21:07 - 22 Jun, 2018
2018-01-13 17:44:32, 962 ნახვა
კალაძე მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

როგორც კალაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ამ თემაზე მან და თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტებები გუშინ გააკეთეს, თუმცა მათი კომენტარები კონკრეტულ სიუჟეტში საერთოდ არ გაუშვეს.

"საბედნიეროდ, წლები, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყო ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო სიმართლის მიწოდებაადამიანებისთვის, 2012 წელს ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს. მე ნამდვილად მიხარია, რომ დღეს საქართველოში მედია თავისუფალია. „ფეისბუქი“ ყველაზე მარტივი საშუალებაა, სადაც მე შემიძლია თქვენ პირდაპირ გესაუბროთ და გაგაცნოთ ის რეალობა, პროექტები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. როგორ ხდებოდა დღემდე - იყო იყო ყოველთვიური დანამატი და თანამდებობრივი სარგო. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო“, - განაცხადა კალაძემ.

მან იმ თანამდებობრივ სარგოებზე ისაუბრა, რომელსაც მისი წინამორბედების პერიოდში მერიის მაღალჩინოსნები იღებდნენ.

„მინდა წარმოგიდგინოთ გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თავად მერი - ბატონი უგულავა და მისი მოადგილეები. მაგალითად, აქ არის წარმოდგენილი სევდია უგრეხელიძე, რომლის წლიური შემოსავალი 89 243 ლარი იყო, თვეში საშუალოდ 7437 ლარი; შოთა ხიზანიშვილს მერზე მეტი შემოსავალი ჰქონდა - 101 336 ლარი და თვიური საშუალო შემოსავალი 8445 ლარი გამოდიოდა. ასევე მინდა დავით ნარმანიას მერობის პირობებში მისი თანამდებობრივი სარგო 38 160 ლარი იყო იყო წლიურად და თვეში გამოდიოდა დახლოებით  3180 ლარი. მისი მოადგილე ლაშა აბაშიძე - 73 475 ლარი იყო წლიური, ხოლო თვეში გამოდიოდა 6123 ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ხელფასები ექნებათ მისი ხელმძღვანელობის პირობებში მოადგილეებს. კერძოდ, კალაძის თქმით, მერის წლიური ხელფასი 38 160 ლარია (თვეში 3180 ლარი); ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე - წლიურად 75 600 ლარი (თვეში 6 300); რაც შეეხება დანარჩენ მოადგილეებს - მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და ილია ელოშვილს - წლიურად ხელფასი 73 800 ლარი ექნებათ (თვეში საშუალოდ 6150).

„მინდამოსახლეობას ჰქონდეს სწორი და ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ არ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც რა თქმა უნდა, დააზიანებს თბილისის მერიას, პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებს და ზოგადად, ცუდი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ არასდროს ასეთ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ. ხელფასების გაორმაგება შეიძლება მაშინ, როდესაც ქალაქში ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და აქტუალურია. ასე რომ რაც არ უნდა ტყუილი ილაპარაკოს პარტიულმა ტელევიზიამ, ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.







სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics