08:55 - 20 Jul, 2018
2017-12-30 20:06:53, 2813 ნახვა
„კაცის კვლა რელიგიის სახელით“ - წლის შემზარავი ტერაქტები

თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და მას უდიდესი ყურადღება ეთმობა. არაჰუმანური ბრძოლის ეს ხერხი მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოყენებადი გახდა და უდიდეს მასშტაბებს აღწევს. დღეისათვის მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გმობს ტერორიზმს, განსაკუთრებით კი, განვითარებული ქვეყნები, რომლებმაც ტერორიზმთან ბრძოლა ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად აქციეს.

თანამედროვე ტერორიზმი ძალადობის მრავალ ხერხს იყენებს: აფეთქებება, თვითმკვლელობება, მძევლების აყვანა, სატრანსპორტო საშუალებით ხალხის მასობრივი მკვლელობა და სხვა. მსოფლიოში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების სამწუხარო სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელიც, წინა წლების მსგავსად, ტერაქტებით დაიწყო.

ტერორისტების პირველი სამიზნე, ისევე როგორც გასულ წელს, საქართველოს მეზობელი ქვეყანა, თურქეთი გახდა. ტერაქტი ჯიჰადისტებმა ახალი წლის ღამეს მოაწყეს. სტამბოლში, ღამის კლუბ Reina-ზე თავდასხმის დროს, ოფიციალური მონაცემებით 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 69 დაშავდა. შეიარაღებული პირი კლუბში მაშინ შეიჭრა, როდესაც იქ მყოფი ხალხი ახალ წელს ზეიმობდა. მსხვერპლთა შორის იყვნენ საფრანგეთის, ბელგიის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ისრაელის, ლიბანის, ლიბიის, იორდანიის მოქალაქეები. დაღუპულთა შორის სულ 16 უცხოელია. პასუხისმგებლობა ტერაქტზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. სტამბოლის თავდასხმას მოჰყვა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 10 იანვარს განხორციელებული ტერაქტი. პარლამენტის შენობასთან ახლოს, ორი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 51 ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაშიც “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. 18 იანვარს მალიში ტერორისტებმა სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე ავტომობილი ააფეთქეს, რასაც 77 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე კი, მძიმედ დაშავდა. აღნიშნული ტერაქტის შემდეგ, ჯიჰადისტებმა ერაყში გადაინაცვლეს და 15 თებერვალს შიიტებით დასახლებულ ორ რაიონში დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 56, დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა კვლავ ISIS-მ აიღო. 16 თებერვალს მსხვერპლით დასრულდა პაკისტანში მომხდარი ტერაქტი. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა სინდის პროვინციაში, სოფისტი ფილოსოფოსის და პოეტის ლალა შაჰბაზ კალანდარის მავზოლეუმის ტერიტორიაზე აფეთქება მოაწყეს. აღნიშნულს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თებერვლის ბოლოს ჯერი დადგა სირიაზე. 3 კვირის განმავლობაში სირიის სხვადასხვა რაიონში სულ 150-მდე ადამიანი დაიღუპა. 24 თებერვალს ქალაქ ელ-ბაბის შემოგარენში საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც 60 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი, დაშავდა. ამავე დღეს „ისლამურმა სახელმწიფომ“ კიდევ ერთი აფეთქება მოაწყო და 8 ადამიანი იმსხვერპლა. 11 მარტს სირი ქალაქ დამასკოში, ბაბ აბ საგირის სასაფლაოსთან ჯიჰადისტებმა ორი თვითნაკეთი ბომბი აამოქმედეს, რის შედეგადაც წმინდა სამარხების მოსანახულებლად ჩასული ერაყის 40-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა, 120 - დაშავდა. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 15 მარტს  დამასკო კვლავ კვამლში გაეხვა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც, ბოლო ინფორმაციით, 35 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი, დაშავდა.

ამის შემდეგ ტერორისტებმა მიზანში ევროპა ამოიღეს. 22 მარტს ლონდონში ორმაგი ტერაქტი მოხდა. თავდაპირველად ვესტმინსტერის ხიდზე, ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. მოგვიანებით კი, მოძრაობა განაგრძო და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ღობეს დაეჯახა. ბოროტმოქმედი ავტომობილიდან გადმოვიდა და პარლამენტში შესვლა სცადა, რა დროსაც პოლიციელი დაჭრა. ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და მისი ლიკვიდირება მოხდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, პოლიციელიც, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.

ტერორიზმის ფაქტი საქართველოს კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაში - რუსეთში დაფიქსირდა. 3 აპრილს მეტროსადგურებს "თივის მოედანსა" და "ტექნიკურ უნივერსიტეტებს" შორის აფეთქების ხმა გაისმა. დაიღუპა 15-მდე ადამიანი, 50 კი დაშავდა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ეს სანკტ-პეტერბურგის ისტორიაში მიწისქვეშა აფეთქების პირველი შემთხვევა იყო.

9 აპრილს  "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნე ქრისტიანი კოპტები გახდნენ, რომლებიც ეგვიპტის ორ კოპტურ ეკლესიაში ბზობას აღნიშნავდნენ. ტერორისტების ქმედებებს 37 ადამიანი ემსხვერპლა. ეგვიპტის ხელისუფლების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები თვითმკვლელმა ტერორისტებმა აამოქმედეს. პირველი აფეთქება მარ-გირგისის ეკლესიაში, ქალაქ ტანტაში მოხდა. ეს ქალაქი ქაიროს ჩრდილოეთით მდებარეობს. ტანტაში 43 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი, დაშავდა. რამდენიმე საათში აფეთქების ხმა ალექსანდრიის კოპტურ ეკლესიაში გაისმა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 66 კი დაიჭრა. ალექსანდრიის ეკლესიაში აფეთქების მომენტში კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი თეოდორე მეორეც იმყოფებოდა, თუმცა ის არ დაშავებულა. ამის შემდეგ, ჯიჰადისტების სამიზნე ისევ სირია გახდა. 15 აპრილს, სირიის ქალაქ ალეპოში ავტობუსებთან, რომლებსაც შიიტური დასახლების ევაკუირებული მცხოვრებლები გადაჰყავდა, აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 126 ადამიანი, მათ შორის 67 ბავშვი. 55-მდე ადამიანი დაშავდა. 

ე.წ ტერორისტული ომი მსოფლიოში ამით არ შეჩერებულა და "ისლამურმა სახელმწიფომ" მორიგ სამიზნედ ისევ ინგლისი აირჩია. 22 მაისს,  გვიან ღამით, "მანჩესტერ არენაზე", ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქებამ 22 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 12 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 120-მდე ადამიანმა მიიღო. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შემდეგ, 3 ივნისს, ლონდონის ხიდზე, თეთრი ფერის მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაიღუპა 8, დაშავდა 48 ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისევ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. 

ჯიჰადისტებმა უყურადღებოდ არც ირანის დედალაქი თეირანი დატოვეს. 7 ივნისს, აიათოლა ხომეინის მავზოლეუმზე და ირანის პარლამენტზე თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა 43 - დაშავდა. ტერაქტებზე პასუხიმგებლობა ISIS-მ აიღო. "ისლამური სახელმწიფოს" ბომბებს მიმდინარე წლის განმავლობაში ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობის ასობით ადამიანი ემსხვერპლა. გამონაკლისი არც ქალაქი ჰერატი აღმოჩნდა. შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა იქ მყოფებს ჯერ ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი, თავი აიფეთქა. აღნიშნულს სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა.

17 აგვისტოს ესპანეთში, კერძოდ კი, კატალონიაში 2 ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი, დაშავდა. მიკროავტობუსი რამბლეს ქუჩაზე ხალხის მასაში შევარდა. პოლიციამ 5 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ესპანეთის სამეფომ გლოვა გამოაცხადა და რამბლეს მოედანზე გარდაცვლილების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. ამასთან, გაიმართა გლოვის ცერემონია, სლოგანით - „მე არ მეშინია“.

ტერორიზმმა არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაურა გვერდით. 2 ოქტომბერს, მუსიკალურ ფესტივალზე სროლა იყო, რის შედეგადაც 59 ადამიანი დაიღუპა. 64 წლის სტივენ პედოკმა სასტუმროს ნომრიდან ფესტივალზე შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახერხეს. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ 42 ერთეული იარაღი აღმოაჩინა. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების თქმით, პედოკი მათი "ჯარისკაცი" იყო, რომელიც დაჯგუფებაში რამდენიმე თვით ადრე გაწევრიანდა. შეიძლება ითქვას, რომ 2001 წლის შემდეგ, ლას-ვეგასის თავდასხმა ამერიკის ისტორიაში, მსხვერპლის რაოდენობით ყველაზე მასშტაბური გახდა.

წელს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად მაინც სომალის ტერაქტი მიიჩნევა. 14 ოქტომბერს, სომალის ქალაქ მაგადიში ტერორისტებმა ორი სატვირთო ავტომობილი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ააფეთქეს. ტერაქტს 512 ადამიანი ემსხვერპლა.

21 ნოემბერს, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სამხედრო დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ აიღო. მხოლოდ 2017 წელს ნიგერიაში თავდასხმებს 278 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, ნიგერიაში ყოველდღიურად ათობით ადამიანი სხვადასხვა თავდასხმების შედეგად იღუპება.

24 ნოემბერს, ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად 309 ადამიანი გარდაიცვალა, სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა. ტერორისტებმა ლოცვის დროს მეჩეთში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, შემდეგ კი, ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს.

ტერაქტების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოს 10 ქვეყანაში დაფიქსირდა. ესენია: ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, სირია, პაკისტანი, იემენი, სომალი, სუდანი, თურქეთი, ლიბია. 2017 წელს ტერორისტების მიერ დაუზარალებელ ქვეყნებს შორის მოხვდა დანია, სლოვენია, ესტონეთი, ზამბია, მოლდოვა, ყატარი და ქუვეითი. ეს მონაცემები მოცემულია ტერორიზმის გლობალური რეიტინგის (Global Terrorism Index), კვლევაში, რომელიც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა (The Institute for Economics and Peace). საქართველო ანგარიშში 77-ე ადგილზე, უსაფრთხო ქვეყნების სიაშია. კვლევა მსოფლიოს 163 ქვეყანაში განხორციელდა და ჩვენი პლანეტის მთელი მოსახლეობის 99.6% მოიცვა.

ტერორიზმი საყოველთაო გლობალურ საფრთხედ უკანასკნელ წლებში იქცა, როცა მან საერთაშორისო ტერორიზმის ფორმა მიიღო და მთელ მსოფლიოს დაემუქრა. ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი კაცობრიობის ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. 2017 წელს ტერორისტებმა 59 ქვეყანაში სულ 1 904 თავდასხმა განახორციელეს. მათ ქმედებებს სულ 14 867 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 13 608 ადამიანი დაშავდა.

 

ბელა არუთინოვი



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics