23:25 - 16 Aug, 2018
2018-05-05 18:30:53, 849 ნახვა
ეროვნულ არქივში ვიტორიო სელას ფოტოგამოფენა გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, ფოტოფესტივალ „ქოლგას" ფარგლებში დღეს იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ფოტოკონკურს „ქოლგის" დამფუძნებელმა ბესო ხაინდრავამ და იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გახსნეს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ვიტორიო სელას ნამუშევრები, რომლებიც თავისი პირველი არაევროპული ექსპედიციების დროს ფირზე აღბეჭდა საქართველოში – სვანეთსა და რაჭაში, რომელთაც ის სამჯერ ესტუმრა 1889-1890 და 1896 წლებში. ამ ექსპედიციების დროს სელამ დალაშქრა და გადაიღო ოცდაათზე მეტი მწვერვალი კავკასიაში, მათგან ოცი კი პირველმა დაიპყრო. მოგვიანებით, საგანგებოდ კავკასიური ექსპედიციებისთვის, ვიტორიო სელას წმიდა ანას ორდენი მიენიჭა, რადგან მისი ღვაწლი, გარდა საკუთრივ ფოტოგრაფიისა და ალპინიზმისა, ფასდაუდებელი აღმოჩნდა ტოპოგრაფიული თვალსაზრისით - მრავალი მონაცემი გასწორდა გეოგრაფიის ევროპულ აკადემიურ გამოცემებში.

კოლექცია საქართველოს ეროვნულ არქივს 1983 წელს მთარგმნელმა და რეჟისორმა, რევაზ (რეზო) თაბუკაშვილმა გადასცა. მან სელას ნამუშევრებს იტალიაში მიაკვლია. კოლექცია აერთიანებს სვანეთისა და რაჭის ამსახველ ეთნოგრაფიული ხასიათის პორტრეტებსა და მხატვრულ პეიზაჟებს, რომლებიც ვიტორიო სელამ საქართველოში მოგზაურობისას გადაიღო. ამავე კოლექციაშია დაცული ვიტორიო სელას ორი პორტრეტი: ერთზე სელა საქართველოშია გადაღებული ექსპედიციის დროს. მეორე ფოტოზე კი უკვე ასაკოვანი ფოტოგრაფია იტალიაში ყოფნისას.

აღსანიშნავია, რომ ვიტორიო სელას ფოტოგრაფია დიდწილად განსხვავდება თავის თანამედროვეთა დოკუმენტური ხასიათის ფოტოგრაფიისგან. ის უტყუარი მხატვრული ალღოთი ასახავს და აფიქსირებს მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპელისთვის უცხო, ეგზოტიკურ ყოფას, ადათებს, ეთნოგრაფიულ ტიპაჟებს და მაღალმთიანი საქართველოს ბუნებას. სელა, როგორც ინგლისური კლუბის "40X40" წევრი, კატეგორიულად არ იყენებდა ოპტიკური მასალის შემცირება-გადაღების მეთოდს და დიდი ზომის მინის ნეგატივებიდან კონტაქტურად ბეჭდავდა ფოტოებს საკუთარი გამოგონილი ქიმიური პროცესით, რითაც დიდ მხატვრულ გამომსახველობას აღწევდა.

ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 13 მაისამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



აჭარაში 3 დღეში დიარეით და კვებითი ინტოქსიკაციით 288 ადამიანმა მიაკითხა სტაციონარს
სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics