21:15 - 22 Jun, 2018
2018-02-23 20:22:03, 1340 ნახვა
პარლამენტმა, აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. 

კომისიის შექმნის მომხრე 15 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - 22.

უმცირესობის მიერ ინიცირებული პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, „ ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ წარადგინა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, საკითხი პარტიულ ოპონირებას სცილდება და მომხდარის დადგენა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს კომისიის შექმნა, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხს უკავშირდება.

დეპუტატის შეფასებით, კომისიის შექმნა იქნება პარლამენტის გზავნილი, რომ პარლამენტი საპარლამენტო კონტროლის ფუნქციას იღებს თავის თავზე.

მომხსენებელმა ასევე უპასუხა პარლამენტის წევრების კითხვებს, რის შემდეგაც ცალკეულმა დეპუტატებმა, ფრაქციების წარმომადგენელებმა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გამოხატეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, დადგენილების პროექტის თუნდაც სათაური იმთავითვე მიუთითების ოპოზიციის წინასწარ განწყობასა და გეგმაზე, დამოკიდებულებაზე, თუ რა შედეგი სურს მიიღოს ოპოზიციამ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით. ის ფაქტი კი, რომ კომისიის შექმნა ოპოზიციამ თავიდანვე მოითხოვა და არ დაელოდა გამოძიების დასრულებას, უმრავლესობის წევრების აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციისთვის ეს უფრო პოლიტიკური და პარტიული საკითხია და არა ადამიანის უფლებების დაცვაზე წუხილი.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა შეიცვალოს კომისიის სახელწოდება იმ შემთხვევაში, თუკი მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შექმნის შესახებ.

„მინდა გაგახსენოთ 2017 წლის 15 ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უზრუნველეყო მყისიერი, სიღრმისეული, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება. აქვე ევროპარლამენტმა თქვა, რომ მას მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი იღონოს, გაიღოს ყველა ძალისხმევა, რათა გაარკვიოს, ნათელი მოჰფინოს, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ თუ არა ამ გაუჩინარებაში. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი გზაა, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, და განსაკუთრებით, პარლამენტის მხრიდან, რომ ეს გამოძიება იყოს სიღრმისეული, გამჭვირვალე და ეფექტური. ყველაზე კარგი გზა არის, რომ შეიქმნას ეს დროებითი საგამოძიებო კომისია, მიუხედავად იმისა, სათაური მას რა ერქმევა“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი ყველა არგუმენტი იყო პოლიტიკური. „ამ საქმეში კითხვის ნიშნები მართლაც არსებობს, აქ დაგეთანხმებით, ამ კითხვებს მართლა უნდა გაეცეს პასუხი, საზოგადოებას კითხვები აქვს, არის გარკვეული ვერსიებიც, ეჭვებიც, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ ჩაწერეთ სათაურში და ტენდენცია აქ გამოჩნდა, სწორედ ამას ვსაუბრობდით. როდესაც მე წარმომდგენს ვეკითხებოდი იმის შესახებ, რომ რას გააკეთებს კომისია განსხვავებულს პროკურატურისგან, აქაც, სამწუხაროდ, პოლიტიკური პასუხები მოვისმინეთ. ვერ მოვისმინეთ სამართლებრივი პროცედურა, რა სამართლებრივი მექანიზმებით, პროცედურებით და საპროცესო მოქმედებებით უნდა მივიდეთ რაღაც შედეგამდე”, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას, რომელიც მისი შეფასებით, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით საუბრობს.

„მე სამართლებრივი არგუმენტები, შესაბამისი პროცედურების დაცვით, როგორ უნდა მივიდეთ კონკრეტულ შედეგამდე, დღეს არ მომისმენია. შესაძლებელია, ვიღაცამ თანხმობა განაცხადოს თქვენს წინადადებაზე, შესაძლებელია ვიღაც წინააღმდეგი იყოს, ვიღაცამ თავი შეიკავოს, მაგრამ რეალობა არის ეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც რეალურად და ობიექტურად რომ ვთქვა, მყარი არგუმენტები ამ კომისიის შესაქმნელად არ ყოფილა, თორემ კითხვის ნიშნები რომ არსებობს და ამაზე პასუხი უნდა გასცეს სახელმწიფომ, საგამოძიებო ორგანოებმა, ეს უდავოა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკითხის განხილვის დასასრულს კოლეგებს მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის კონსტრუქციული გარემო, რომელშიც ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, პარლამენტს აქვს ლეგიტიმური ინტერესი, რომ თვალი მიადევნოს ამ საკითხზე გამოძიების პროცესს.

„აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ თქვენ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენეთ თავდაპირველად მაშინვე და არ დაელოდეთ ელემენტარულად გამოძიებას, შესაბამისად, თქვენი ის არგუმენტი, რომელსაც დღეს ამბობთ, რომ გამოძიებამ ვერაფერი ვერ დაადგინა და ახლა დროა შევქმნათ საგამოძიებო კომისია, მინიმუმ არაგულწრფელია, იმიტომ რომ თქვენ თავიდანვე მოითხოვეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც იყო პირველი სიგნალი იმის, რომ თქვენთვის ეს უფრო მეტად პოლიტიკური და თქვენი პარტიული საკითხია, ვიდრე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ რაიმე წუხილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იგი გამოძიების საკითხსაც შეეხო: „რაც შეეხება თვითონ გამოძიებას. აქ არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც დავინახეთ თქვენს გამოსვლებში - ეს არის მტკიცებით საუბარი იმაზე, რაზეც ამბობთ, რომ უნდა გამოვიძიოთ და დავადგინოთ. ერთი მხრივ, თქვენ ამბობთ, მოდით გამოვიძიოთ, დავადგინოთ რა ხდება. მეორე მხრივ, თქვენ, მტკიცებით ფორმაში საუბრობთ იმაზე, რის გამოძიებასაც გეგმავთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ უკვე იცით რის თქმასაც აპირებთ ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და ეს წინასწარ გაქვთ უკვე დაგეგმილი, რაც ბუნებრივია იმის ნდობას, რომ თქვენთან ერთად ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნით ჩვენ გავალთ იმ საერთო შედეგზე, იმ საჯარო ინტერესის პასუხებზე, რაზეც ჩვენ ერთად ვსაუბრობთ პარლამენტში, ამცირებს ნდობას ამ დეკლარაციის მიმართ“, - აღნიშნა მან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ის, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება სწრაფად ვერ სრულდება, არაა საქართველოს საგამოძიებო ორგანოების ბრალი, ვინაიდან დასაკითხ სუბიექტზე ხელმისაწვდომობა ამ ეპატზე უზრუნველყოფილი არ არის.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს შეზღუდვა პრობლემას შეუქმის პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც. მისი ინფორმაციით, ყველა საგამოძიებო მოქმედება, გარდა სუბიექტის დაკითხვისა, განხორციელებულია და ამ მიმართულებით საკმაოდ მასშტაბური სამუშაოა გაწეული.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე გამოძიებას ჯერ არ ამოუწურავს თავისი დრო და რესურსი და ვფიქრობთ, როდესაც ეს დრო და რესურსი ამოიწურება, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შემდგომ შესაძლოა, პარლამენტში დავუბრუნდეთ ამ საკითხის და საპარლამენტო კომისიის საკითხის განხილვას. შესაბამისად, ამ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, პარლამენტი და საპარლამენტიო უმრავლესობა ინარჩუნებს მაღალ ინტერესს, ჩვენ თვალს მივადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას და თვალს მივადევნებთ იმასაც, რომ პასუხები შეკითხვებზე საზოგადოებამ და პარლამენტის წევრებმა მიიღონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და იმედი გამოთქვა, რომ „გამოძიება დროს და იმ რესურსებს, რაც მის ხელთ არის, მაქსიმალურად გამოიყენებს იმისათვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვებს გაეცეს პასუხი“.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics