22:15 - 22 Jul, 2018
2017-12-30 19:35:10, 2556 ნახვა
2017 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები

2017 წელი ქართული პოლიტიკისთვის   მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა.  შეიძლება ითქვას, რომ  2017  წლის 13 ოქტომბერი ისტორიული თარიღია და მას ხშირად ახსენებენ პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში,  მედიასა, თუ სამოქალაქო საზოგადოებაში.  სწორედ 2017 წელს დაიწერა და 13 ოქტომბერს დამტკიცდა   საქართველოს ახალი კონსტიტუცია-ქვეყნის უზენაესი კანონი.

კონსტიტუციური ცვლილებების შემუშავებისა და განხილვის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ცვლილებებზე  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში იმსჯელეს, მსჯელობის შედეგი კი მოგვიანებით საზოგადოებას  საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გააცნეს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების შემუშავების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა და მხოლოდ  მოგვიანებით, სახალხო განხილვის ეტაპში ჩაერთო.

 ამის მიზეზი  პრეზიდენტის  არჩევის წესში   მმართველი გუნდის მიერ  შემოთავაზებული ცვლილება გახდა, რომელიც ქვეყნის მეთაურის არაპირდაპირი გზით, პარლამენტის მიერ  არჩევას გულისხმობს.

ასევე, ცვლილებებით უქმდება  პრეზიდენტის  დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოც, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ნულოვანი ფუნქციის მატარებელია.

კომისიაში სულ 73 წევრი იყო წარმოდგენილი. მათ შორის - პარლამენტის წევრები, არა საპარლამენტო ოპოზიცია, ყველა კონსტიტუციური ორგანო, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კომისიის მუშაობას სხვადასხვა დროს  ოპოზიციური  პოლიტიკური პარტიები გამოეთიშნენ, ვინაიდან მათ მიაჩნია, რომ ახალი დოკუმენტი ერთპიროვნულია და „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება.

პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო, თუმცა მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით  საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. დეპუტატებმა 13 ოქტომბერს პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს  და  საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ  117 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაში 2018 წელს, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა. 2018 წელს  პრეზიდენტი   კვლავ ხალხის მიერ აირჩევა, ხოლო შემდეგ უკვე ამ ფუნქციას   300 ხმოსანი შეასრულებს.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, თუმცა  მოგვიანებით ახალი რედაქციის კონსტიტუციის ინიცირება მოხდა, კიდევ უფრო მოგვიანებით კი  მმართველ გუნდს უკვე დამტკიცებულ ცვლილებებში ცვლილების შეტანა მოუწია. როგორც ამბობენ,  აღნიშნულის მიზეზი ვენეციის კომისიის  მიერ ბოლოს წარმოდგენილი რეკომენდაციების  გათვალისწინება იყო. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

კონსტიტუციაში ყველაზე პრინციპული ხასიათის ცვლილება, ე.წ. ბონუსების სისტემის გაუქმებას ეხება. საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დატოვებასაც.

იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი. კერძოდ, პრეზიდენტობის კანდიდატს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ერთჯერადად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებს.

ერონული უშიშროების საბჭო უქმდება. კობახიძის თქმით, უშიშროების საბჭოს გაუქმება უპირობოდ აუცილებელი იყო, რათა არ ყოფილიყო დისონანსი კონსტიტუციურ სისტემაში.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, 2020 წლის ბოლოსთვის სრულად იქნება ამოქმედებული  კონსტიტუციის ყველა საკვანძო რეგულაცია.

1995 წელს მიღებული  კონსტიტუცია დღემდე 33-ჯერ შეიცვალა,   ყველაზე მეტი - 25 ცვლილება, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს განხორციელდა.

მინისტრთა კაბინეტის განახლება

წინასაახალწლოდ მინისტრთა კაბინეტში მასშტაბური ცვლილებები საზოგადოებისთვის უკვე უცხო აღარ არის. წელს მთავრობა  1/7-ით განახლდა, რის გამოც მათ პარლამენტმა ნდობა ხელახლა გამოუცხადა.

აღნიშნული სტრუქტურულმა ცვლილებებმა გამოიწვია, რომლის შედეგადაც სამინისტროების რაოდენობა 14-მდე მცირდება. მინისტრთა კაბინეტის ახალი  შემადგენლობა ასეთია:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ გიორგი კვირიკაშვილია.

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;

თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი;

საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე;

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;

გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი;

ფინანსთა მინისტრი - მამუკა ბახტაძე;

კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

მთავრობაში აცხადებენ, რომ სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანი  მმართველობის ეფექტურობის  გაზრდა და ბიუროკრატიული  ხარჯების შემცირებაა.  რა რაოდენობის თანხა გამოთავისუფლდება და რამდენ  ადამიანს შეეხება ოპტიმიზაცია, ეს ამ დრომდე ბუნდოვანია. სამინისტროების გაერთიანებისა  და რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის შედეგად დაზოგილი თანხების ოდენობა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაირკვევა.

რა შედეგი დადგება სტრუქტურული ცვლილებების გზით, ამას, ალბათ, დრო აჩვენებს, თუმცა  ოპოზიციას რაიმე დადებითის მოლოდინი არ აქვს. მმართველმა გუნდმა  ამ კუთხით მათი დარწმუნება ვერ შეძლო.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. განსაკუთრებით ვითარება  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრაზე დაიძაბა. ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია და პრემიერობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი. უფრო მეტიც, გიორგი კვირიკაშვილმა   ნიკა მელიას  უცენზურო სიტყვებით მიმართა, რის შემდეგაც სხდომა მთავრობის ყველა წევრთან ერთად  დატოვა. მოგვიანებით მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და მისი  მოქმედება  ღირსების დაცვით ახსნა.

„საზოგადოებას მინდა ბოდიში  მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენელმა, ყველას არ ეხება ეს,  შეძლო, რომ მდგომარეობიდან გამოეყვანა ჩემი თავი და  ეს არ იყო კარგი საყურებელი.

რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველა  სხვა დანარჩენი. ყველაფერი მანამდე რაც ხდებოდა იყო გამიზნული იმისთვის, რომ  ეს მომხდარიყო და მე ამას   ვერ დავუშვებდი.  თუმცა ვამბობ კიდევ ერთხელ, რომ ზედმეტი იყო ეს ემოციები“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინციდენტი მოხდა მეორე დღესაც. ნიკა მელიამ მისთვის განკუთვნილი დრო გამოიყენა და მთავრობა კვლავ მწვავედ გააკრიტიკა, რასაც  ხმაური მოჰყვა. თავად გიორგი კვირიკაშვილმა გაჩუმება ამჯობინა, მან მმართველ გუნდსაც სიმშვიდისკენ მოუწოდა.  ნიკა მელია მანდატურის სამსახურმა პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა.

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 2 დღის განმავლობაში მსჯელობდა. განხილვების დროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

საბოლოო ჯამში, მინისტრთა კაბინეტის  განახლებულ შემადგენლობას ნდობა 103-მმა დეპუტატმა გამოუცხადა, 17-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

არჩევნები 2017

2017 წელს ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო. მოსახლეობამ  64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აირჩია.

არჩევნებში „ქართული ოცნების“  კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს. მათ 50%-იანი ბარიერი მხოლოდ რამდენიმე რაიონში ვერ გადალახეს, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მერის არჩევნების მეორე ტურში  ოზურგეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დამარცხდა, დანარჩენ ოლქებში კი გამარჯვება კვლავ „ქართულმა ოცნებამ მოიპოვა.

აჩევნების პირველივე ტურში “ქართული ოცნების” თბილისის მერობის  კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 51,09% მიიღო.

მეორე ადგილზე 17,48%-ით ალეკო ელისაშვილი გავიდა, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ხმების 16,59% დააგროვა. ელენე ხოშტარიამ ამომრჩეველთა ხმების 7,11% მოაგროვა, ირმა ინაშვილმა კი 3.2%.

მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თავის კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.

“ყოველთვის ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის და იმის მომხრე ვიყავი, რომ გვესაუბრა მხოლოდ სასარგებლო იდეებზე და არა სიძულვილზე. სწორედ ამიტომ, ვაღიარებ კალაძის გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს. მე ვიბრძოდი არა სავარძლისა და კაბინეტისთვის, არამედ დედაქალაქის უკეთესი მომავლისთვის. თუკი კახა კალაძე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ქალაქი უკეთესი იყოს, მე მხოლოდ მივესალმები”, – განაცხადა ელისაშვილმა.

განსხვავებულ არჩევანს პატივი სცა ელენე ხოშტარიამაც. ხოშტარია მიიჩნევს, რომ „ევროპულ საქართველოს“ - ახლადშექმნილ პარტიას,  მოსახლეობის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს.

„მინდა, ასევე პატივისცემა გამოვხატო ყველა განსხვავებული აზრის მიმართ, ამომრჩევლის მიმართ, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა. „ქართული ოცნების“ არსებობა ქალაქის მმართველობაში მიგვაჩნია,  რომ სერიოზული პრობლემაა და კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია“,-აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების შედეგები არ სცნო და ხელისუფლება პროცედურულ დარღვევებში და კარუსელის გამოყენებაში დაადანაშაულა.

თამაზ მეჭიაურისა და  ლელა ქიტესაშვილის დაპირისპირება

თიანეთის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავა წარიმართა. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ  მეჭიაურმა გაიმარჯვა. თუმცა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა შედეგები არ სცნო და თიანეთში მეორე ტურის დანიშვნა მოითხოვა. ქიტესაშვილი ამბობდა, რომ მიღებული ხმების 50%-ზე მეტი არც ერთ კანდიდატს  მიუღია და ბარიერი გადალახული არ არის.

ლელა ქიტესაშვილმა ყველა ინსტანციის სასამართლო წააგო და თიანეთის მერის არჩევნებში გამარჯვებულის სტატუსი თამაზ მეჭიაურს დარჩა.

 

თეონა ნოზაძე



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics