16:39 - 15 Aug, 2018
2018-05-17 11:44:37, 695 ნახვა
რა არის ჰომოფობია

ვროპარლამენტის 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული: “ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერები ადამიანების მიმართ, რომელიც ეფუძნება წინასწარგანწყობას და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმსა და სექსიზმისა” (1). ჰომოფობიის, რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის ერთ რანგში განხილვა ერთი მხრივ, მიგვანიშნებს იმ სოციალური და ფსიქოლოგიური მექანიზმების მსგავსებაზე, რომლითაც აღიწერება თვითოეული ეს მოვლენა და მეორე მხრივ, ხაზს უსვავს ჰომოფობიასთან, როგორც საშიშ სოციალურ პრობლემასთან ბრძოლის მნიშვნელოვანებასა და აუცილებლობას.

მეცნიერებმა მხოლოდ 70 ათიან წლებში დაიწყეს ჰომოფობიის შესწავლა. მას შემდეგ, რაც 1973 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან ამოიღო, მეცნიერები სერიოზულად დაინტერესდნენ მიზეზებით, რომელიც განაპირობებს ძლიერ ნეგატიურ განწყობას ჰომოსექსუალთა/ ჰომოსექსუალობის მიმართ.

ცოტაოდენი რამ ტერმინის შესახებ

იმ შიშის ან ზიზღის აღსაწერად, რომელსაც ადამიანები გეების ან ჰომოსექსუალური ქცევის მიმართ განიცდიან ტერმინი ჰომოფობია პირველად ფსიქოთერაპევტმა ჯორჯ ვაინბერგმა (2) გამოიყენა. ვაინბერგი ამ მოვლენას ისევე აღწერდა, როგორც ჩვეულებრივ ფობიას: “ჰომოფობია, ეს ჩვეულებრივი ფობიაა. ავადმყოფური და ირაციონალური შიში, რომელიც ვლინდება ირაციონალურ ქცევაში, ადამიანის სურვილში – გაანადგუროს წყარო, რასაც მისი შიში უკავშირდება. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შიშის წყაროს ადამიანები წარმოადგენენ, ჰომოფობიური რეაქცია ძალიან ხშირად სასტიკ მოპყრობაში ვლინდება”. ვაინბერგის მიერ შემოტანილი განსაზღვრება უფრო ინდივიდუალურ ანტიჰომოსექსუალურ განწყობას აღწერს და სრულად ვერ გამოხატავს ჰომოსექსუალობის მიმართ კოლექტიური დამოკიდებულების შინაარსს; ფობია ადამიანის პიროვნულ, ხშირად გაუცნობიერებელ შიშს უფრო ჰქვია, აქ კი საქმე გვაქვს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის განწყობასთან “უმცირესობის” მიმართ, რომლიც საკმაოდ გააზრებულია.

კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულების აღსაწერად გამოიყენებოდა და ნეგატიური განწყობის სხვა გამოვლინებებთან (რასიზმი, სექსიზმი, ანტისემიტიზმი) პარალელებზე მიუთითებდა, “ჰეტეროსექსიზმია”. იგი აღწერდა იმ იდეოლოგიურ სისტემას, რომელიც უარყოფს, ცილს სწამებს და დევნის არაჰეტეროსექსუალური ქცევის ნებისმიერ ფორმას, პიროვნებას, ურთიერთობას ან საზოგადოებას. [Herek, G. M., 1990] მეცნიერული ანალიზის თვალსაზრისით, ყველაზე მორგებული ტერმინი მაინც სექსუალური წინასწარგანწყობაა (prejudice), რომელიც აღწერილობითი ტერმინია და სექსუალური ორიენტაციის გამო (ჰომო, ჰეტერო, ბისექსუალების მიმართ) უარყოფით დამოკიდებულებას აღნიშნავს.

ჰომოფობიის განსაზღვრება იმ მნიშვნელობით, რომლითაც დღეს იყენებენ, უფრო ფართოა, ვიდრე ვაინბერგისეული ტერმინი და პრაქტიკულად, მოიცავს ჰეტეროსექსიზმსაც და სექსუალურ წინასწარგანწყობასაც: “ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა”.

ჰომოფობიის ფსიქო-სოციალური საფუძვლები

ბოლო პერიოდამდე, როგორც წესი, მეცნიერები ჰომოფობიის გავლენას სწავლობდნენ ლგბტ ჯგუფსა და მის თვითოეულ წევრზე და ნაკლები ყურადღება ექცეოდა ჰომოფობიის, როგორც სოციალური პრობლემის შესწავლას, მისი წარმოშობის მიზეზებისა და დაძლევის გზების ძიებას. ხშირად იგივე ხდება, როდესაც ვსაუბრობთ სექსიზმის, რასიზმისა და ანტისემიტიზმის შესახებ.

შესწავლისა და ანალიზის თვალსაზრისით, ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა დისკრიმინირებული ჯგუფი, რაც ხელს უწყობს ჯგუფის სტიგმატიზაციას, როგორც მსხვერპლისა. ერთი შეხედვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მხოლოდ დისკრიმინირებული ჯგუფის ან კონკრეტული ადამიანის პრობლემაა და არა მთელი საზოგადოებისა.შედეგად, ყალიბდება მცდარი აზრი, რომ სექსიზმი, ანტისემიტიზმი, რასზიმი და ჰომოფობია ზემოქმედებს და ვნებს მხოლოდ იმ ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული ეს პრაქტიკა და გავლენას არ ახდენს მის მატარებელზე ან ჯგუფზე.

ამ თავში, შევეცდებით გაჩვენოთ, თუ რა ფსიქოსოციალური საფუძვლები გააჩნია ჰომოფობიას, რა უწყობს ხელს მის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ დონეზე.

გრეგორი ჰერეკი [Herek, G. M, 1990] თვლის, რომ ინდივიდუალურ დონეზე გეებისა და ლესბოსელების მიმართ წინასწარგანწყობას ხშირად საფუძვლად უდევს ადამიანის სურვილი აიმაღლოს თვითშეფასება სხვა ადამიანის დამცირების ხარჯზე, დაამტკიცოს/გააძლიეროს მიკუთვნებულობა რომელიმე სოციალურ ჯგუფთან. მაგ. ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც ანათემას გადასცემს ჰომოსექსუალებს, ამით ამტკიცებს თავის რელიგიურ იდენტობას; მეორე ადამიანმა შეიძლება ბინძურად იხუმროს გეების ან ლესბოსელების შესახებ, რათა მეგობრების (ოჯახის წევრების, მეზობლების…) კეთილგანწყობა მოიპოვოს.

გარდა ამისა, წინასწარგანწყობების შენარჩუნება გეებისა და ლესბოსელების მიმართ ზოგ ადამიანს ეხმარება მოახდინოს საკუთარი არაადექვატურობის კომპენსირება და დაძლიოს შინაგანი ფსიქიური კონფლიქტი. გეებისა და ლესბოსელების განტევების ვაცად ქცევით, ზოგიერთი ჰეტეროსექსუალი ცდილობს გადალახოს საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა. გეებსა და ლესბოსელებზე თავდასხმით, ეს ადამიანები საკუთარი გრძნობებისაგან დისტანცირებისათვის ამ გრძნობების პროეცირებას ახდენენ სხვაზე. ეს კი შეიძლება განვიხილოთ როგორც ტიპიური ფობიური რეაქცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰომოფობია ინდივიდუალურ დონეზე მჟღავნდება მაშინ, როდესაც ინდივიდის მოთხოვნები იკვეთება კულტურულ იდეოლოგიურ შეხედულებებთან ჰომოსექსუალობზე. ინდივიდისათვის ანტიჰომოსექსუალური განწყობის გამჟღავნებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ საკუთარი თავის აღქმა მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთი სოციალური ჯგუფის წევრობასთან, რომელიც უარყოფს ჰომოსექსუალებს/ჰომოსექსუალობას. [Herek, G.M. 1991]

საზოგადოებაში ჰომოფობიის ხარისხზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჯგუფური (საზოგადოებრივი) იდეოლოგია, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული პროცესები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საზოგადოებრივი ლიდერებისა და მასმედიის პოზიციაც საკითხთან მიმართებაში.

აკადემიკოსი იგორ კონი [Кон И. С., 2003] შემდეგნაირად აღწერს იმ მაკროსოციალური ფაქტორებს;

1. სოციალური და კულტურული შემწყნარებლობის ზოგადი დონე საზოგადოებაში. ავტორიტარიზმი და შეუმწყნარებლობა განსხვავების მიმართ შეუთავსებელია როგორც სექსუალურ, ისე სხვა ყველანაირ პლურალიზმთან. ტოტალიტარული აზროვნებისათვის, ადამიანი, რომელსაც “სხვაგვარად” უყვარს, პირველ რიგში იმიტომაა საშიში საზოგადოებისათვის, რომ დისიდენტია. საზოგადოება, რომელიც ცდილობს შარვლის სიგანისა და თმების სიგრძის უნფიცირებას, ვერც “განსხვავებული” სექსუალობის მიმართ იქნება შემწყნარებლური.

2. სექსუალური შფოთვის მაღალი ხარისხი. რაც უფრო ანტისექსუალურია კულტურა, მით უფრო მეტია მასში სექსუალური ტაბუები და შიშები. ასეთ სიტუაციაში, ადამიანისაგან, რომელსაც არ შეუძლია მიიღოს თავისი სექსუალობა, გულუბრყვილობა იქნება ველოდოთ შემწყნარებლობას სხვის მიმართ.

3. სექსიზმის, გენდერული და სქესობრივი შოვინიზმის დონე საზოგადოებაში. აგრესიული მასკულინობის კულტი მხოლოდ ქალების წინააღმდეგ როდია მიმართული. ის ხელს უწყობს ამგვარი იერარქიული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას მამაკაცთა საზოგადოებაშიც. ამის მკაფიო მაგალითები უხვადაა იზოლირებულ სივრცეებში, როგორიცაა ციხე ან ჯარი. (ამერიკელი სოციოლოგის, მაიკლ კიმელის [Kimmel M., 1997] აზრით, ჰომოფობია გამოხატავს არა იმდენად შიშს მამაკაცი ჰომოსექსუალის მიმართ, რამდენადაც ზოგადად სხვა მამაკაცების მიმართ).

4. ტრადიციული იდეოლოგიის ხასიათი, განსაკუთრებით რელიგია და მისი დამოკიდებულება სექსუალობასთან.

5. საზოგადოების სექსუალური კულტურისა და განათლების ზოგადი დონე. თუმცა, თავისთავად განათლება არ ათავისუფლებს ადამიანებს ცრურწმენებისაგან და წინასწარი განწყობებისაგან. თუმცა, გარკვეულ სიტუაციაში ეხმარება მათ დაძლევაში.

6. სოციო-პოლიტიკური ფაქტორები. ისევე როგორც სხვა სოციალური ფობიები და ჯგუფური სიძულვილის გამოვლინების ფაქტები ძლიერდება, ჰეტეროსექსიზმი ძლიერდება სოციალური კრიზისების დროს, როცა ვინმეს სჭირდება ხილული მტრის ხატი ან განტევების ვაცის პოვნა და ადვილად შესაძლებელია მორალური პანიკის შექმნა.

ყველა ეს ფაქტორი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ისინი კომპლექსურად მოქმედებენ და საბოლოო ჯამში განაპირობებენ ჰომოფობიის დონეს როგორც ცალკეულ ინდივიდებში, ისე მცირე სოციალურ ჯგუფებსა თუ საზოგადოებაში მისი სოციალურ-ისტორიული განვითარების კონკრეტულ ეტაპზე.

ჰომოფობიის გამოვლინების ხარისხისა და სიმძაფრის შესაფასებლად ხშირად სარგებლობენ გორდონ ოლპორტის [Allport, G. 1954] მიერ შემუშავებული წინასწარგანწყობათა შკალით;

1. ვერბალური აგრესია (სახელის დაძახება, სტერეოტიპიზაცია) – დამამცირებელი სახელების შერქმევა, დაცინვა, გაშარჟება. როცა უმრავლესობის წარმომადგენლები არაკორექტულად ხუმრობენ უმცირესობათა წარმომადგენლებზე (ხუმრობები უკავშირდება ნეგატიურ სტერეოტიპებსა და უარყოფით შეფასებებს). ხშირად მას სიძულვილის ენასაც უწოდებენ. უმრავლესობა ამას პრობლემად არ მიიჩნევს, თუმცა ეს მხოლოდ პირველი საფეხურია წინასწარგანწყობათა შკალაზე და გზას უხსნის აგრესიის უფრო მძიმე ფორმების გამოვლინებას.

2. იგნორირება (სოციალური მარგინალიზაცია) – უმრავლესობის წარმომადგენლები გაურბიან უმცირესობათა ჯგუფის წევრებს. ხდება მათი მარგინალიზაცია. უმცირესობათა ჯგუფი და მათთან დაკავშირებული საკითხები „უხილავი“ ხდება საზოგადოებისათვის.

3. დისკრიმინაცია (უარის თქმა უფლებებზე, შესაძლებლობების რეალიზაციაზე) – უმრავლესობა აქტიურ მოქმედებაზე გადადის და ცდილობს ვნება მიაყენოს უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს. მაგ. ხელი შეუშალოს განათლების მიღებაში, დასაქმებაში; უკრძალავს იმ სერვისებით სარგებლობას, რითიც უმრავლესობის წევრები სარგებლობენ და ა.შ.

4. ფიზიკური თავდასხმა (ფიზიკური ძალადობა, მკვლელობა) – უმრავლესობის წევრები ჯგუფურად ან ინდივიდუალურად თავს ესხმიან უმცირესობათა ჯგუფებს, სცემენ, ანადგურებენ ან ითვისებენ მათ ქონებას (მაგ. შავკანიანთა გასამართლება ლინჩის წესით, ებრაელებზე თავდასხმები ევროპაში და ა.შ).

5. განადგურება (მასობრივი მკვლელობები, გენოციდი) – უმრავლესობა ცდილობს ფიზიკურად გაანადგუროს უმცირესობათა ჯგუფი (მაგ. ჰოლოკოსტი და სიკვდილის ბანაკები, ამერიკელი ინდიელების მიზანმიმართული განადგურების პოლიტიკა, ეთნიკური წმენდა რუანდაში და სხვ).

ინტერნალიზებული ჰომოფობია

საზოგადოებაში არსებული ჰომოფობია მძიმედ აისახება ლგბტ ჯგუფის წევრებზეც. მთლიანი ჯგუფის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ჯგუფის წევრთა თვითშეფასებაზე, რაც შეიძლება სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდეს. თავდაცვის მიზნით ბევრი ჰომოსექსუალი ახდენს ჰეტეროსექსუალური ქცევის იმიტაციას; ბევრი მათგანი მთლიანად იკეტება ჯგუფში და ამჟღავნებს აგდებულ დამოკიდებულებას ჰეტეროსექსუალთა მიმართ (ჰეტეროფობია), ზოგი განიცდის სიამაყის ჰიპერტროფირებულ გრძნობას საკუთარი ორიენტაციის გამო და სხვ. თავის მხრივ, დაბალი თვითშეფასება შეიძლება გამომჟღავნდეს ავტოაგრესიულ მოქმედებებშიც (ნარკოტიკები, ალკოჰოლი, სუიციდი, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სურვილის არქონა – ცუდი კვება და დასვენება, არასრულყოფილი ინტიმური ურთიერთობები და სხვ). ზოგიერთი ადამიანი ინტერნალიზებული ჰომოფობიის გამო თრგუნავს საკუთარ სექსუალურ ინტერესსაც, მიმართავს ასექსუალური ცხოვრების პრაქტიკას. ამის ნიადაგზე შეიძლება გაძლიერდეს ქრონიკული შფოთვა და დაძაბულობა, ქვეითდება იმუნიტეტი, რასაც მივყავართ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის განადგურებამდე.

დისკრიმინაციული ციკლის გაანალიზების საფუძველზე, დომინიკ დივაისი [Davies D., 1996] გვთავაზობს ინტერნალიზებული ჰომოფობიის დაძლევის გზებს სხვადასხვა დონეზე.

* საკუთარი თავის მიღება ისეთად, როგორიც ხართ;

* თვითბრალდების ტენდენციის გადალახვა როგორც საკუთარ თავში, ისე სხვებში;

* იზოლაციის ნეგატიური შედეგების გაცნობიერება და გარშემომყოფებთან ახლო ურთიერთობების დამყარება;

* დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა (საკუთარი შეხედულებების ღიად გამოთქმა; ჩაგვრის ნეგატიური შედეგების ხაზგასმა – წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ თქვენ გაწყობთ ამგვარი მდგომარეობაში ყოფნა; დადებითი როლური მოდელების შექმნა და დემონსტრირება; დისკრიმინირებულთა მხარდაჭერა და სხვ).

სხვადასხვა სოციალური ფობიების კვლევისას მეცნიერებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს მათი წარმოშობის შესაძლო წყაროების, გავლენებისა და ზემოქმედების მექანიზმის ახსნაში. თუმცა, მარტივი პასუხი იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს ფობიები, არ არსებობს. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, რომელიც სექსიზმის, რასიზმის, ანტისემიტიზმისა და ქსენოფობიის სხვადასხვა ფორმების დაძლევაზეა მიმართული, გვაჩვენებს, რომ ინდივიდუალური და სოციალური შემწყნარებლობის ხარისხი იზრდება განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეუქცევადია ეს პროცესები. ევროპასა და ამერიკაში რასიზმისა და ანტისემიტიზმის ადგილს ისლამოფობია იკავებს, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შიშს “იდეოლოგიური უცხოს” მიმართ რელიგიური და ეთნიკური შეუმწყნარებლობა და ჰომოფობია ჩაენაცვლა. ლიბერალურდემოკრატიული ფასეულობების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი ამ ფასეულობათა შენარჩუნებისათვის ზრუნვასა და უწყვეტ სამოქალაქო აქტივობას მოითხოვს.

კვლევის და სტატიის ავტორი: ეკა აღდგომელაშვილი



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics