05:06 - 18 Aug, 2018
2018-02-14 19:00:09, 722 ნახვა
წულუკიანი ევროპის ბიზნესასოციაციას ესტუმრა და მედიაციის კანონპროექტი გააცნო

 

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროპის ბიზნესასოციაციას (EBA) ესტუმრა  და მის წარმომადგენლებს მედიაციის შესახებ კანონის პროექტი გააცნო. ღონისძიება ევროკავშირ-ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში „EBA“-ს ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და „EBRD“-ის  დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმებზე დისკუსია იყო.

თეა წულუკიანი  დამსწრე საზოგადოებას მედიაციის შესახებ კანონპროექტზე ესაუბრა, რომელიც კერძო დავების არაერთი კატეგორიის განხილვისათვის მხარეებს  ახალ მექანიზმს − მედიაციას სთავაზობს სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფარგლებში ან მის მიღმა. 

მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით აღიდგინონ დარღვეული უფლებები. მისი დანერგვა ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას განსახილველი დავებისაგან, რაც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. გარდა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებისა, მედიაციის განვითარება მნიშვნელოვნად განტვირთავს  რაიონულ (საქალაქო) თუ სააპელაციო სასამართლოებს და დაზოგავს  სახელმწიფოს სახსრებს, რომლებიც საჭიროა როგორც მოსამართლეთა კორპუსის გასაზრდელად, ისე ყოველი სასამართლო პროცესის სრულად ჩასატარებლად.

საქართველოში ბიზნესის დახასიათებისას მის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად გაჭიანურებული სასამართლო პროცესები სახელდება, რომლის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ქვეყანაში  დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზების არასათანადო    ფუნქციონირება იყოს.

მედიაციის წახალისებისა და მისთვის პირობების შესაქმნელად კანონპროექტი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს; მისი დაწყების, წარმართვისა და დასრულების წესებს; მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს; მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

„მედიაციის შესახებ“ კანონი იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის პროექტისა (EU4Justice) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის („USAID/PROLoG“-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)) ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა. საკანონმდებლო პაკეტი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს, ქვეყანაში მოქმედ მედიატორთა ასოციაციებს, ამ სფეროში მომუშავე სხვა ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მიღწეული ფართო კონსენსუსის შედეგია. მისი დეტალური პრეზენტაცია ევროპის ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს კანონშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე წაქაძემ წარმოადგინა.

პრეზენტაციის შემდეგ ამ საკითხებთან დაკავშირებით  თავიანთი პოზიცია გამოხატეს დევიდ ლიმ, გიორგი ცერცვაძემ, აკაკი ჩარგეიშვილმა, ლევან ჯანაშიამ; შეხვედრის ბოლოს კი, დისკუსია გაიმართა. 

ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

(NS)

 

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics