21:54 - 22 Jul, 2018
2017-12-31 15:50:55, 3581 ნახვა
2017 წლის გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეთა ქრონიკა

საქართველოში  ყოველწლიურად საკმაოდ დიდია იმ  საქმეების რაოდენობა, რომელთა მიმართაც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი არსებობს. თუმცა,  ამ მხრივ ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე დატვირთული 2017 წელი აღმოჩნდა. „ექსპრესნიუსმა“ წლის ყველაზე გახმაურებული  სისხლის სამართლის  საქმეები შეაჯამა.

გთავაზობთ ხმაურიანი და ზოგიერთ შემთხვევაში დღემდე ბურუსით მოცული საქმეების ქრონიკას:

ყველაზე გახმაურებული სპეცოპერაცია თბილისში-ახმედ ჩატაევის ლიკვიდაცია

 ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა,  რა დროსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ლიკვიდაცია მოხდა. აღმოჩნდა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი  ახმედ ჩატაევია, რომელმაც  თავი აიფეთქა.

სპეცოპერაციის დროს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია

ოფიციალური ცნობით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს  სპეციალური დამატებითი ღონისძიებების გატარებას შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში აკავებენ 1 პირს.

სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დანებების თაობაზე.მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხორციელდება  ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სამართალდამცავების შეთავაზებაზე, რომ დანებდნენ, უარს აცხადებენ,  ხსნიან ცეცხლს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარებს ისვრიან. სპეცოპერაცია მიმდინარეობს მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმება უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის გათვალისწინებით. 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებიდან 2 პირის ლიკვიდაცია ხდება,  ხოლო ბინაში მყოფი ერთი პირი-ახმედ ჩატაევი თავს იფეთქებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი, ივანე გოლაშვილი  სპეცოპერაციის დროს იღუპება. იჭრება   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი, და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.

რა მიზნით შემოვიდნენ  დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოში, ჰყავთ თუ არა მათ აქ მოკავშირეები, იგეგმებოდა თუ არა საქართველოში ტერორისტული აქტის განხორციელება, კონკრეტულად  რა საფრთხეს გადაურჩა ქვეყანა?,-ამ  ძირითად კითხვებზე პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს, სპეცოპერაციიდან 34 დღის შემდეგ გასცა, როდესაც თბილისსა და ახმეტის რაიონში ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირისთვის და მათთვის საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში დახმარებისთვის 4 პირი დააკავეს, ხოლო მე-5 პირი დაკავებისას დაიჭრა. თუმცა, საზოგადოებაში ახმეტის რაიონში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ახალი კითხვები გააჩინა.

რატომ ესროლეს თავის არეში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს?

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით,  მაჩალიკაშვილმა დაკავებისას სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის ამოქმედება სცადა, რა დროსაც მის მიმართ თავის არეში გასროლა განხორციელდა. ამჟამად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის  მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.  ოჯახი კი ამტკიცებს, რომ  ახალგაზრდას ძილში ესროლეს. ისინი სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვენ. გამოძიება 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მაჩალიკაშვილი მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ბრალდებულად არ არის ცნობილი. დანარჩენ 4 პირს რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს, ბადურ ჩოფანაშვილსა და ზურაბ გორნაკაშვილს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

სუსში განმარტავენ, რომ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში და მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები  წარმოადგენდა.

ცნობილი გახდა სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს ერთი დაკავებულისა და ორი ლიკვიდირებულის ვინაობაც. დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე  შოაიფ ბორზიევია, ლიკვიდირებულები კი- რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

ახმედ ჩატაევი ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე იყო. იგი  "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ  ბატალიონს მეთაურობდა.

ე.წ. ციანიდის საქმე

2017 წელს მთელი  საზოგადოების ყურადღება  საეკლესიო სკანდალმა მიიქცია, რომელიც ციანიდის საქმის სახელითაა ცნობილი. საპატრიარქოს კარზე მომუშავე  დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე  პირველი ინსტანციის სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ  პატრიარქის გერმანიაში სამკურნალოდ ყოფნის პერიოდში შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი და გერმანიაში გამგზავრება გადაწყვიტა.

 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მამა გიორგი მამალაძე  სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიების თქმით,  მამაოს ბარგის დათვალიერებისას  ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი“ აღმოაჩნდა.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს კუსტარული წესით დამზადებული  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც  პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა.

 მამა გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, ხოლო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდება და  მას განზრახი მოუხსნა.

მამა გიორგი მამალაძეს ბრალი დღემდე არ უღიარებია. ის ასევე მიუთითებდა დაკავების მომენტში პროცედურულ დარღვევებზე. უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები თავდაპირველად ბევრისთვის აღმოჩნდა მინიშნება, რომ თავდასხმის სამიზნე პატრიარქი იყო.

აღსანიშნავია, რომ მამალაძის დაკავებიდან რამდენიმე საათში ქალაქ ბერლინში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ჩავიდა. ის უწმინდესის უსაფრთხოებას პირადად იცავდა. ადგილზე იყო  პატრიარქის დაცვის უფროსი,  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის სიძე სოსო ოხანაშვილიც, რომელიც ამბობდა, რომ  პატრიარქს საფრთხე არ ემუქრებოდა. მამა გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ  განაცხადა, რომ მას  სწორედ პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ.

სოსო ოხანაშვილი  საქართველოში  პატრიარქთან  ერთად დაბრუნდა და ჩვენებაც მისცა. მოგვიანებით კი ისევ გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ამჟამადაც იმყოფება.

მამა გიორგი მამალაძის დაკავებას სასულიერო პირებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილი პროკურატურის ვერსიას ემხრობა, ნაწილი კი პროცესებს უკავშირებს ბრძოლას, რომელიც მათივე მტკიცებით,საპატრიარქოში პატრიარქის ტახტის მემკვიდრის გამო მიმდინარეობს. მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ მამა გიორგი მამალაძე სრულიად უდანაშაულოა და  რაც მოხდა, არის „კაგებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა. მან საპატრიარქოში ჩრდილოვან მმართველობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროცესებს შორენა თეთრუაშვილი მართავს.

სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა,-ასე შეაფასა იმ დროინდელმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა  7 თვიანი განხილვის შემდეგ, მამა გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება.  საზოგადოების დიდ ნაწილსაც მიაჩნია, რომ საქმეზე ბევრი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.

ორ  დღეში დაკარგული სამი მოზარდის სიცოცხლე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ზოგადოება შეძრა და ბევრ თემაზე დააფიქრა. საქმე ეხება 1 დეკემბერს  სკოლის მოსწავლეებს შორის  მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მათ სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

 არასრულწლოვნების მკვლელობის ბრალდებით ორი მოზარდია დაკავებული. ასევე არასრულწლოვნების მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა 2 დეკემბერს  წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში 17 წლის მოზარდი დაჭრეს, რომელიც ასევე  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ თბილისში დააკავა.

 კანიბალიზმის გახმაურებული საქმე

კანიბალიზმის საქმე გახმაურებულ საქმეებს შორის ერთ-ერთია, რომელმაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მართალია, ეს შემზარავი ფაქტი 2016 წელს მოხდა, თუმცა საქმეზე განაჩენი  2017 წელს დადგა.

არასრულწლოვანი ირმა ყოჩიაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით  ჩადენილი დედის მკვლელობისთვის გაასამართლეს. გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის 19 ოქტომბერს ირმა ყოჩიაშვილმა  და მისმა მეგობარ მა ბექა შენგელიამ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი თავისივე სახლში ელექტროშოკერით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. მისი გვამი ჩანთაში მოათავსეს და ავტომანქანით გადაიტანეს ბექა შენგელიას  ნაქირავებ ბინაში, სადაც სხეული დაანაწევრეს, ხოლო შემდეგ  ქ.თბილისის შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ყოფილ ნაგავსაყრელზე დაწვეს.  ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული ბექა შენგელია მსხვერპლის სხეულის სხვა მიზნით გამოყენების ნაწილში გამართლდა, ხოლო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს და უვადო მიუსაჯეს. ირმა ყოჩიაშვილს კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ასევე, რამდენიმე პირი პასუხისგებაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის   მიეცა.

აფგან მუხთარლის  საქმე

2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი  აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინდარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს.  მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა.  როგორც ამბობენ,  არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. თავად მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან პოლიციელის ტანსაცმელში მყოფმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს. ამჟამად მუხთარლი აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. საქართველოში მის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით   მიმდინარეობს.აზერბაიჯანში,  მუხთარლის საქმეს ბელაქანის რაიონული სასამართლო განიხილავს.

მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.

ემრე ჩაბუქის დაკავება

2017 წლის 24 მაისს საქართველოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს.

მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მოხსენიებული თურქული მხარის მიერ, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 25 ნოემბერს კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა.

თურქი პედაგოგი საქართველოში 15 წელია ცხოვრობს. იგი  2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის მრავალი საგანმანათლებლო პროექტისა და იდეის ავტორი საქართველოში. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

ჩაბუქსა და მის ოჯახს, 7 ივლისს,  უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში, რადგან ეს გადაწყვეტილება, მათივე შეფასებით, არსებითად დაარღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და რადიკალურად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ  ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს.

პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი 33 წლის პაატა პავლიაშვილის საქმე

25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე  მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის დროს საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ. კონფლიქტში ახალგაზრდა კაცი ჩაერთო. სამართალდამცველებმა ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაკავებისას  იგი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. თვითმხილველთა ნაწილი მომხდარში პოლიციას ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი სამართალდამცველებს ეუბნებოდა, რომ ცუდად იყო, თუმცა ისინი მას უხეშად ექცეოდნენ. საპირისპიროს აცხადებს მეორე ნაწილი და ამბობს, რომ პაატა პავლიაშვილი სამართალდამცველების მისამართით იგინებოდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამჟამად ცნობილია, რომ  პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების მიერ ნუცუბიძეზე მომხდარი ინციდენი და პირის დაკავება დაფიქსირებულიარ არის.კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ–ერთმა პატრულ ინსპექტორმა სამხრე კამერა მხოლოდ მამაკაცის შეუძლოდ გახდომისა და ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ ჩართო, მეორე ინსპექტორის სამხრე კამერა კი ჩართული საერთოდ არ ყოფილა.

ოთარ აბესაძის საქმე

2017 წლის 12 ივლისს ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი  ოთარ აბესაძე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აბესაძე ბრალს აღიარებს. ის ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატების თქმით, ოთარ აბესაძის  ფსიქოემოციური  მდგომარეობა მძიმეა.რამდენიმე პროცესზე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.  სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის  შეცვლის საკითხზე რამდენჯერმე იმსჯელა, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობა არც ერთხელ  დააკმაყოფილა.

ნარკოტიკები-ელისო კილაძის შვილის დაკავება, „ბირჟა მაფიას“ საქმე, „ბახალას“, თათარაშვილისა და კაჭარავას საქმეები

2017 წლის 13 მარტს სამართალდამცველებმა გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის უფროსი შვილი ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვის ბრალდებით დააკავეს. კილაძემ შვილის დაკავება საკუთარ საქმიანობას დაუკავშირა. დავით ხარშილაძე ირწმუნებოდა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს . მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ 13 ივლისის  სხდომაზე აღკვეთის გადასინჯვის გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო.დავით ხარშილაძე სასამართლო დარბაზიდან 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სექტემბერში კი  სასამართლომ დავით ხარშილაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.

„ბირჟა მაფიას“  წევრების დაკავება

მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას საქმეები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ბრალდებას უკავშირდება.

სამართალდამცველებმა ისინი 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს.  მოგვიანებით მათ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. რეპერები აცხადებდნენ,  რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. საბოლოოდ, ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების უქონლობის გამო, პროკურატურამ  მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

„ბახალას“ საქმე

ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის  ბრალდებით 29 იანვარს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე “ბახალა” დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დასკვნითი პროცესი 23 იანვარს ჩაინიშნა.

თემურ თათარაშვილის საქმე

საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი, მიხეილ თათარაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 15 მარტს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ თათარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა და 27 ივნისს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.7 ივლისს გამართულ პროცესზე კი გამართლდა. გამოძიება მას 18 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვას ედავებოდა, რასაც თათარაშვილი უარყოფდა.

თორნიკე კაჭარავას დაკავება

15 მაისს  კი პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ანა მარგველაშვილის კიდევ ერთი მეგობარი თორნიკე კაჭარავა  დააკავა. ანა მარგველაშვილი ირწმუნებოდა, რომ მის მეგობარს  ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.  17 ივლისს კაჭარავა წინასწარი პატიმრობიდან 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობა წლის დასასრულს

2017 წლის  25 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის“  სიის პირველი ნომერი, საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც ცნობილია, მკვლელობა პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას უკავშირდება. გარდაცვლილი საკუთარ შვილს გადაეფარა.

 

თეონა ნოზაძე



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics