცერტზე ყველა მსურველს შეეძლება.

26 მაისს, 20:00 საათიდან საქართველოს დროშის ფერებში განათდება: თბილისის სატელევიზიო ანძა და მშვიდობის ხიდი.

საზეიმო ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

დღის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ტრადიციულად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლებს.

საერთო ჯამში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, საჯარო ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატიის გამოცემა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოაწყობენ პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ისტორიულ ფოტოგამოფენებს, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველ ღონისძიებებს.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics